კახეთის რეგიონი (გვერდი 1/16)
ალავერდის კომპლექსი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ალავერდის წმ. გიორგის ტაძარში დაკრძალულია მისი დამაარსებელი – წმინდა იოსებ ალავერდელი, ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი. დღემდე ითვლებოდა, რომ წმინდანის ნეშტი ტაძრის ჩრდილოეთ მხარეს იყო დაკრძალული, მაგრამ ეს საფლავი სიმბოლური აღმოჩნდა. სავარაუდოა, რომ XV საუკუნეში (ტაძრის პირველი რესტავრაციის დროს) წმინდანის ნეშტი საგანგებოდ გადამალეს, რათა შემოსევებისა და არეულობის დროს მისთვის შეურაცხყოფა არ მიეყენებინათ.
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ყურეში 204,4 ჰა ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ლიანებიანი ჭალის ტყის სახით. აქ უხვადაა მრავალწლოვანი კაკლები, იფნები, მუხები და თელები, ასევე ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ბუჩქნარი. ე.წ. კაკლის ყურეში 1 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის გავლას ერთი საათი სჭირდება. მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირი სოფ. ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 165 მეტრი ზღვის დონიდან.
ალექსანდრე ჭავჭავაძისეული პარკი, მასში განთავსებული შენობა-ნაგებობები.
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ბუნების ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. არწივის ხეობა ქ. დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის მცენარეები გვხვდება. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც – შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching).
აღდგომის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
აგებულია VIII-IX საუკუნეებში. ამ ეკლესიაში, ქრისტეს აღდგომის დღესასწაულის ღამეს, როდესაც ეს ღირსნი მამები აღასრულებდნენ ღამით აღდგომის ცისკარს და გარს უვლიდნენ ეკლესიას სანთლებით, მაშინ შაჰ-აბასმა დაინახა შორიდან და წამოვიდა ჯარით მათკენ; როდესაც ბერები საღმრთო ლიტურგიას აღასრულებდნენ და მიიღეს კიდეც წმინდა საიდუმლო, სწორეთ იმ დროს დაესხა თავს ის ურჯულო და 6000 ბერი სააღდგომო კრავებივით ამოწყვიტა.
ახალი შუამთა (ხახულის ღვთისმშობლი სახელობის დედათა მონასტერი)
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ახმეტის ღვთაების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ახმეტის ღვთაების ეკლესია — ეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტში, ქალაქ ახმეტაში. დგას ქალაქის განაპირას, ჩრდილო-აღმოსავლეთით, სასაფლაოზე. თარიღდება VI საუკუნის II ნახევრით. შენობის გეგმის სწორკუთხედში სამი ნავია მოქცეული. აქ ეკლესიის ძირითად სივრცეს მხოლოდ მთავარი და ჩრდილოეთის ნავი ქმნის. სამხრეთის ნავი მთავარი ნავისგან კედლითაა გამიჯნული და მას ერთი ვიწრო შესასვლელით უკავშირდება. ეკლესიას დასავლეთიდან, მთელ სიგრძეზე მინაშენი ეკვრის, რომელიც მხოლოდ მთავარ და სამხრეთ ნავებთანაა დაკავშირებული. შენობა ნაგებია რიყის ქვით. გარეთა კუთხეები, თაღები, პილასტრები, შესასვლელთა წირთხლები, სარკმელთა მოჩარჩოება და ლავგარდანი, კარგად გათლილი შირიმის ქვითაა ნაწყობი. ეკლესია ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია მთავარი ნავის კამარა, კონქის თაღი და გრძივი კედლების ზედა ნაწილები, დანგრეულია სამხრეთ ნავის კამარისა და სამხრეთ კედლის მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩამოშლილია დასავლეთ მინაშენის კამარის სამხრეთ კიდელი, ფასადების მნიშვნელოვან ნაწილს საპირე წყობა შემოცლილი აქვს.