Category - Church (Page 34/39)
ლომისა
Church (Shida Kartli - Akhalgori district)
უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი. ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5X7,8მ). ნაგებია ნატეხი ქვით. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში დაყოლებულია ნიშები. ტაძრის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი. ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
მაშავერას წმინდა გიორგის ეკლესია
Church (Kvemo Kartli - Dmanisi district)
ეკლესია მდებარეობს დმანისის რაიონში, მდ. მაშავერას მარჯვენა ნაპირას, სოფლიდან დასავლეთით, კლდოვან კონცხზე. იგი ხელოვნურად მოსწორებულ კლდეზე დგას და ერთსაფეხურიანი ცოკოლი აქვს. ძეგლი ნაგებია უხეშად თლილი ბაზალტის ქვით.კუთხეები და კონსტრუქციები სუფთად ნათალი ქვებითაა ამოყვანილი. ერთადერთი კარი, რომელსაც დიდი არქიტრავი ხურავს სამხრეთ კედელშია მოწყობილი.სამი სარკმელი აღმოსავლეთ, დასავლეთ და სამხრეთ კედლებშია. აღმოსავლეთი სარკმლის ღიობს წყვილი სადა ლილვი შემოუყვება. დასავლეთი ფასადის ორკალთა სახურავის ქიმზე, ოთხ მრგვალ სვეტზე დამყარებული სამრეკლოს ფანჩატური დგას.
მაჩხანის ეკლესია
Church (Mtskheta-Mtianeti - Mtsketa district)
მაჩხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფ. წოდორეთის მახლობლად. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები — ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი, მოყვითალო ფერის ქვისაა, შიგნიდან კამარები და აფსიდის კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.