Signaghi Fortress-Fence

Signaghi Fortress-Fence

Short description: ქალაქი სიღნაღი კახეთის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილია. იგი მდებარეობს მაღალი მთის კონცხზე, საიდანაც გადაჰყურებს ალაზნის ველს. ახალ ქალაქში ძველი ქალაქის ფრაგმენტებია ჩაქსოვილი. სიღნაღის ციხეს ორმოცი ჰექტარი უჭირავს. მას მეტად უსწორო გეგმა აქვს, რადგან მთების რელიეფს მიჰყვება. ყველაზე მაღალია სამხრეთის მხარე. აქედან გალავანი აღმოსავლეთითა და დასავლეთით ქედს მიჰყვება. შემდეგ ორივე მხრიდან სწრაფად ეშვება ძალიან ღრმა მერუბოანთ ხევში და იქ ერთდება. ისტორიკოს პ. იოსელიანის ცნობით, სიღნაღის ციხე აგებულია 1762 წელს ერეკლე მეფის მიერ. თითქმის ასეთივე ცნობა მოეპოვება ვახტანგ ბატონიშვილს. იგი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძე კი მხოლოდ ციხის განახლებას აღნიშნავს. მასთან ვკითხულობო. „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა...“ და სხვ. სიღნაღის ციხეს თავდაპირველი სახით ჩვენამდე არ მოუღწევია, მაგრამ მის შესახებ წარმოდგენა გვექმნება XIX საუკუნის დასაწყისში შესრულებული გეგმის მიხედვით. ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ციხის შესასვლელებსა და კოშკებს შენარჩუნებული აქვთ თავდაპირველი სახელები. როგორც ცნობილია, სიღნაღი ქალაქის სახეს ღებულობს XVIII საუკუნის მეორე ნახევარში. აღნიშნული ძველი გეგმის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ქალაქის მოსახლეობა დიდი არ ყოფილა. იგი განლაგებული იყო ციხის სამხრეთით. რამდენიმე მოსახლე ციხის შიგნითაც ყოფილა. დანარჩენი ადგილები კი ცარიელი იყო. ქალაქის სამხრეთის ნაწილიც, შესაძლოა, კედლებითა და კოშკებით ყოფილიყო შემოფარგლული, მაგრამ ამ სქემატურ ნახაზზე ეს კარგად არ ირკვევა. დასავლეთის მონაკვეთში აშკარად ჩანს რომელიღაც ციხის ნაშთი გრძელი კედლითა და კოშკებით. ქალაქის სამხრეთისა და აღმოსავლეთის მხარეებზე ცხრა ცილინდრული კოშკია აღნიშნული. ამ კოშკებიდან მხოლოდ ყველაზე დიდს, სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარეს აწერია: „საქობის კოშკი“. (ამავე სახელის მატარებელი კოშკი ჩართულია დიდი ციხის კედლებშიც). როგორც არა ერთხელ აღგვინიშნავს, XVIII საუკუნის შუა წლებსა და მეორე ნახევარში აგებდნენ დიდი ტევადობის ციხეებს, რათა იქ არა მარტო ადგილობრივ, არამედ ახლო-მახლო მდებარეს სოფლების მოსახლეობასაც შესძლებოდა თავის შეფარება. სიღნაღის ციხის გეგმაზე არსებული წარწერების მიხედვით ირკვევა, რომ საერთოს გარდა, ცალკეულ სოფლებს კიდევ ცალკედ ჭიშკრები და კოშკები ეკუთვნოდა. ასე მაგალითად, შესასვლელები ყოფილა შემდეგი: „მაღაროს“, „ბოდბის“, „ვაშნარის“. შესასვლელები სხვადასხვაგვარადაა გადაწყვეტილი. მთავარს, როგორც ეტყობა, „მაღაროს“ შესასვლელი წარმოადგენდა, რადგან ის უშუალოდ ქალაქისა და ციხის მაკავშირებელია. ეს შესასვლელი ორი ცილინდრული კოშკითაა გამაგრებული. ასევე ორი კოშკითაა გამაგრებული ,,ვაშნარის ჭიშკარი“, მაგრამ ეს გამოწვეულია კოშკებს შუა არსებული ხევით. ციხის რთულ რელიეფში ეს ადგილი ყველაზე დაბლაა. დანარჩენი შესასვლელები უშუალოდ ციხის კედლებშია გაჭრილი. მათი უმრავლესობა განიერია და ნამდვილ ჭიშკარს წარმოადგენს, ზოგი კი ვიწრო გასასვლელია და მათ სათადარიგო კარის დანიშნულება უნდა ჰქონოდა. შესასვლელების დაცვა საგანგებოდ იყო მოწყობილი. თუ ჭიშკარს კოშკები ჰქონდა, მაშინ დაცვა კოშკებიდან ხდებოდა, ხოლო თუ შესასვლელი უშუალოდ გალავანში იყო გაჭრილი, მაშინ კედლებში სპეციალურ სათოფურებს აწყობდნენ. ორივე შემთხვევაში, ზემოდან დაცვა შესასვლელის თავზე გამავალი კედლის სათოფურების რიგიდან ხდებოდა. გალავნის მთელ სიგრძეზე განლაგებულია ცილინდრული კოშკები და მათ შუა - კონტრფორსები. კოშკები და კონტრფორსები ძირითადად კედლების მოსახვევებში მდებარეობს. სულ 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა. მათ შორის მანძილებიც არათანაბარია. აღსანიშნავია, რომ ზოგან კოშკებს შორის არაა კონტრფორსი, სამაგიეროდ, სხვაგან - თითო, ორ-ორი, ან სამ-სამია. XIX საუკუნეში შესრულებულ ციხის გეგმაზე შესასვლელთა სახელებთან ერთად კოშკების სახელებიცაა აღნიშნული. არსებული 23 კოშკიდან მხოლოდ ორს არა აქვს სახელი (ორივე ჩრდილოეთით მდებარეობს), დანარჩენებს ჰქვია ახლო მდებარე სოფლების სახელები: 1. „მეფისა, ანუ ჯუღაანისა“, 2. „კახეთის პირველი“, 3. „კახეთის მეორე“, 4. “შილდის“, 5. „ნარიყალა“, 6. „ზირბ ხოველინისა“, 7. „ვაქირის“, 8. „კარდანასის“, 9. „ბაკურციხის“, 10. „ვაშნარის პირველი“, 11. „ვაშნარის მეორე“, 12. „ანაგის“, 13. „საქობო“, 14. „მაჩხაანის პირვვლი“, 15. „მაჩხაანის მეორე“, 16. „ქიზიყის, ანუ გორის ბურჯი“, 17. „ველისციხის“, 18. „ბოდბის“, 19. „მაღაროს პირველი“, 20. „მაღაროს მეორე“ და 21. „მირზაანის“. ასეთი დიდი ციხე, როგორც ზემოთაც ვნახეთ, მთელ მხარეს ემსახურებოდა; მტრის შემოსევისას აქ იყო მოსახლეობის დასახიზნი. ამიტომაც ასეთი ციხეები შენდებოდა მოსახლეობის იმ ნაწილის მიერ, რომელიც თავს აფარებდა. სიღნაღის ციხის სქელი კედლები ორიარუსიანია. პირველი და მეორე იარუსების სისქეთა განსხვავება შიგნიდან საბრძოლო ბილიკს ქმნის. ბილიკის სიგანე საკმარისი იყო მებრძოლთა სამოძრაოდ. აქ მოსახვედრად კოშკების გვერდებზე და ზოგ ადგილებში ქვის კიბეებია მოწყობილი. ზედა იარუსის კედლებში მორიგეობით განლაგებულია პირდაპირი და ძირს დახრილი სათოფურები. ასეთივე გადაწყვეტა აქვს ბურჯების ზედა ნაწილებსაც. ციხის კედლებს ქონგურები არ გააჩნია. მათი ზედაპირი გადამრგვალებულია. თუმცა კოშკების უმრავლესობას დამთავრება აკლია, მაგრამ ეტყობა მათაც ქონგურები ექნებოდა. კოშკების მეტი ნაწილი ორსართულიანი ყოფილა, საბრძოლო ბანით. ჩვეულებრივ, პირველ და მეორე სართულებს ცალ-ცალკე აქვთ ეზოდან შესასვლელი. შესასვლელებს ნახევარწრიული და ისრული ფორმის თაღები ამთავრებს. შედარებით უკეთაა შერჩენილი რამდენიმე კოშკი. „ქიზიყის კოშკი“ მდებარეობს ციხის აღმოსავლეთის კედლის თითქმის შუა ადგილას. მას საკმაოდ მაღალი ადგილი უჭირავს. ზედა ნაწილი აკლია, მაგრამ ეტყობა სამსართულიანი ყოფილა და საბრძოლო ტერასაც ჰქონია. კოშკის პირველი სართულის შესასვლელი სამხრეთიდანაა. იგი უშუალოდ ყოფილა დაკავშირებული გალავნის ბილიკთან. სართულებს შორის კავშირი კედლის კიბით ხდებოდა. პირველი სართულის კედლებში მხოლოდ ორმაგი სათოფურები და მაღლა მდებარე ორი სარკმელია. მეორე სართულის კედლებში ისევ ნიშებში შეწყვილებული სათოფურებია, კარის პირდაპირ კი ბუხარი. ასევეა მესამე სართულზეც. „მაჩხაანის“ სახელის მატარებელი ორი კოშკიდან ციხის უკიდურეს აღმოსავლეთით მდგომი თუმცა საკმაოდ დიდია, მაგრამ შიგნით მარტივი გადაწყვეტა აქვს. პირველი და მეორე სართულის შესასვლელთა თაღები შეისრულია. პირველ სართულში კარის პირდაპირ დაბალი ბუხარია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია, მათგან მარჯვენაში შეწყვილებული სათოფურია. სარკმელი მოთავსებულია აღმოსავლეთით. მეორე სართულიც ასევეა გადაწყვეტილი. განსხვავებით, აქ ერთი ცალმაგი სათოფურია და ერთიც პატარა ნიში. მესამე სართულის კედლებიდან დარჩენილია ქვედა ნაწილი, სადაც ჩანს პირდაპირი და ძირს დაქანებული სათოფურები. „ვაქირის კოშკი“ ჩრდილო-აღმოსავლეთის კუთხეში მდებარეობს. ,,მერუბოანთ ხევისკვენ"' ძალზე დაქანებული კედლებიდან ჩრდილოეთისა სწორედ ამ კოშკიდან იწყება, ხოლო სამხრეთისა - ზემოაღწერილ „მაჩხაანის კოშკიდან“. „ვაქირის კოშკი“ ორსართულიანია საბრძოლო ბანით. პირველი და მეორე სართულების შესასვლელების პირდაპირ ბუხრებია მოწყობილი. პირველ სართულში ბუხრის გვერდებზე თითო ნახევარწრიული თაღოვანი ნიშია. მეორე სართული უხვადაა აღჭურვილი ცალმაგი და ორმაგი სათოფურებით. ბანზე, პირდაპირ და ძირს დახრილ სათოფურებს გარდა, მოწყობილია ოთხი ნისკარტა სალოდე, რომელთაგან სამი ციხის კედლებს გარეთ გამოდის, მეოთხე კი კარებს იცავს. სიღნაღის ციხის გალავანი და კოშკები ნაგებია რიყის ქვით. აგური უმნიშვნელო რაოდენობითაა გამოყენებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში სიღნაღის ციხე კახეთში ერთ-ერთ საიმედო და დასაყრდენ პუნქტად ითვლებოდა. მას, როგორც სიმაგრეს, არც XIX საუკუნის პირველ ხანებში დაუკარგავს თავისი მნიშვნელობა.

Additional information: No additional information

Signaghi Fortress-FenceCastle/Tower
Loading...
5/5 Rating (2 Vote)
geo The monument of national significance
Altitude: ≈ 684 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist
Report about mistake