ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში - დედოფლისწყაროს რაიონში მდებარეობს. მისი ფართობი დაახლოებით 25’000 ჰექტარია. ნაკრძალი 1935 წელს ნიკო კეცხოველისა და ვასილ გულისაშვილის მიერ დაარსდა. აქ მოხვედრისას თავი აფრიკის ველური ბუნების შესახებ რომელიმე შემეცნებითი გადაცემის გმირი გეგონებათ. ლანდშაფტი იმდენად გავს აფრიკულს, რომ მოგზაურებმა აქაურობას ქართული სავანა შეარქვეს. ეს არის ადგილი, რომლის სიმშვიდესაც გიურზები იცავენ.
ვაჟა ჩერქეზიშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვის ადმინისტრაციის უფროსი)
ეს მართლაც უნიკალური ტერიტორიაა, სამეცნიერო კუთხითაც, ტურისტული თვალსაზრისითაც, ზოგადად ასეთი გაშლილი სივრცეები, ბედლენდები, ესეთი მრავალფეროვნება ლანდშაფტებისა და მცენარეული ტიპებისა პატარა ტერიტორიაზე ასეთი სწრაფი ცვლა და ასეთი მრავალფეროვნება სხვა დაცულ ტერიტორიაზე არ შეიმჩნევა.
ის რაც ჩვენ ვიზუალურად უდაბნო, მთები და კანიონები გვგონია, სინამდვილეში ერთ დროს ზღვის ფსკერი იყო. მეცნიერების მტკიცებით კანიონის ბუნებრივ ლაბირინთებსა და მათ ფერდობებზე არსებული ნიჟარები ამის დასტურია. როგორც ამბობენ, ეს ნიჟარები სულ მცირე 2 მლნ წლისაა.
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
ვაშლოვანი წარმოადგენდა ზღვის ფსკერს რამოდენიმე მილიონი წლის წინათ როდესაც სარმატის ზღვა იყო ამ ტერიტორიაზე, ამის ნათელი მაგალითი, დოკუმენტური დადასტურებაა ის ნიჟარები ჩვენ უკვე ვიხილეთ ვაშლოვანის ნაკრძალის ტერიტორიაზე კლდეში ჩარჩენილი კლდეში ჩარჩენილი ნამარხების სახით.
პანტიშარის კანიონში გადაადგილებისას აუცილებლად შეხვდებით დიდი რაოდენობით მერცხლებს. ეს მერცხლების ქალაქია. მათ ბუდეებს ადრე გაზაფხულზე ბეღურები ეპატრონებიან, თბილი ქვეყნებიდან დაბრუნებულ მერცხლებს კი ქალაქის დასაბრუნებლად ბრძოლა უწევთ. მერცხლების ასეთ დიდ კოლონიებს საქართველოში სხვაგან ვერსად შეხვდებით.
მაშტაბური ტექნონიკა და მიწის პირამიდები, ხეობის გავლისას შთამბეჭდავი სანახაობა გელით. ეს პანტიშარის ხეობის ალესილებია, აქაურობას ბუნებრივის გარდა ისტორიული ღირებულებაც აქვს.
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
საქრთველოში შემოსული ყველა მტერი აღმოსავლეთიდან წამოსული შემოდიოდა ამ ტერიტორიიდან, პანტიშარის ხეობა იყო მათი მთავარი გზა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ 200’000 ქართველი, რომელიც გადაასახლეს ფერეიდანში სწორედ ამ ხეობაზე გაატარეს და ქეთევან წამებული რომელმაც ბოლო ღამე გაათენა ასევე ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე არსებულ შავი მთის დედათა მონასტერში, ხოლო შემდეგ დღეს, ისიც იმავე გზით - პანტიშარის ხეობით წაიყვანეს ირანში.
