Category - Church (Page 33/39)
თავკავთის კომპლექსი
Church (Kvemo Kartli - Kaspi district)
თავკავთის კომპლექსი მდებარეობს შიდა ქართლში, კასპის რაიონში, სოფელ წინარეხის სამხრეთით 7-8 კილომეტრზე, მდინარე კავთურისა და ბოტისისწყლების გამყოფი ქედის კლდის კონცხზე. თავდაპირველად აიგო ციხე-გალავანი. მოგვიანებით კონცხის აღმოსავლეთ ციცაბო კალთაზე საყრდენი კედლით შექმნეს ბაქანი, რომლის ჩრდილოეთ კედელში ააშენეს წმ. გიორგის ეკლესია. კომპლექსში შედის: ციხე-გალავანი, წმ. გიორგის ეკლესია და სხვა ნაგებობათა ნაშთები. კომპლექსს ორი მისადგომი აქვს: სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან - კავთურის ხეობიდან. მდინარე კავთურაზე გადებული ყოფილა ქვის თაღოვანი ხიდი, რომლისგანაც მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი. ციხე-გალავანი დაზიანებულია: ყველგან ჩამოშლილია გალავნის კედლების ზედა ნაწილები, თითქმის მთლიანად დანგრეულია ქვედა ციხის დასავლეთ კედელი, ციხის შიგნით ნაგებობათა გეგმა გაურკვეველია.
თელავის ბატონის ციხე, გალავანი
Church (Kakheti - Telavi)
„ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. ქალაქ თელავში მდებარე კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს. ხუროთმოძღვრული კომპლექსის შემადგენლობაში შედის: კახთ მეფეთა სასახლე, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, არჩილის კარის ეკლესია, ციხის გალავანი, აბანო და სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი. ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, კვირიკე დიდმა (1010-1037), გაერთიანებული კახეთ-ჰერეთის პირველმა მეფემ, „ჰყო თელავი სასახლედ და ტახტად კახეთისა და ჰერეთისა“ 1. „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსის მშენებლობა, პირობითად, ორ ეტაპად იყოფა. მშენებლობის პირველ ეტაპზე (1667-1675 წწ. - არჩილის მეფობა) ერეკლე მეორის მემორიალური სასახლე (კახთ მეფეთა სასახლე), აღმოსავლეთის კარიბჭე და აბანოა აგებული. მშენებლობის მეორე ეტაპზე, რომელიც XVIII საუკუნის მეორე ნახევარს მოიცავს, ერეკლე მეორის კარის ეკლესია, გალავანი კუთხის მრგვალი ბურჯებით და დასავლეთის კარიბჭეა აგებული 2. „ბატონის ციხის“ კომპლექსი გეგმაში წაგრძელებულ, არათანაბარ მართკუთხა ფორმას წარმოადგენს. იგი გვიან შუა საუკუნეებში კახეთის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი რიყის ქვით ნაგები მაღალი გალავნითაა გარშემორტყმული, რომელიც 3 ჰექტარამდე სივრცეს ფარგლავს. ისტორიული წყაროების მიხედვით, „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი არა მხოლოდ მეფეთა საცხოვრებელი ანსამბლი იყო, არამედ მას დიდი სამხედრო დანიშნულებაც ჰქონდა - აღნიშნული ისტორიული გალავანი მეფე ერეკლეს დროს ქალაქს შემოსევებისაგან იცავდა და მოსახლეობისათვის მტკიცე თავდაცვით საშუალებას წარმოადგენდა 3. კომპლექსის ტერიტორია ორ – დასავლეთის და აღმოსავლეთის ნაწილებად იყო დაყოფილი, რაც დღემდე შენარჩუნებულია. დასავლეთის ვრცელი მონაკვეთი, საფიქრებელია, რომ ციხე-გალავნის როლს ასრულებდა. მისი ფართობი 1,5 ჰექტარზე მეტია, რაც სამეფო ანსამბლის არსებობაზე მიუთითებს. ხოლო აღმოსავლეთის მონაკვეთი შიდა ციხეს წარმოადგენს, რომლის ფართობი ერთ ჰექტარს აღემატება. „ბატონის ციხის“ კომპლექსის გალავანი ჩრდილოეთის მხარეს ფერდობს მიუყვება და შედარებით დაბალია. დანარჩენი სამი მხარე ვაკეზეა გაშენებული, ამიტომ, აქ გალავნის სიმაღლე ზოგიერთ ადგილას 10-12 მეტრს აღწევს. გალავანი რიყის ქვითა და კირის დუღაბით აგებულ მაღალ, მრგვალქონგურებიან კედელს წარმოადგენს, რომელშიც სათოფურებია დატანებული. შიდა კედლებით იგი ორ არათანაბარ მონაკვეთადაა დაყოფილი - კედლის შიდა პირზე საბრძოლო ბილიკია მოწყობილი, ამავე ხაზზეა განლაგებული სათოფეები და სალოდეები. გალავნის კუთხეებში ოთხი ცილინდრული ორ-სამ სართულიანი მრგვალი ბურჯებია განლაგებული. გალავნის კედლები სწორი კუთხეებით ფარგლავს სივრცეს. სამხრეთის კედლის შუაში კედლის საერთო ფრონტიდან წინ გამოტანილია გალავნის ნაწილი მრგვალი ბურჯებით, საზარბაზნე ბაქნითა და სასროლი ხვრელებით 4. „ბატონის ციხის“ ჭიშკრის კოშკი XVII საუკუნის მეორე ნახევარშია აგებული, ხოლო გალავნის კოშკი XVIII საუკუნეში 5. „ბატონის ციხის“ გალავნის მშენებლობაში ერეკლესეულ წვლილზე საუბრობს ომან მდივანი, რომლის მიხედვითაც „თვით „მეფემ ირაკლიმ“ განაახლა გალავანი თელავისა”. იგივე აზრია გამეორებული პაპუნა ორბელიანთან, რომელიც მშენებლობას 1753 წლით ათარიღებს – „კახთ ბატონი წაბრძანდა კახეთს, განასრულა გალავანი თელავისა“ 6. „ბატონის ციხეში“ შესასვლელი კარიბჭეები გალავნის აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარესაა განთავსებული, რომლებიც, ამასთანავე, თავდაცვით ნაგებობებსაც წარმოადგენს. დასავლეთის კარიბჭე დასავლეთის კედლის ცენტრშია აგებული, კედლის საერთო სიბრტყიდან წინ არის გამოტანილი და ციხის კედლების მიმართ საგრძნობლად ამაღლებულია. იგი ორსართულიანი ნაგებობაა - ქვედა სართულზე ფართო გასასვლელი კარია კამაროვანი გადახურვით (ძველად აქ რკინის კარი ყოფილა შებმული), ხოლო ჩრდილოეთსა და სამხრეთ მხარეს მეორე სართულზე ასასვლელი კიბეებია განთავსებული. მეორე სართული მაღალი კედლებით შემოზღუდულ გადაუხურავ საბრძოლო ბაქანს წარმოადგენს, რომელიც სამი – სამხრეთის, დასავლეთის და ჩრდილოეთის მხრიდან მაღალი მრავალქონგურებიანი კედლებით არის შემოსაზღვრული. აქ მრავლადაა დატანებული სათოფურები და სალოდეები.
თხინვალის სასახლე და ეკლესიები
Church (Shida Kartli - Mtsketa district)
ისტორიულ წყაროებში სოფელი თხილოვნა მოიხსენება XV ს-ში, ჩვენი სამშობლოს ერთ-ერთ ურთულეს და უმძიმეს პერიოდში. სასახლე და ეკლესიები მდებარეობს სოფლის დასავლეთით 2 კმ-ზე, ლისის ტბის მიდამოებში, გაბაშვილების ნასახლარზე და თარიღდება XVII-XVIII სს-ით. XIV-XV საუკუნეების მიჯნა განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამი იყო საქართველოს ისტორიაში; ქვეყანამ განიცადა III ტაიფუნის _ თემურ-ლენგის ურდოთა გამანადგურებელი შემოსევების (რვა ნადირობა), რამაც უდიდესი ზიანი მიაყენა ქართველი ხალხის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ ცხოვრებას. გიორგი მეფის ცხედარი მცხეთას დაკრძალა ძმამ კოსტანტინემ, ბაგრატ V-ს ძემ და კოსტანტინე I-ის სახელით გახდა საქართველოს მეფე (1407-1411). ასეთ უმძიმეს და განადგურებულ მდგომარეობში დაიწყო XV საუკუნე და სწორედ კონსტანტინე I-ის დროს მოიხსენიება სოფელი თხინვალი (თხილოვნა, თხილნარა). სოფელი იყო გაბაშვილების მფლობელობაში. 1466 წელს მეფე კონსტანტინემ იგი ჯავახიშვილებს უწყალობა, ხოლო XVIII საუკუნის დასაწყისიდან ციციშვილების სამფლობელოა.
თხოთის მთის წმინდა ნინოს ეკლესია
Church (Shida Kartli - Kaspi district)
აღაიანის სამხ.-აღმ.-ით 2 კმ-ზე მდებარეობს თხოთის მთა, რომელიც ჰყოფს მდ.მტკვრის ხეობასა და მუხრანის დაბლობს, მისი აღმოსავლეთ კალთები კი მდ.ქსნისკენ ეშვება. თხოთის მთასთან დაკავშირებულია პირველი ქრისტიანი მეფის – მირიანისა და მზის დაბნელების ამბავი. ამ სასწაულის შემდეგ, ქრისტიანობის მიღების პირველსავე საუკუნეებში თხოთის მთის წვერზე აღუმართავთ სამლოცველო წმინდა ნინოს სახელზე. ამჟამად თხოთის მთის თავზე მდგომი ნინოწმინდის ეკლესია თარიღდება VII-VIII სს.-ით. თავდაპირველი სახით იგი ჯვარგუმბათოვანი ტაძარი იყო, ხოლო IX-X სს.-ის მიჯნაზე გადაუკეთებიათ დარბაზულად. საკურთხეველში შემორჩენილია მოხატულობისა და წარწერის ფრაგმენტები. კონქში გამოსახულია ტახტზე მჯდომი ქრისტე. მხატვრობა თარიღდება X-XI სს.-ით. სამხ.-ის ფასადზე X-XI სს.-ის სამსტრიქონიანი ასომთავრული წარწერაა.