სამშვილდის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)

ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ხრამის (ქცია) შუა წელში, ლავურ ქანებში გამომუშავებულ ღრმა კანიონისებრ ხეობისა და მდ. ჭივჭავის კანიონის ერთობლიობას. სამშვილდის კანიონი იწყება გაშიშვლებული კვარცპორფირის ინტრუზივით, რომელსაც გამოფიტვის შედეგად სცვივა მაგმური კვარცის ლამაზი ერთნაირად დაკუთხული ბიპირამიდული ფორმის კრისტალები. კვარცის ეს კრისტალები ბუნების ნამდვილი საოცრებაა. ბუნების ძეგლი მოიცავს 5-6 კილომეტრის სიგრძის მდ. ხრამის კანიონს და 3-4 კილომეტრის სიგრძის მდ. ჭივჭავის კანიონს. კანინის ჩაჭრის სიღრმე საშუალოდ 300 მ-ია. ბუნების ძეგლის სიახლოვეს მდებარეობს საინტერესო ისტორიული ძეგლი - სამშვილდის ნაქალაქარი.
სამშვილდის სიონი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ნაქალაქარში მრავალი საფორტიფიკაციო, საკულტო და სხვა დანიშნულების შენობათა ნანგრევებია, რომელთაგან ყველზე მნიშვნელოვანია VIII საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ცენტრალურ-გუმბათოვანი დიდი საეპისკოპოსო ტაძრის სამშვილდის სიონი. ქართლის ცხოვრება გვამცნობს რომ V საუკუნეში ვახტანგ გორგასალის დედამ საგდუხტმა "აღაშენა სიონი სამშუილდისა". ტაძარი დანგრეულია, შედარებით უკეთ არის შემონახული აღმოსავლეთი ნაწილი. აღმოსავლეთის ფასადზე დაცული გრძელი წარწერის ფრაგმენტებში მოთხრობილია ტაძრის აშენების ისტორია
სამწერისის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
სტილისტური ნიშნებით თარიღდება VII საუკუნის I მესამედით. ძეგლზე შემორჩენილია ორი წარწერა: პირველი (აღმოსავლეთ ფასადზე სარკმლის სათაურის ქვემოთ) თარიღდება X საუკუნით და სოფელ სამწერისში არხის გაყვანას გვაუწყებს; მეორე (სამხრეთ ფასადის ზემო მონაკვეთში) უშუალოდ ტაძარს ეხება: `მეორედ მაშენებელსა ფანასკერთელს მერაბს შეუნდვნეს ღმერთმან.~ XV-XVI საუკუნეების მიჯნაზე ამ ადგილის მფლობელებს (კერძოდ მერაბ ციციშვილს) ეკლესია შეუკეთებიათ და უკურთხებიათ წმინდა გიორგის სახელობაზე (თავდაპირველად წმინდა ჯვარი ეწოდებოდა). წარწერაში მოხსენიებული ზედამდეგი საბა ეკლესიის განახლებას ხელმძღვანელობდა.