ხოვლეს აკვედუკი (ბელღარი)
მოკლე აღწერა: სოფ. ხოვლედან სამხრეთ-აღმოსავლეთით 1 კმ-ზე, მდ. ხეხმელას მარჯვენა შენაკადის ზესხევის წყლის შუაწელზე აგებულია აკვედუკი ანუ ბელღარი. ადგილობრივი მოსახლეობა მას „ქვახიდას“ უწოდებს. ბელღარი (სიგრძე 30 მ, სიგანე 1,1 მ, სიმაღლე 9 მ) თავად ჯავახიშვილების სასახლის წყალმომარაგების სისტემის მთავარი ნაგებობაა. იგი აგებულია ფილაქვით დუღაბზე. შუა მალი ბურჯებზე დაყრდნობილ შეისრულ თაღს წარმოადგენს. მის ქვეშ ხევის წყალი გადიოდა. გვერდითი მალები არაწესიერი ნახევარწრის ფორმის თაღებია. აკვედუკის ზედაპირზე წყალსადენის კერამიკული მილები ეწყო, ხოლო თავსა და ბოლოში წყლის სალექარი ქვევრებია ჩაფლული მიწაში. ბელღარი თარიღდება XVII-XVIII სს-ით (ბაგრატიონი 1992: 51-53).
დამატებითი ინფორმაცია: აკვედუკი (ლათ. aquaedictus< aqua – წყალი და duco – მიმყავს) — წყალსატარი (არხი, მილი), რომლითაც წყალი თვითდინებით მიემართება დასახლებული პუნქტებისაკენ, სარწყავი და ჰიდროენერგეტიკული სისტემებისაკენ. აკვედუკს უწოდებენ აგრეთვე წყალსატარის ნაწილს — მდინარეზე, ხევზე ან გზაზე წყლის გადასაყვან ხიდურ ნაგებობას (ხიდ-აკვედუკი, ბელღარი). წყალსატარის ტიპის მიხედვით ხიდ-აკვედუკზე შეიძლება განლაგდეს დიდი დიამეტრის მილსადენი, ღია თუ დახურული ღარები ან არხი (ხიდ-არხი).
აღმოსავლეთ ქვეყნებში აკვედუკებს აშენებდნენ ძვ. წ. II ათასწლეულიდან, საბერძნეთში - ძვ. წ. VII საუკუნიდან, ნაწილობრივ შემონახულია ქ. რომის აკვედუკები (ძვ. წ. IV ს.), რომელთა საერთო სიგრძე იყო 436 კმ, აქედან 55 კმ ხიდ-აკვედუკები ყოფილა. ცნობილია აკვედუკი „აპიუსის წყალი“ („Aqua Appia“), რომელიც ძვ. წ. 312 აპიუს კლავდიუსმა გაიყვანა. რომაული არქიტექტურის ბრწყინვალე ნიმუშებად არის აღიარებული რომაელების მიერ გალიაში (დღევანდელ საფრანგეთში), ნიმის მახლობლად აგებული აკვედუკი „პონ-დიუ-გარი“ (ძვ. წ. I ს.), ამჟამად მოქმედი აკვედუკი სეგოვიის მახლობლად (ახ. წ. II ს., ესპანეთი).
ცნობილია აგრეთვე ბურგასის აკვედუკი კონსტანტინოპოლთან (VI ს.). მოგვიანებით აკვედუკები ააშენეს ესპანეთში, საფრანგეთსა და იტალიაში. თანამედროვე აკვედუკს აგებენ ბეტონის, რკინაბეტონისა და ლითონისაგან, იშვიათად — ხისგან.
მაღალი გამავლობის ავტომობილი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში