St.Mary's Church

St.Mary's Church

Short description: დარბაზული ეკლესია (მინაშენიანად 5,7 X 5,7 მ) ნაგებია ნატეხი ქვითა და კირის ხსნარით. წყობა ირეგულარულია. ტლანქად დამუშავებული ქვიშაქვის მოზრდილი ქვებით ნაწყობ გარეთა კუთხეებში აქა-იქ შირიმის ქვებიცაა ჩართული. კედლები გარედან მოსწორებულია ბათქაშით, რომლითაც შევსებულია ნაკერები და ნაწილობრივ დაფარულია ქვის ზედაპირი. მოგვიანებით ეკლესია გარედან შეულესავთ (შემორჩენილია ნალესობის ფრაგმენტები). ეკლესიაში შესასვლელი სამხრეთიდან, მინაშენიდანაა. კარი მინაშენის მხრიდან ქვის არქიტრავით ყოფილა გადახურული, ხოლო შიგნით თაღოვანია. თაღი შესასვლელის წირთხლებს უშუალოდ არ ერწყმის, ღიობზე ოდნავ განიერია და ქუსლის დონეზე მცირე საფეხურებს ქმნის. ეკლესიის შიდა სივრცე ვიწრო და მაღალია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომლის ღერძზე მაღალი თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს - თითო სწორკუთხა ნიში. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, ქვის ტრაპეზია მიდგმული. საკურთხევლის ბაქანი ნავის იატაკზე ერთი საფეხურით მაღალია. აფსიდი გადახურულია კონქით, რომლის თაღი აფსიდის კუთხეების დამაგვირგვინებელ მარტივი პროფილის (თარო და ოდნავ შეზნექილი მრუდი) იმპოსტებს ეყრდნობა. დარბაზის სამხრეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. ორივე სარკმელი კედლის ზედა ნაწილშია და ქვის ფილებით ჰორიზონტალურადაა გადახურული. ეკლესია მოხატულია. მოხატულობა XIII საუკუნეს განეკუთვნება. საკურთხევლის მოხატულობა ორ რეგისტრადაა გაყოფილი. კონქში წარმოდგენილია ვედრების დიდი ზომის კომპოზიცია, რომელიც ავსებს მთელ კონქს და თითქმის სარკმლის თაღის წვერს აღწევს. მაცხოვრის მონუმენტური გამოსახულება სიდიდით ბევრად სჭარბობს ღვთისმშობლისა და იოანეს ფიგურებს. მაცხოვარს მოწითალო-ყავისფერი ქიტონი და თეთრი ჰიმატიონი აცვია. მის მარჯვენა მხარეზე წვრილი თეთრი ხაზებით იმიტირებულია ღვთაებრივი ნათელი. მოხატულობის მეორე რეგისტრში ეკლესიის მამები ყოფილან გამოსახულნი. კონქის თაღის წინა სიბრტყეზე შერჩენილია ოსტატურად შესრულებული ასომთავრული წარწერის ნაშთები. დარბაზის კედლებზე გამოსახული საუფლო დღესასწაულთა ციკლის სცენები კონქის კომპოზიციასთან შედარებით მცირე ზომისაა. დარბაზის პირველი რეგისტრის მოხატულობა სამხრეთითა და ჩრდილოეთით კამარაშია მოქცეული. სამხრეთ კედლის აღმოსავლეთ მონაკვეთზე წარმოდგენილია ხარება, შემდეგ შობა. დასავლეთ კედელზე გამოსახული სცენის დადგენა არ ხერხდება. ჩრდილოეთ კედელზე დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ მოცემულია ნათლისღება და ლაზარეს აღდგინება. მეორე რეგისტრის მხატვრობა შემონახულია დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე. დასავლეთ კედლის ჩრდილოეთ ნაწილში გაირჩევა ჯოჯოხეთის წარმოტყვევნა, ჩრდილოეთ კედელზე, დასავლეთით — ამაღლება, აღმოსავლეთით — სულიწმინდის მოფენა. კამარის ცენტრალურ ნაწილში მთელ სიგრძეზე გავლებულია მცენარეული ორნამენტის ზოლი ყოფდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ფერდების მოხატულობას. მხატვრობა მეტად დახელოვნებული ოსტატის შესრულებულია. კომპოზიციები მრავალფიგურიანია. მოძრაობა რბილი და მსუბუქია, პროპორციები — დახვეწილი, ნახატი — მოქნილი და ნატიფი. კოლორიტში ჭარბობს ყვითელი, მოწითალო-ყავისფერი, ნაცრისფერი, ლურჯი და თეთრი ფერები. ეკლესიის ფასადები სადაა, მოკლებულია ყოველგვარ სამკაულს. აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის თაღს ნალესობით ნალისებრი ფორმა აქვს მიცემული. კედლები დასრულებულია ოდნავ გამოშვერილი, ქვიშაქვის ნატეხი ქვებით ნაწყობი, სამსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელსაც განივ ფასადებზე, ფრონტონის ძირებთან, ჰორიზონტალური შენაკეცები აქვს. ეკლესიას სამხრეთით თანადროული სწორკუთხა მინაშენი ეკვრის, რომლის სამხრეთ კედელში ორმალიანი თაღოვანი შესასვლელია მოწყობილი (აღმოსავლეთის მალი თაღის ქუსლის დონემდე ამოშენებულია). თაღები ეყრდნობა ტლანქად ნაგებ, სადა კაპიტელით დაგვირგვინებულ მრგვალ სვეტს (გვიანდელია). მინაშენში აღმოსავლეთით სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ქვემოთ, კედელზე, მიდგმულია სწორკუთხა ტრაპეზი. ეკლესიის ეზოს სამხრეთიდან ქვითკირის საყრდენი კედელი (სიმაღლე დაახლოებით 2 მ, სიგრძე 25 მ) აქვს, რომელიც სამი მძლავრი ნახევარწრიული კონტრფორსითაა გამაგრებული.

Additional information: No additional information

St.Mary's ChurchChurch
Loading...
0/5 Rating (0 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 497 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake