ციხე-კოშკი
- სიზუსტე 0 კმ
- სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2,012 მ
- პუნქტის embed კოდი
ისტორიული ციხესიმაგრე საქართველოში, თრიალეთში, თრიალეთის ქედის კლდოვან მწვერვალზე (თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტი). აქედან ხელისგულივით მოჩანს, როგორც სამხრეთის, წალკისა და მანგლისის მიდამოები, ისე ჩრდილოეთის — მდინარეების ტანისა და თეძმის ხეობები. ამჟამად შემორჩენილია ნანგრევები. მდებარეობდა მნიშვნელოვან გზასაყარზე, იქ სადაც გაპობილი კლდე გასასვლელს ქმნის (აქედან სახელწოდებაც კლდეკარი ე. ი. კლდის კარი).
კლდეკარის ციხე ლიპარიტ I ბაღვაშმა ააგო IX საუკუნეში. ამ პერიოდიდან ძლიერდებიან კლდეკარის ერისთავები ისე, რომ მეფესაც კი ეურჩებიან. მეფესა და კლდეკარის ერისთავებს შორის ბრძოლა XI საუკუნის 20 იანი წლებიდან განსაკუთრებით გამწვავდა და ამ ბრძოლამ რამდენიმე ათეულ წელს გასტანა. პირველ ხანებში კლდეკარის მფლობელი, ერისთავთ ერისთავი ლიპარიტ IV ბაღვაში ბაგრატ IV-ის მხარეს იყო. როცა ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინემ, 1028 წელს საქართველოში სარდალი პარაკიმანოსი გამოგზავნა ურიცხვი ლაშქრით, ლიპარიტმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწია კლდეკარის ციხესთან და უკუაქცია მტერი. 50 იანი წლებიდან ბაგრატსა და ლიპარიტს შორის განხეთქილება მოხდა. ამ პერიოდიდან ლიპარიტ ბაღვაში ისე გაძლიერდა, რომ მთელი დასავლეთ საქართველო დაიკავა და უფლისწულის გაზრდაც იკისრა. კლდეკარის ერისთავის გაძლიერება სხვა დიდებულებს არ მოსწონდათ, ამიტომაც მის წინააღმდეგ შეთქმულება მოაწყვეს. სულა კალმახელმა, რომელიც შეთქმულ დიდებულებს ხელმძღვანელობდა, ლიპარიტი და მისი ძე ივანე შეიპყრო და მეფეს მიჰგვარა. სულამ ლიპარიტს წაართვა ძლიერი ციხე-სიმაგრეები. მეფემ ლიპარიტს ბერად აღკვეცა აიძულა, ივანეს კი არგვეთი გადასცა. მომდევნო წლებში ივანეს კლდეკარის ციხე დაუბრუნებია, თუმცა რა პირობებში მოხდა ეს ცნობები არ მოიპოვება. დავით აღმაშენებლის მეფობის პირველ წლებში ლიპარიტ ბაღვაში დავითს ერთგულებდა, თუმცა ეს ერთგულება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1094 წელს დავითმა ლიპარიტი შეიპყრო და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საბერძნეთში გააძევა, კლდეკარის საერისთავო კი გააუქმა. ამის შემდეგ კლდეკარის ციხემ მნიშვნელობა დაკარგა. 1177 წელს კლდეკარის ციხე მძიმე მოვლენის მომსწრე გახდა: გიორგი III -ს ძმისწული - დემნა აუჯანყდა. დემნას ბევრმა დიდებულმა დაუჭირა მხარი. თავდაპირველად უპირატესობა აჯანყებულების მხარეს იყო, თუმცა მალე მდგომარეობა შეიცვალა. აჯანყებულებმა კლდეკარის ციხე შეაფარეს თავი, მაგრამ მეფის რაზმებმა ციხე აიღეს, აჯანყებულები დასაჯეს, თავად დემნას კი თვალები ამოწვეს. მომდევნო საუკუნეებში კლდეკარის ერისთავები უკვე ნაკლებ როლს თამაშობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში და კლდეკარის ციხეც იშვიათად იხსენიება ისტორიულ წყაროებში.გალერეა
მოგვწერეთ!
გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.


