წალენჯიხის ტაძარი
მოკლე აღწერა: ცენტრალურ გუმბათოვან ტაძარს სამი მხრიდან გარსშემოსავლელები აქვს, რომელთაგან სამხრეთისა და ნაწილობრივ ჩრდილოეთისაც გადაკეთებულია დადიანთა საგვარეულო ეგვერად. გალავანში ჩრდილო-დასავლეთით ჩაშენებულია ორსართულიანი სამრეკლო, რომლის I სართულში ალაყაფის კარია. გალავნის გარეთ დადიანის სასახლისა და სხვა ნაგებობათა ნაშთებია. ტაძრის დასავლეთით 40-45 მ სიგრძის გვირაბია.
დამატებითი ინფორმაცია: შემორჩენილი ქართული და ბერძნული წარწერების თანახმად, ტაძრის ინტერიერი სამეგრელოს მთავრის ვამეყ დადიანის (1384-1396) ბრძანებით მოუხატავს კონსტანტინოპოლიდან საგანგებოდ მოწვეულ მხატვარს კირ მანუელ ევგენიკოსს. ეს მოხატულობა XIV საუკუნის დასასრულს კონსტანტინოპოლის სკოლის ერთადერთი შემორჩენილი, ზუსტად დათარიღებული და მხატვრის მიერ ხელმოწერილი ნიმუშია. XVII საუკუნის შუა წლებში მხატვრობის დაზიანებული ადგილები განუახლებია ეპისკოპოს ევდემონ ჯაიანს, ეგვტრების სხვადასხვა დროის მოხატულობებში (XVI-XIX სს.) გამოირჩევა მრავალრიცხოვან საერო პირთა გამოსახულებები (მათ შორისაა ლევან II დადიანის საოჯახო პორტრეტი მისივე ეგვტერის სამხრეთ კედელზე).
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძარში დასავლეთის ეკვდერში განისვენებს სამეგრელოს მთავარ ლევან II დადიანი და მისი მეუღლე დედოფალი ნესტან დარეჯანი. ტაძრის ეზოში განისვენებენ მოძღვრები: ნიკოლოზი, იესე, კალისტრატე, სამსონი, მაქსიმე, გიორგი თვალთაძეები, ლაზარე კალანდია. აქვე იმარხებოდნენ ლიპარტიანების ადრეული დინასტიის წარმომადგენლები.
კომუნისტური მმართველობის დროს შვიდი ათეული წლის განმავლობაში ეკლესია დაკეტილი იყო. უფლის წყალობით 1988 წელს ტაძარში აღდგა ღმრთისმსახურება. 1988-89 წწ. ახალგახსნილი ტაძრის პირველ წინამძღვრად მღვდელი შალვა (აფხაიძე) მსახურობდა. 1989 წლიდან 2005 წლამდე ტაძარს წინამძღვრობდა დეკანოზი რომანოზ ჩიქობავა. მისი გარდაცვალების შემდეგ ტაძრის წინამღვარია დეკანოზი ანდრია კემულარია. ამავე ტაძარში მსახურობს მღვდელი ილია ლუკავა, რომელიც არის სოფ. ჯგალის წმიდა გიორგის ეკლესიის წინამღვარი.
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 235 მ
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში