ტაძრისის ეკლესიათა კომპლექსი
მოკლე აღწერა: ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიაში ერთ-ერთი უძველესი გამორჩეული ადგილია სოფელი ტაძრისი. როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, დასახლებას ეს სახელწოდება ტაძრების სიმრავლის გამო მიუღია. მათი დაარსება წმინდა მამა გრიგოლ ხანძთელისა და მისი მოწაფეების სახელთან არის დაკავშირებული. ტაძრისის მონასტრის ისტორია ორ სულიერ წინამძღვარს: გრიგოლ ხანძთელსა და გიორგი მთაწმინდელს უკავშირდება. საეკლესიო ცხოვრება აქ ჯერ კიდევ მეცხრე-მეათე საუკუნეებში დაწყებულა. ისტორიული ცნობების თანახმად, ტაძრისი ძალიან მალე მნიშვნელოვან კულტურულ საგანმანათლებლო კერად ქცეულა. მისი სახელი მთელ საქართველოში განთქმულა. ამიტომაც ყველა დიდგვაროვანი ცდილობდა, საკუთარი პირმშო აღსაზრდელად სულიერებისა და კულტურის ამ წმინდა კერაში მიეყვანა. მონასტერში ცნობილი საერო პირების შვილები ცხოვრობდნენ, რაც მის კარგ რეპუტაციაზე მეტყველებდა. მათ შორის უპირველესი თავისი მოღვაწეობითა და ქართული ეკლესიის წინაშე გაწეული უდიდესი ღვაწლით ღირსი მამა ქართველთა -- წმინდა გიორგი მთაწმინდელი გახლავთ. „და წარიყვანეს სამცხეს მონასტერსა სადედოსა, რომელსაც ეწოდების ტაძრისი~… ~რაიცა შეიქმნა შვიდისა წლისა, მონასტერსა ტაძრისსა დისა თვისსა თანა წარიყვანეს“, –– წერს ღირსი მამის ჰაგიოგრაფი გიორგი მცირე. ამ დროს ტაძრისის დედათა მონასტრის წინამძღვარი ღირსი და წმინდა მონაზონი საბიანე ყოფილა. წმინდა დედას შვილივით მიუღია მცირეწლოვანი ყრმა. ღირსმა მამამ მონასტერში 3 წელი დაჰყო. ისტორიული ცნობების თანახმად, ამ დროს ტაძრისის სამონასტრო კომპლექსი სამონასტრო ეკლესიების, წინამძღვრის რეზიდენციისა და ციხისგან შედგებოდა. ამჟამად ამ ტერიტორიაზე მხოლოდ ორი ტაძარი: წმინდა გიორგი მთაწმინდელის სახელობისა და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის ერთნავიანი ბაზილიკებია შემორჩენილი. სამონასტრო ცხოვრება ტაძრისში მე–16 საუკუნემდე შემორჩენილა. 1550 წელს, თურქების ოტომანთა დინასტიის დაპყრობის შედეგად, ტაძრისის მონასტერი განადგურდა. მე–18 საუკუნეში, რეგიონი ისევ საქართველოს სამეფოს ნაწილად იქცა, მაგრამ მონასტერი არ განახლებულა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით, ღირსი გიორგი მთაწმინდელის დაბადებიდან 1000 წლისთავისთვის ტაძრისში ღვთისმსახურება კვლავ აღდგა. 2009 წლის 10 ივლისს ღირსი გიორგი მთაწმინდელის ხსენების დღეს საზეიმო წირვა თავად საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელმა აღავლინა.
დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი ინფორმაცია არ არის
სიზუსტე 5 კმ
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 1297 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში