Tiseli Monsatery

Tiseli Monsatery

Short description: ახალციხის რაიონში, სოფელ თისელის მახლობლად რამდენიმე ძველი შენობის ნანგრევია დარჩენილი. თვით სოფელი თისელი მთაშია, აწყურიდან დასავლეთით, 5-6 კილომეტრითაა დაშორებული. სოფლიდან 1-1,5 კილომეტრზე, სამხრეთ- აღმოსავლეთით, მთის პატარა მდინარის მარჯვენა ნაპირას დგას გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევი. მის უკან (აღმოსავლეთით) შიშველი კლდეებია, მდინარის მეორე ნაპირზე კი ტყით დაფარული მთები. ეს შენობა, როგორც ხელოვნების ძეგლი, დაღუპულად შეიძლება ჩაითვალოს. მისი დასავლეთი ნაწილი მთლიანად დანგრეულია (ტაძართან თუ დასავლეთის მხრიდან მიხვალთ, თითქოს შენობის განივკვეთს ხედავთ), ქვის პერანგი ერთიანად შემოძარცულია. გადარჩენილი ნაწილების მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია საგრძნობლად შეუკეთებიათ. მისი გუმბათი შენობის სხვა ნაწილთაგან განსხვავდება, იგი აგურით და დამუშავებული ქვითა არის ნაგები. სხვადასხვა დროინდელი ფენები ირჩევა შენობის ქვემო ნაწილებშიც.

Additional information: თისელის გუმბათოვანი ეკლესიის შესახებ წერილობითი საბუთები არ მოგვეპოვება, მაგრამ შენობის გეგმისა და ხუროთმოძღვრული თავისებურებათა მიხედვით, იგი XIV საუკუნის მიწურულში, ან XV საუკუნის დასაწყისში უნდა იყოს აგებული.
გუმბათიანი ეკლესიის აღმოსავლეთით, კლდის ქიმზე, ციხის ნანგრევია, ხოლო ხეობის სიღრმეში, ოციოდე წუთის სავალზე - მეორე, უგუმბათო ეკლესია და მასთან დაკავშირებულ შენობათა მთელი კომპლექსი. ეს კუთხე ერთ-ერთი ულამაზესთაგანია მთელს სამცხეში. გუმბათიანი ეკლესიის ზემოთ ხეობა ვიწროვდება, ტყე გზამდე ჩამოდის. შემდეგ ხეობა ორად იყოფა და იქვე, მარცხენა ხეობის დასაწყისში, სადაც მოპირდაპირე კლდეები დიდად უახლოვდება ერთმანეთს, მოულოდნელად გამოჩნდება ახლახან ნახსენები უგუმბათო ეკლესია. იგი მარჯვნივ დგას, კედელივით შვეული კლდის საფეხურზე. გალავანი, რომელიც გზის პირამდის ჩამოდის, მისასვლელი გზა ამ გალავნის შიგნით, სხვა შენობები, მცენარეულობასა და ხავსშია ჩაფლული.
ბუნებრივ კლდეებსა და შენობათა ნანგრევებს ერთბაშად ვერც კი გაარჩევთ ერთმანეთისაგან. სადგომთა დიდი ნაწილი ახლა მიწის ქვეშაა. საფუძვლიანი გაწმენდისა და გათხრის გარეშე აქ ძნელად თუ გაირკვევა რამე.
თვით ეკლესია შედარებით კარგადაა გადარჩენილი. კედელ-კამარიანად დგას, საგანგებოდ ამოშენებულ ბაქანზე. კედლები თლილი ქვისაა. დასავლეთით კვადრატული კარიბჭეა. ყურადღებას იპყრობს კარიბჭის დიდი ვარსკვლავისებრი კამარა. ამგვარი კამარის უფრო კარგი ნიმუშები შეგვიძლია ვნახოთ ზარზმის ტაძრის კარიბჭესა და ზარზმისავე სამრეკლოში. სამხრეთის მხარეს ეკლესიაზე სამარხია მიშენებული.
გარედან ეკლესიას არავითარი მორთულობა არა აქვს, შიგნით კი მოხატულია. მხატვრობის გარჩევა ახლაც კარგად შეიძლება.
თისელის უგუმბათო ეკლესიაც აგრეთვე XIV-XV საუკუნეებში უნდა იყოს აგებული. როგორც ჩანს, აქ მონასტერი იყო.

Tiseli MonsateryChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 1232 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake