არშის ციხე
მოკლე აღწერა: არშის ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ხევის ბინადარნი მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდ მანძილზე უწევდა კონტროლს თერგისა და სნოს ხეობას. `ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნილი, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილ კლდითავე და შეუვალი კაცთა~, - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. აქ ინახებოდა ისტორიული რკინის კლიტე, რომლითაც ციხის კარს კეტავდნენ. ლეგენდის თანახმად კლიტე ქართველთა ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, ვინმე არშელს ღურმა ბაზალს წამოუღია.
დამატებითი ინფორმაცია: არშის ციხე იყო სრულიად გასაიდუმლოებული ,ამ ციხის შესახებ მხოლოდ მეფემ, მისმა უახლოესმა გარემოცვამ და და მოხევეების მცირე ნაწილმა იცოდა! ამ ადგილას, ასე ვთქვათ, ბუზსაც კი არ აკარებდნენ ციხის მცველები! თვითონ სახელწოდებაც კი მიგვანიშნებს მის არ შეუვალობაზე… არშა, არშის ციხე. გადმოცემით, წმინდა სამება და არშის ციხე ერთერთ ძველ და ძლიერ გვარს ებარა, რომელნიც იყვნენ იმ ბეთლემში მოღვაწე წმინდა ბერების შთამომავლები. ბეთლემის დამაარსებელი, იესო ქრისტეს ერთერთი მოწაფე უფლის მინიშნებით საქართველოში შემოვიდა და მყინვარწვერზე დააარსა სამლოცველო, სადაც შემდგომში დატოვა თავისი მოწაფენი. ამ ადგილს დღეს ბეთლემის სალოცავს უწოდებენ. ეს ბერები ზაფხულს მყინვარში, ბეთლემში ატარებდნენ. მათ სამლოცველოს ქვემოთ სოფელი ააშენეს, რომლისგანაც დღეს აღარაფერია დარჩენილი ნანგრევების გარდა და ამ ნასოფლარს დღეს ნაბერალს უწოდებენ. სიცივეში ბარად ჩამოდიოდნენ და ამ ციხის გვერდით კლდეებში, გამოქვაბულებში ატარებდნენ ზამთარს. ერთერთი გამოქვაბული განცალკევებითაა, სადაც სამლოცველო ყოფილა ზუსტად ბეთლემის გამოქვაბულის მსგავსად.
აი ამ ხალხის შთამომავლებს ებარა და ისინი იცავდნენ მთელი საქართველოს სიწმინდეებს და საგანძურს. საქართველოს რომ უჭირდა სხვადასხვა შემოსევების დროს, მეფენი მთელ სიწმინდეებს და ავლა დიდებას აქეთ აფარებდნენ, ვინაიდან სრულიად გასაიდუმლოებული ადგილი და ხალხი იყო! ფაქტიურად მათზე ისტორიული დოკუმენტები ძალზე მწირია, ან საერთოდ განადგურებულია, აღარ არსებობს. ზოგი ნუგზარ ერისთავმა გაანადგურა შემოსევებით, ზოგიც ლეკიანობამ. რაც მათ გადაურჩა კომუნისტებმა დააბოლოვეს! რაც გადმოცემით შემორჩა ეგაა დარჩენილი და ამაზეც აღარავინ საუბრობს დღეს.
როგორც საქართველოში ჩვეულა, ბევრს არ მოსწონდა ამ ხალხის ასეთი ძლიერება და საერო სამსახური… დროთა განმავლობაში კი გარშემომყოფნი, გადმოხვეწილნი, ხშირ შემთხვევაში ქისტებიდან, ჩეჩნებიდნ, საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან, ხევში აფარებდნენ თავს, როგორც ხელშეუხები მხარე საქართველოში. ღვთის მორწმუნე ხალხი, მათ არავითარ ზიანს არ აყენებდნენ, პირიქით იფარებდნენ, აცმევდნენ, აჭმევდნინ, ადგილებს აძლევდნენ, ასაქმებდნენ… შემდგომ ხევში ისე გამრავლდა და მოძლიერდა ეს ხალხი, რომ შუღლის დროს უამრავი წმინდა ქართული გვარი გაანადგურეს. ამათთან ძალით და ომით ვერავინ ბედავდა თურმე, ხო და ხერხისთვის მიუმართიათ: ერთერთ ქისტების სოფელში, შავი ჭირი (ტიფი) ყოფილა. ადრე ეს სენი გადამდები და მოურჩენელი იყო, ეს ერთ-ერთ იქედან გადმოხვეწილს სცოდნია და ერთი ავადმყოფი ქალი ამოუყვანია. ესენი სადაც სახლობდნენ, იქ გაუშვია. ამათ რომ უნახავთ უპატრონო, დასნეულებული შეუფარებიათ, მოუვლიათ და სენითაც დაავადებულან. ფაქტიურად რამოდენიმე კვირაში მთლიანად გაწყვეტილა მთელი გვარი. მხოლოდ ერთი ფეხმძიმე ქალი გადარჩენილა, რომელიც თავის ქმარს მოსალოგინებლად მამის სახლში ყოლია გაშვებული ფშავში.
