ფოკის წმ. ნინოს ეკლესია

ფოკის წმ. ნინოს ეკლესია

მოკლე აღწერა: ფოკის წმიდა ნინოს მონასტერი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ფარავნის ტბის ნაპირას. მონასტრის დაარსება საქართველოში ქრისტიანობის გამავრცელებელ წმიდა ნინო კაბადოკიელის სახელს უკავშირდება. წმიდა ნინო საქართველოში ჯავახეთიდან შემოვიდა და ფარავნის ტბასთან შეჩერდა. XI საუკუნეში სწორედ მისი სახელობის ტაძარი ააგეს. დარბაზული ეკლესია ნაგებია სუფთად გათლილი, ნაწყობი კვადრებით… საკურთხევლის აფსიდში ორი მაღალი, გეგმით ნახევარწრიული ნიშაა. დეკორატიული მორთულობა მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა შემონახული. კარ-სარკმელები შემკულია ჩუქურთმებით. ინტერიერში შემონახულია მხატვრობის ფრაგმენტები. კარის თავზე წარწერაში მოხსენიებულია ქართლის კათალიკოსი იოანე ოქროპირი, ხოლო კარის მარჯვნივ წარწერაში – ძეგლის მშენებელი “ხელოსანი ბევრელი”. დაპყრობითი ომებისას, XVII ს-ში ჯავახეთი და შესაბამისად, ტაძარიც დაცარიელდა. მხოლოდ XIX საუკუნის დასაწყისში მოხერხდა ამ ტერიტორიების დაბრუნება.

დამატებითი ინფორმაცია: წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის ადგილას 1989 წელს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით დაარსდა მამათა მონასტერი, ფოკის წმიდა ნინოს მამათა მონასტერი ხოლო 1992 წელს ახლოსვე გაიხსნა დედათა მონასტერიც. ის წმიდა ნინოს ეკლესიასთან მდებარეობს. ამჟამად ორივე მონასტერი მოქმედია.
დედათა მონასტერთან არსებობს სამრევლო სკოლა, მონაზვნები ცდილობენ მართლმადიდებლური სარწმუნოების გაღვივებას ამ მხარეში. აგრეთვე ფუნქციონირებს სამედიცინო კაბინეტი და მონაზვნები სოფლის მცხოვრებთ უსასყიდლოდ მკურნალობენ. დედებს აქვთ ასევე მცირე მეურნეობა, მისდევენ მესაქონლეობას. მონასტერში გახსნილია ტიხრული მინანქრის სახელოსნო, “ფოკანი”, სადაც ხატები და ღვთისმსახურებისათვის საჭირო ნივთები მზადდება.
ნინოწმინდაში ნინოობის დღესასწაული 1989 წლიდან პირველ ივნისს აღინიშნება, როდესაც საქართველოს პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით სოფ. ფოკაში წმიდა ნინოს საქართველოში შემოსვლის დღის აღნიშვნას დაედო სათავე. რაიონში ნინოობას საქართველოს წმიდა სინოდის მღვდელთმთავრები, სასულიერო პირები და მრევლი ესწრებიან. ღია ტრაპეზზე საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, მსურველები ფარავნის ტბაში ინათლებიან. მამათა მონასტრის ბერები ყველასთვის მართავენ საზეიმო ტრაპეზს, ხოლო იმავე საღამოს იწყება წმიდა ნინოს ნაკვალევზე მცხეთისაკენ ფეხით მსვლელობა და 13 ივლისს სვეტიცხოვლობის დღესასწაულზე მთავრდება.

ფოკის წმ. ნინოს ეკლესიაეკლესია
Loading...
0/5 ქულა (0 ხმა)
geo ეროვნული მნიშვნელობის უძრავი ძეგლი
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2081 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში
შეტყობინება შეცდომის შესახებ