Kumurdo domed church
Short description: ტაძრის კედლებზე შემორჩენილი წარწერებიდან ირკვევა, რომ აფხაზთა მეფის ლეონ III-ს დროს, 964, იოანე ეპისკოპოსის (კუმურდოელის) თაოსნობით ქართველ ხუროთმოძღვარს საკოცარს დაუწყია ტაძრის მშენებლობა. ბაგრატ IV-ის მეფობაში (1027-1072) ტაძრისათვის სამხრეთი სტოა მიუშენებიათ. დასავლეთ შესასვლელის წარწერაში აღნიშნულია ეკლესიის შეკეთება-გადაკეთება XVI საუკუნეში. კუმურდოში მოღვაწე მწიგნობართაგან აღსანიშნავი არიან იოანე კუმურდოელი (X ს.), რომელიც შემდეგ სინის მთაზე მოღვაწეობდა, ზოსიმე (XI ს.) და სხვა.
Additional information: კუმურდოს ტაძარი ქვით ნაშენი, გუმბათოვანი ნაგებობაა. თავისებური, გარდამავალი ხასიათის გეგმით: გარედანჯვრისებრი მოხაზულობისაა, შიგნით კი ხუთი ნახევარწრიული აფსიდი და ერთი (დასავლეთი) სწორკუთხა მკლავი ჰქონდა. საკურთხევლის ორსავე მხარეს აფსიდებიანი სადიაკვნე და სამკვეთლოა, ხოლო სამხრეთი და ჩრდილოეთი აფსიდები რადიალურად კი არ არის განლაგებული (როგორც ექვსაფსიდიან ეკლესიებში, რომლებთანაც ტაძარი გენეტიკურად არის დაკავშირებული), არამედ წყვილ-წყვილად და ერთმანეთის პარალელურად. დასავლეთის მკლავის გარშემო, ვარაუდით, სამმხრივი პატრონიკე უნდა ყოფილიყო. ფასადთა დამუშავების დროს ჯერ კიდევ არ გამოუყენებიათ დეკორატიული თაღედი, რომელიც X-XI საუკუნეების მიჯნიდან ქართული ეკლესიების გარემორთულობის საფუძველს შეადგენდა, მაგრამ ახალი ეპოქის სხვა ნიშნები უკვე თვალსაჩინოა: ადრინდელი ხანის ძეგლებთან შედარებით საერთო პროპორციები უფრო აზიდულია, არსებითი მნისვნელობა ენიჭება მორთულობას (სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები), ფასადთა წყობაში ჩართულია გარკვეული ფერადოვანი მახვილები (მაგ., აღმოსავლეთი ფასადის სარკმლის სათაური და კაშკაშა წითელი ფერის ჯვარი, რომლებიც მკაფიოდ გამოიყოფა კედლის საერთო მოვარდისფრო სიბრტყეზე), ხოლო სამკუთხა ნიშები ფასადთა საერთო კომპოზიციის საფუძველს შეადგენს.
მცენარეული და გეომეტრიული ჩუქურთმის გარდა გვხვდება რელიეფური გამოსახულებებიც: საკურთხევლის სარკმლის მორთულებაში (ფასადის მხარეს) მახარებელთა სიმბოლოების - ანგელოზის, ლომის, არქივისა და ხარის - ფიგურები, ხოლო შიგნით, გუმბათქვეშა აფრებში - საქართველოს მეფის ბაგრატ III-ის დედის გურანდუხტ დედოფლისა და მისი ძმის ლევან მეფის გამოსახულებანი. კუმურდოს ტაძრის ტექნიკური შესრულების ხარისხი (კედლის, კამარების და თაღების ზუსტი წყობის, წმინდად გათლილი ქვა), მისი უმაღლესი მხატვრული ღირსებანი (საერთო პროპორციები, შიდა სივრცის მონუმენტურობა, იშვიათი სიფაქიზით შესრულებული ჩუქურთმები, ფასადთა სიბრტყეების ფერადოვნება) განსაკუთრებულ ადგილს ანიჭებს კუმურდოს ტაძარს ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიაში.
ამჟამად კუმურდოს ტაძრის გუმბათი და კამარების დიდი ნაწილი ჩამოქცეულია, დანგრეულია და შემდეგ დამახინჯებულად არის აღდგენილი მთელი დასავლეთი მხარე
Altitude: ≈ 1741 m
Point embed code
Mark point as visited
Add poi to wishlist