შემდგომ ამ “გაქართველაბულებს” ერთმანერთში ომი მოსვლიათ, ამხელა ტერიტორია უპატრონოდ დარჩა და ვერ ინაწილებდნენ… იმ დროს უკვე თემობა შეკრებილი იყო და სხვა გვარის ხევისბერიც უკვე დანიშნული ჰყავდათ, რადგან ამათი აღარავინ დარჩა ცოცხალი. ფიცხელაურებისთვის ჩაუბარებიათ ხევისბერობა მათ შემდეგ! ამათ ომში თემი ჩარეულა და დაუშოშმინებია, ამ ადგილ მამულს ჯერ კიდევ პატრონი ჰყავსო… გაუგზავნია გერგეთელი კაცი და გამოუყვანინებია ის ქალი – ნინო ცაბაური,რომელიც მოსალოგინებლად ფშავში იყო გაგზავნილი. აუყვანიათ წმინდა სამებაში და უნახია ბავშვი ხევისბერს, რომ დარწმუნებულიყო, ბიჭი შეეძინა თუ გოგო. ბიჭი რომ უნახავს, ხალხისთვის გამოუცხადებია “ტყუილად ინაწილებთ მაგ მამულებსაო და ტყუილად ომობთ ერთმანეთშიო, ამათ გვარის გამგრძელებელი აქ არისო!” მერე ხატზე დაუფიცებინებია ნინო, რომ გაუძღვებოდა თემის კაცებს და ზუსტად აჩვენებდა თავისი ქმარ-მაზლების ნაქონ საზღვრებს. მხოლოდ ერთი პირობითო, “იქ არ შეხვიდეო!” ეს “იქ” ნიშნავდა არშის ციხეს, მათ იცოდნენ, რომ ციხეში სალოცავი იყო და აუცილებლად შევიდოდა. ეს თემს არ უნდოდა, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ნინოს თავისი ძმები და ბიძაშვილები გამოჰყვნენ დამცველად და არ უნდოდათ უცხო ხალხს ენახა საიდუმლო ციხე-სიმაგრე. გაუძღვა ნინო თემის კაცებს და ანახა რაზედითაც ხმარობდნენ მისი ქმარ-მაზლები ადგილ მამულს. რომ დაბრუნდნენ სამებაში, ხევისბერს მოახსენა: “მართალია ძვლები კი მიკანკალებდა გვერდზე რომ ჩავუარე და სათანადო პატივი არ მივაგე ჩემი ქმრეულთ სადგომ სალოცავებსაო, მაგრამ მაინც “არ შაველი”-ო. ეს ბოლო სიტყვა ხმამაღლა უთქვამს. აქედან აიტაცა ეს სიტყვა იმ ხალხმა, ვინც მიხვდა რაზეც იყო საუბარი და შეერქვა არშის ციხე.
თემმა სიცოტავისა და მრავალი მტრის გამო მეფის ერთგულნი დაასახლეს ციხეში ასასვლელი გზის დასაწყისში, რომელსაც დღეს ძველ არშას უწოდებენ. სისაურები, მოგვიანებით ბაზლები იცავდნენ ციხის მისადგომებს, სანამ არ გამრავლდნენ და გაძლიერდნენ ნინოს შთამომავალნი! მერე დროთა განმავლობაში, ლეკიანობის დროს გასცეს ციხის არსებობა და ადგილმდებარეობა, სავარაუდოდ ისევ იმ გადმოხვეწილმა და აქ შემოფარებულმა “ურჯულო” ქრისტიანებმა. ესენი ზოგნი გასწყდნენ შიდა შუღლებში, ზოგნი დღესაც არსებობენ სხვადასხვა ქართული გვარებით და ძირძველ ქართველობას იჩემებენ! ორჯერ გატყდა არშის ციხე ლეკებისგან, რაზეც ისტორიული ცნობებიც არსებობს და ლექსებიცაა შემორჩენილი.
ქართულ პოეზიაშია მოხსენიებული რამოდენიმე საგმირო ლექსი:
არშის ციხეო მაგარო,
ნაშენო თლილის ქვისაო
თოფების სროლა მაისმის
აღელვებული მტრისაო.
მოხევეთ ხალხის დამცველო
მაგრა მჭირველო გზისაო
შენის ციხობის სიმაგრით
მტერი მკვდრად გდია ძირსაო.
ბევრს დარჩა შენგნით სახელი
მანდ საბაურის შვილსაო,
უნაგირაზე ასულსა
ქვა თავში დაჰკრა გმირსაო
საითით ჩამოვარდნილა
კვნესა დაიწყო ძირსაო,
შეშინებული მტრის ჯარი
ქოით ჭალაჩი რბისაო.
ციხიდან კვნესა მოისმის
ორის დაჭრილის ძმისაო
შორიდან გამონასროლი
ისარი მოხვდა მტრისაო.
ბევრჯერ გვიხოცავს ლეკები
მტერს კიდევ ვაჭმევთ ჭირსაო,
სუყველას რომ დაავიწყდეს
სამშობლო თავის გზისაო…
ეს ლექსი ცხვარში დავწერე,
ციხისკენ მქონდა თვალია,
სახელი გითხრათ ნადირა,
ლაზარეს წყემსი ვარია:
ვწერდი და მაგონდებოდა
მშივრად არ დამრჩეს ცხვარია…
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში