Region of Imereti (Page 1/5)
Ali St.Mary's Church
Church (Imereti - Khashuri district)
ალის დედაღვთისას ეკლესია თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9×6.2 მ.), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია – საბჯენი თაღი და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. გადახურვა ცილინდრული ქონია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.
Bagrati Cathedral
Church (Imereti - Kutaisi)
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.). იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
Bgheri cave natural monument
Natural Monument (Imereti - Tskhaltubo district)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.
Chain Bridge
Bridge (Imereti - Kutaisi)
ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.
Derchi St.Ioane's Church
Church (Imereti - Tskhaltubo district)
ეკლესია იმერეთში, მდებარეობს სოფელ დერჩის ცენტრში. სავარაუდოდ აგებულია XIV საუკუნეში. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ეს ნავი გვერდითი მინაშენებისაკენ თითო ფართო თაღით არის გახსნილი; განათებულია საკურთხევლის სამი და დასავლეთის კედელში არსებული ერთი სარკმლით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებში თითო სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე, ისევე როგორც მინაშენებისა გადახურულია კამარით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. დასავლეთის სათავსო –– ნარტექსი სამივე ნავთან კარით არის დაკავშირებული. ორსაფეხურიან ცოკოლზე დამყარებული ნაგებობა გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო –– მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით და დაგვირგვინებულია თარო – კარნიზით. ფასადები მოურთავია. დღეს მხოლოდ დასავლეთის სარკმელის ზედანს შემორჩა ცხოველების რელიეფური გამოსახულებები. შიგნით ეკლესიის კედლებს მთლიანად ფარავდა მოხატულობა. იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია.გადარჩენილი სცენების ფერადოვანი გამა ჩამქრალია. მხატვრობა რამდენიმე რეგისტრად ნაწილდება. ცენტრალური აფსიდის კონქში ორ მთავარანგელოზს შორის, წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის ქვემოთ :"ზიარების" ტრადიციული კომპოზიციაა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრში მხატვარს გამოუსახავს "მსხვერპლის თაყვანისცემა". ძირითადი ნავის კამარაში ცენტრალური გამოსახულების – ჯვრის აქეთ–იქეთ ამაღლების სცენის ორი ვარიანტია განაწილებული. ამ რეგისტრის ქვემოთ მოცემულია შვიდი ძირითადი სადღესწაულო სცენა: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, "ლაზარეს აღდგინება", "იერუსალიმად შესვლა", და ჯვარცმა. მათ შორის თავისუფალ ადგილებს წმინდანთა გამოსახულებები იკავებენ. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სცენა ეკლესიის წმინდანის იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან. საკურთხევლის წინ დადგმული კანკელის თაღედი მედალიონებით არის შემკული. ზედა მწკრივში მახარობელთა სიმბოლოებია მოცემული. ქვევით, წმინდანთა ნახევარფიგურული გამოსახულებებია.ეს რიგი უწყვეტად გადადიოდა ჩრდილოეთ მინაშენის კანკელზე,რომელიც დღეისათვის დაზიანებულია. ამ მინაშენის კონქში "ვედრებაა" წარმოდგენილი,ქვეშ კი ოთხი საეკლესიო მამა. ჩრდილოეთ კედელს ქტიტორთა რიგი მიყვებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ფიგურაღაა შემორჩენილი. შუაში ახალგაზრდა მამაკაცი, აქეთ-იქეთ კი მანდილოსნები. საერო პირის კიდევ ერთი ფიგურაა დასავლეთის მინაშენის პილასტრზეც. წარწერა არც ერთს არ შემორჩენია. ეკლესიის მოხატულობიდან დახვეწილი ნახატითა და მჟღერი კოლორიტით გამოირჩევა ამავე მინაშენის კედლებზე გამოსახული "განკითხვის დღის" ვრცელი კომპოზიცია. სამხრეთ მინაშენის კონქში წარმოდგენილია "საყდარი განმზადებული",ხოლო კედლებზე სხვა სცენებთან ერთად დახატულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი. დერჩის ნათლისმცემლის მხატვრობა XVII საუკუნით თარიღდება ცენტრალური საკურთხევლის ზედა რეგისტრებს შორის მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც ამავე პერიოდს ეკუთვნის. ძლიერი დაზიანების გამო ტექსტი სრულად არ იკითხება. ქტიტორთა სახელები არ შემორჩენილა. დაცული ფრაგმენტებიდან საინტერესო ცნობას ვიგებთ: ეკლესიის მომხატველებს მისი რომელიღაც ნაწილი სამარხად გამოუყენებიათ. აქვე იკითხება:"... და შევამკეთ ჯვრითა, ხატითა, წიგნებითა..." დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია.[
Didgheli Cavern Natural Monument
Natural Monument (Imereti - Tskhaltubo district)
მდ. ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა.
Ekhvevi St.Mary's Church
Church (Shida Kartli - Khashuri district)
ეხვევი — XI საუკუნის დამდეგის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთნავიანი ეკლესია "დედა ღვთისა" მდინარე ყვირილის ხეობაში, საჩხერიდან 10 კმ-ზე. საყურადღებოა მისი ჩრდილოეთი და დასავლეთი შესასვლელების მოჩუქურთმებული ტიმპანები და დასავლეთ და აღმოსავლეთ სარკმლის საპირეები, სათაურები და შეწყვილებული გრეხილი "სვეტები", რომლებიც ტაო-კლარჯეთის X-XI საუკუნეების ძეგლთა მორთულობის ენათესავება. ჩუქურთმები მაღალ პროფესიულ დონეზეა შესრულებული. თავდაპირველად ეკლესიას ეგვტერები ჰქონია, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისში შენობის შეკეთებისას ძველი სენაკების ნაშთებთან ერთად დაუნგრევიათ. საქართველოს ძეგლთა დაცვის ფონდის დაფინანსებით (ქართველი მეცენატი ბიძინა ივანიშვილი) იწყება ეხვევის რესტავრაცია (არქიტექტორ-რესტავრატორი თ. ნემსაძე).