ბზიანის კომპლექსი
მოკლე აღწერა: ეკლესია დარბაზულია (10,25 X 7,75 მ). შესასვლელი ორი ჰქონია, ჩრდილოეთით და დასავლეთით (დასავლეთისა ამოქოლილია). ორივე კარი თაღოვანი იყო. ნახევარწრიულ აფსიდში ერთი თაღოვანი სარკმელია. ასეთივე სარკმელია სამხრეთ კედელში. დარბაზის გრძივ კედლებზე ორი წყვილი პილასტრია, რომლებსაც ეყრდნობა საბჯენი თაღები. პილასტრებს თაროს დახრილი სიბრტყისა და ლილვისგან შედგენილი შირიმის კაპიტელები აქვთ.
დამატებითი ინფორმაცია: ეკლესიის ჩრდილოეთ კედელზე, მთელ სიგრძეზე, მიშენებულია წაგრძელებული დაბალი სათავსი, რომელიც განივი კედლით ორ ნაწილადაა გაყოფილი. ჩრდილო-აღმოსავლეთის სწორკუთხოვანი ოთახი (სამკვეთლო) კარით უკავშირდება ეკლესიას. კარი ეკლესიის მხრიდან არქიტრავითაა გადახურული. სამკვეთლოს აღმოსავლეთ კედელში თაღოვანი სარკმელია, ხოლო სამხრეთ კედელში სწორკუთხოვანი ნიში. სამკვეთლო გადახურულია ცილინდრული კამარით. ჩრდილო-დასავლეთის სათავსი სვეტზე დაყრდნობილი ორი ნალისებრი თაღით უკავშირდება დარბაზს. აღმოსავლეთ თაღის მარჯვნივ ომპოსტის პროფილს თარო და ლილვი შეადგენს. თაროს ზედაპირი მოჩუქურთმებულია. მოპირდაპირე იმპოსტი შეწყვილებული გრეხილი ლილვის სახითაა დამუშავებული. დასავლეთის თაღის მარჯვენა იმპოსტი მარტივი თაროსებრი ფორმისაა, მარცხენა იმპოსტის პროფილს ორ ლილვს შორის მოქცეული ამოზნექილი ზედაპირი წარმოადგენს. სათავსის ნალისებრ კამარას ნალისებრივე საბჯენი თაღი ორ თანაბარ ნაწილად ყოფს. თაღი მარტივი პროფილის კრონშტეინებს ეყრდნობა.
ეკლესიის ფასადები მოპირკეთებულია ქვიშაქვის ქვებით, თარაზული რიგები მკაცრადაა დაცული. აღმოსავლეთ და სამხრეთ ფასადებზე სარკმლებს ჰორიზონტულგადანაკეცებიანი რელიეფური თაღოვანი თავსართი აქვთ. ლავგარდნის პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს.
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 971 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში