ხერხემის ციხე

ციხე-კოშკი სამცხე-ჯავახეთი, ადიგენის მუნიციპალიტეტი

ციხე-კოშკი ციხე-კოშკი

ხერხემის ციხის და სოფლის მფლობელი უნდა ყოფილიყო აზნაური ხერხემელი, რომლის შთამომავლობა ხერხემელისძეთა თავადურ საგვარეულოდ ჩამოყალიბდა სამცხეში. აღნიშნული საგვარეულო იხსენიება "ქართლის ცხოვრებაში": დაახლოებით 1306 წელს თურქები ტაოს შემოესივნენ. ჟამთააღმწერლის სიტყვით, "ვაშლოვანით წარსულნი თურქნი შთავიდეს მურღულს და ნიაგალისხევს უვალთა ადგილთა, რომელნი მოისრნეს ხერხემელისძეთა აზნაურთაგან". როგორც ჩანს, ხერხემლისძეთა მეთაურობით, ქართველებს აქ დიდი შემოსევის ერთ-ერთი ომი მოუგიათ. 1516 წლის მცხეთის საპატრიარქოს სამცხეში საქონებელსა და სამწყსოს სიაში, ხერხემლისძეთა მამული სასაფლაოთი, მონასტრითა და კარის ეკლესიით, უკვე თაქთირსძეთა გვარს ეჭირა. სავარაუდოდ აქ სამცხის სოფელი ხერხემი, ციხე და მისი მიდამოები იგულისხმება. ხერხემლისძენი ამის შემდეგ აღარ იხსენიებიან.

ხერხემი მესხურში ხერხემალს ნიშნავს და ადგილზე მნახველიც რწმუნდება სახელდების სიზუსტეში: კლდოვანი ქედის ვიწრო ხერხემალი მთლიანად უკავია ციხე-გალავანს, დამხრობილს დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ. ორი მოზრდილი კოშკი გალავნის თავსა და ბოლოში, ციხის ორ შემოსასვლელს დარაჯობს. მთავარი შესასვლელი აღმოსავლეთისაა, სადაც კარგად შერჩენილა თაღი და კედლებში ხვრელები კარის საკეტი ურდულებისათვის. სავარაოდოდ აშენებულია თამარის ეპოქის დროს.იგი წარმოადგენდა სათვალთვალო ციხეს რომლითაც უკავშირდებოდა შოკას ციხეს (ალთუნ კალას),(ზანავის ციხეს) და რაბათის ციხეს.

გალერეა

მოგვწერეთ!

გაქვთ დასამატებელი ადგილი, შესასწორებელი ინფორმაცია ან უბრალოდ გსურთ მოგვესალმოთ? დაგვიკავშირდით — ჩვენ ვკითხულობთ ყველა შეტყობინებას.