აჭარის რეგიონი (გვერდი 1/2)
დანდალოს ხიდი
ხიდი (აჭარა - ქედის რაიონი)
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდ. აჭარისწყალზე. დანდალოს ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. მდინარეზე გადასული მალის სიგრძეა 20 მ, სიგანე – 3.3 მ, სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია. დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.
მახუნცეთის ჩანჩქერი
ჩანჩქერი (აჭარა - ქედის რაიონი)
ჩანჩქერი საქართველოში, ქედის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს სოფელ ზედა მახუნცეთის ჩრდილო ნაწილში, ზღვის დონიდან 335 მეტრის სიმაღლეზე, მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა მხარეს. პატარა შენაკადზე გამოედინება 50 მეტრის სიმაღლის ჩანჩქერი, რომელიც საკმაოდ მოზრდილ მორევს აჩენს. პორფირიტული ტუფებისა და ტუფბრექჩიების წყებით აგებული, ქედის იმ ნაწილში გამომდინარე ჩანჩქერი ძალზე შთამბეჭდავია და ბევრ მნახველს იზიდავს. აქვეა განლაგებული რესტორნის ტიპის კვების ობიექტები და ასევე საპიკნიკე ადგილები.
მწვანე ტბა
ტბა (აჭარა - ხულოს რაიონი)
მწვანე ტბა — ტბა ხულოს მუნიციპალიტეტში, არსიანის ქედის ჩრდილოეთ ნაწილში. სუსტად მინერალიზებული, სუფთა, გამჭვირვალე და სასმელად ვარგისია. ტბაში თევზი არ არის. სიმაღლე ზღვის დონიდან - 2058 მ. ზედაპირის ფართობი 0,05 კმ². უდიდესი სიღრმე 19,4 მ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით. გაედინება მიწისქვეშა გზით. წყლის დონე გაზაფხულზე მაღალია, ზამთარში დაბალი.
ნურის ტბა
ტბა (აჭარა - ბათუმი)
XIX საუკუნეში წარმოადგენდა ჭაობიან ტერიტორიას. 1933 წელს ქალაქის ბაღი ბავშვთა პარკად გადაკეთდა. მოხდა პარკისა და ტბის ნაპირების კეთილმოწყობა. არხით უკავშირდებოდა შავ ზღვას. 1947 წელს ტბაში პირველი გემი „პიონერი“ ჩაუშვეს, ხოლო 1988 წლის 28 ოქტომბერს გემი „აისი“. მდიდარია თევზით, მათ შორის მოიპოვება სქელშუბლა, კობრი და სხვა. ნაპირთან გაშენებულია 6 მაისის სახელობის პარკი. ნურის ტბას არაერთი ლეგენდა და ისტორიული ფაქტი უკავშირდება.
სხალთის კომპლექსი
ეკლესია (აჭარა - ხულოს რაიონი)
ეკლესიის აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებსა და თვით ფრესკებზე დაცულ წარწერებში ცნობები არ მოიპოვება. ხალხში დარჩენილი ზეპირთქმულებები სხალთის აგებას თამარ მეფის სახელს უკავშირებს. სხალთის ხეობა, შუა საუკუნეებში საკმაოდ დაწინაურებული რეგიონი იყო. აქ გადიოდა აჭარიდან არტაანისკენ მიმავალი უმოკლესი გზა. კუთხის კულტურული აღმავლობა საქართველოს პოლიტიკურ–ეკონომიკური ძლიერებისა და აჭარაში აბუსერისძეთა მმართველობის პერიოდს უკავშირდება. აბუსერისძეები განსაკუთრებული სიქველითა და ღვთისმსახურებით გამოირჩეოდნენ. ცნობილია, რომ მათ მიერ არის აგებული აჭარაში ვერნების, ხიხანის და თხილვანას ეკლესიები.
ტბიყელის ტბა
ტბა (აჭარა - ქობულეთის რაიონი)
ტბიყელი — მაღალმთიანი ტბა საქართველოში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკის ქობულეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კინტრიშის დაცული ტერიტორიების ფარგლებში, ზღვის დონიდან 1900-2000 მეტრის სიმაღლეზე. აქვს მოგრძო, ოვალური ფორმა. სიღრმე 7-8 მ აღწევს. საზრდოობს ატმოსფერული ნალექებით, თოვლის ნადნობითა და გრუნტის წყლებით. ზამთარში იფარება თოვლით და ყინულით, ტბაში ბინადრობს კავკასიური ტრიტონი, რომელიც წითელ ნუსხაშია შეტანილი. არის ტურისტული ბილიკი.