იმერეთის რეგიონი (გვერდი 1/5)
ბაგრატის ტაძარი
ეკლესია (იმერეთი - ქუთაისი)
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.). იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
გელათის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ქუთაისი)
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~
დედაღვთისას ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (იმერეთი - ხაშურის რაიონი)
ალის დედაღვთისას ეკლესია თარიღდება გვიან ფეოდალური ხანით. ეკლესია დარბაზულია (9×6.2 მ.), ნაგებია რიყის ქვითა და ქვიშაქვით. ძლიერ დაზიანებულია – საბჯენი თაღი და კონქის მნიშვნელოვანი ნაწილი ჩამონგრეულია. გადახურვა ცილინდრული ქონია. შესასვლელი სამხრეთიდანაა. ერთი სარკმელი საკურთხეველშია, მეორე – ჩრდილოეთ კედელში. ნახევარწრიული აფსიდი დარბაზის სიგანისაა და მისგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი თაღით.
დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ეკლესია იმერეთში, მდებარეობს სოფელ დერჩის ცენტრში. სავარაუდოდ აგებულია XIV საუკუნეში. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ეს ნავი გვერდითი მინაშენებისაკენ თითო ფართო თაღით არის გახსნილი; განათებულია საკურთხევლის სამი და დასავლეთის კედელში არსებული ერთი სარკმლით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებში თითო სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე, ისევე როგორც მინაშენებისა გადახურულია კამარით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. დასავლეთის სათავსო –– ნარტექსი სამივე ნავთან კარით არის დაკავშირებული. დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია.