მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 1/17)
აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
აბანოსხევის ჯვარპატიოსნის ეკლესია და სამაროვანი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (8X5 მ) სამხრეთიდან მთელს სიგრძეზე გვიანადელი მინაშენი ეკვრის. თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. დაზიანებულია: ჩამონგრეულია კამარა და კონქი, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. ეკლესია ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციულ ნაწილებში გამოყენებულია თლილი შირმი.
აბუდელაურის (თეთრი) ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
მყინვარული (მორენული) ტბა აღმოსავლეთ საქართველოში, დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, მდინარე როშკისწყლის მარჯვენა შენაკადის აბუდელაურის სათავეში (ხევსურეთის არაგვის აუზი), ზღვის დონიდან 2812 მ, ფართობი 0,035 კმ². მაქსიმალური სიღრმე 3,8 მ, მოცულობა 45 500 მ³. საზრდოობს თოვლის, მყინვარისა და წვიმის წყლით. გამდინარეა. მაქსიმალური დონე აქვს ზაფხულში, მინიმალური — ზამთარში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში (6 თვეზე მეტი) ყინულითაა დაფარული. ყინულისაგან თავისუფლდება მაისის ბოლოს, ტბაში თევზი არ არის.
ავენისის კოშკი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ავენისის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვინებით ამოუქლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.
ავენისის წმინდა გიორგის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კომპლექსის მცირეფართობიანი ტერიტორია აღმოსავლეთი და ნაწილობრივ ჩრდილოეთი მხრიდან საყრდენი კედლითაა გამაგრებული. სამხრეთი და ჩრდილოეთი მხრიდან ეზოს მრუდხაზოვანი მოხაზულობის დაბალი გალავანი ფარგლავს. ეკლესია ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ კიდეში დგას და აღმოსავლეთის ფასადით ღელეს გადაჰყურებს. დანარჩენი ნაგებობები ეზოს დასავლეთ ნაწილში მიჯრითაა განლაგებული.
ანანურის ანსამბლი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
ანატორის ნასოფლარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ანატორელთა ნასოფლარში (ნანგრევებში), მიკვლეულ იქნა ოვალური წისქვილის ქვების ათეულობით ნატეხი. ნასოფლარის პირდაპირ არღუნის მარჯვენა მხარეს, არის ე.წ. „რჯულიან-ურჯულოთ სალოცავი“, ანატორისჯვარი, მთავარანგელოზი. ამ სალოცავში XIX საუკუნის ბოლომდე არაქრისტიანებიც ლოცულობდნენ, რომელთაგან მოტანილ იფქლის ერთ ხმიადს ხუცესთა აზრით, თურმე ქრისტიანთა საზღვნელად მოყვანილ ერთ მოზვერზე დიდად აფასებდა ანატორისჯვარი. ეტყობა, იქვე მდგომ მარიამწმიდის ეკლესიაში (IX-X სს), წარმართ ანატორელებსა და შატილელებს მოაქცევდნენ (მონათლავდნენ) ქრისტიანებად. მთლად უკაცრიელ ადგილას სოფელი არ დაარსდებოდა ამიტომ შატილიც დაახლოებით ამ დროს უნდა დაარსებულიყო.