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები იშვიათი ფლორითა და ფაუნით გამოირჩევა, აქ 700-მდე მცენარეა აღწერილი, მათ შორის საკმლის ხის ტყეები. ტურა, მელა, მგელი, ფოცხვერი, გარეული ღორი, მაჩვზღარბა და ზღარბი. აქ 46 სახეობის ძუძუმწოვარი ბინადრობს, ყველა მათგანი ფოტო-ხაფანგის მიერ არის დაფიქსირებული
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
ფაუნის წარმომადგენლებიდან, როგორც უკვე აღვნიშნეთ ერთერთი უმნიშვნელოვანესი არის ქურციკი, მოიაზრება ასევე ვაშლოვანი იდეალურ საბინადრო გარემოდ ზოლებიანი აფთრის რომელიც საქართველოში ასევე იყო ისტორიულად და გადაშენდა. ვარაუდობენ რომ ვაშლოვანში შეიძლება კიდევ იყოს რამოდენიმე ინდივიდი შემორჩენილი, გამომდინარე იქედან რომ იდეალურ ჰაბიტატს წარმოადგენს ზოლებიანი აფთრისთვის. ასევე, უნდა აღინიშნოს ლეოპარდის არსებობა, რომელიც 2004 წელს გამოჩნდა პირველად მას შემდეგ სისტემატიურად ფიქსირდებოდა ფოტო-ხაფანგებში. თუმცა ბოლო რამოდენიმე წელია აღარ გამოჩენილა მაგრამ ვიმედოვნებთ რომ ვაშლოვანი კვლავ წარმოადგენს ლეოპარდის აქტიურ საბინადრო გარემოს.
ვაშლოვანის ტერიტორიაზე ქურციკის, იგივე ჯეირანის პოპულაციის აღდგენის პროგრამა მიმდინარეობს. დღეს აქ ამ სახეობის რამდენიმე ათეული წარმომადგენელი გვხვდება. რამდენიმე საათიანი ძიების შემდეგ კამერით ჩვენც შევძელით, ოღონდ შორიდან და სულ რამდენიმე წამით.
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
საქართველოში ისტორიულად ძალიან ბევრი ქურციკი იყო და საბინადრო არეალი ძალიან დიდ ტერიტორიას მოიცავდა, დაწყებული თბილისიდან გრძელდებოდა საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ საზღვრამდე და შემდეგ თავის მხრივ აზერბაიჯანშიც, მე-20 საუკუნის ბოლოს საბჭოთა კავშირის დროს ეს ცხოველი საერთოდ გადაშენდა საქართველოდან.
აქ ბუნება მაქსიმალურად პირვანდელი სახით და ხელუხლებლად არის შემორჩენილი. თუ ოდესმე აქ მოგზაურობას გადაწყვეტთ, გაითვალისწინეთ რომ მანქანით გადაადგილება რთულია. რთული რელიეფების გავლა ზოგ ადგილას საკმაოდ სახიფათოა. არწივის ხეობაში მოხვედრისას აღმოაჩენთ რომ ეს დიდი და ულამაზესი კანიონის დასაწყისია, თუ ნებისყოფა გეყოფათ და გაგიმართლებთ ისეთ ფრინველებს შეხვდებით როგორც შავი ყარყატი , მიმინო, სვავი და ქორია.
ვაჟა ჩერქეზიშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების დაცვის ადმინისტრაციის უფროსი)
უნდა აღინიშნოს რომ მტაცებელი ფრინველების დიდი მრავალფეროვნება არის, ფაქტიურად მთის არწივის გარდა, ყველა სახეობა გვხვდება და თითონ ვაშლოვანის დაცული ტერიტორია ამ სახეობების საბუდარ ადგილებს.
ვაშლოვანის ტერიტორიაზე ბუნებრივის გარდა ისტორიულ ძეგლებსაც შეხვდებით, ხორნაბუჯი, მეხუთე საუკუნის საოცარი და მისტიური ქმნილება, მიუვალი და აუღებელი, ეს ციხე-ქალაქი ცნობილმა მხატვარმა ზიჩმა შოთა რუსთაველის დასურათებისას ქაჯეთის ციხის პროტოტიპად გამოიყენა.
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
შაჰ-აბასმა თქვა - ამ ციხეს წვიმის წყლის ასავსები ამბრის გარდა ერთი წყაროც რომ ჰქონოდა, ვერცერთი დიდი ხელმწიფე ვერ დაიპყრობდაო.
თუ აქამდე ნანახი აფრიკას გაგონებთ, ტახტი-ტეფაზე არათუ სხვა ქვეყანაში, არამედ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდებით, ეს ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ყველაზე უჩვეულო ადგილია. ტახტი-ტეფას პატარა ბორცვები გამუდმებით ფეთქავს და თუხთუხებს. პატარა კრატერებიდან მუდმივად ჟონავს სამკურნალო თვისებების აირი და ტალახი, ბლანტ მასას ხშირად ნავთობი მოყვება.
ვაჟა ყოჩიაშვილი (ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის თანამშრომელი)
ვულკანები არ წარმოადგენს რეალურად ვულკანურ წარმონაქმნს, ეს არის სხვა სახის ვულკანები, ანუ გრუნტის წყალი ერევა, ნავთობს და გაზს და შემდეგ ამოდის ნავთობი არეული წყალთან და მიწასთან ერთად.
ავტორი: GDS