კატეგორია - ბუნების ძეგლი (გვერდი 1/5)
აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
ალაზნის ჭალის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ღირსშესანიშნაობა: ბუნების ძეგლი წარმოდგენილია მდინარე ალაზნის ყურეში 204,4 ჰა ფართობზე ბუნებრივი წარმოშობის ლიანებიანი ჭალის ტყის სახით. აქ უხვადაა მრავალწლოვანი კაკლები, იფნები, მუხები და თელები, ასევე ჭალის ტყისათვის დამახასიათებელი ბუჩქნარი. ე.წ. კაკლის ყურეში 1 კმ-იანი საფეხმავლო მარშრუტის გავლას ერთი საათი სჭირდება. მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, მდ. ალაზნის მარჯვენა ნაპირი სოფ. ფიროსმანიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 165 მეტრი ზღვის დონიდან.
არწივის ხეობის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
ბუნების ძეგლი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შედის ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში. არწივის ხეობა ქ. დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის მცენარეები გვხვდება. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც – შავი ყარყატი და ორბი. არწივის ხეობა იდეალური ადგილია ფრინველებზე დაკვირვებისთვის (Birdwatching).
ბალდის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმადგენს მდ. აბაშის მიერ ასხის მასივის სამხრეთ ნაწილში, კირქვულ ქანებში გამომუშავებულ კანიონს. კანიონის სიგრძეა 1400 მ-ია, სიგანე 5-10 მ, ხოლო ჩაჭრის საღრმე 25-30 მ. მდებარეობა: მარტვილის მუნიციპალიტეტი, სოფ. მეორე ბალდა, მდ. აბაშის ხეობა, ბალდის მამათა მონასტრის მიმდებარედ, 295 მეტრი ზღვის დონიდან.
ბოდორნის კლდის სვეტების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ნეოგენურ კონგლომერატით, ანუ ბუნებრივად შეცემენტებულ რიყნარებში გამომუშავებულ კლდის სვეტი, რომლის სიმაღლე 15 მეტრია. სვეტის ქვედა ნაწილის დიამეტრი 4 მეტრია, ზემოთ თანდათან ვიწროვდება. ბოდორნის სვეტის ქვედა ნაწილში ოროთახიანი გამოქვაბულია კედელში გამოჭრილი თახჩით. სვეტიდან დაახლოებით 150-200 მ-ში აღმართულია ბოდორნის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია, რომელიც XVII საუკუნეში იქნა აგებული. ბუნების ძეგლის მიმდებარე ფერდობებზე საკმაოდ მრავლად არის ადამიანის მიერ ხელით ნაკვეთი გამოქვაბულები, რომელთაც ჩვენს ისტორიულ წარსულში საკულტო ან თავშესაფრის დანიშნულება ჰქონდა.
ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს 1700 მ სიგრძისა და 14 000 მ2 ფართობის მღვიმეს, რომელიც გამომუშავებულია მდ. ბღერისწყლის მიერ ქვედაცარცული ასაკის თხელ და საშუალო შრეებრივ კირქვებში. მდინარე თავდაპირევლად დახურულ ხეობას წარმოქმნის და შემდგომ ჩაედინება ვიწრო პონორში. იგი იწყება წვრილმარცვლოვანი ქვიშითა და ზედაპირიდან ჩამორეცხილი ხის ტოტებით ამოვსებული 30 მ - სიგრძისა და 40-50 სმ სიმაღლის ხვრელით, რომელშიც ჩაედინება მდინარე ბღერისწყლის ნაკადები. აქ მას მარჯვნიდან მელოურისა და დიდღელეს მღვიმეებიდან შემოსული მუდმივმოქმედი ნაკადები უერთდება. მდინარე განედურად გადაკვეთს მთელ მღვიმეს და დასავლეთ დაბოლოებაში ნაზვავსა და მცირე სიღრმის სიფონში იკარგება. ბღერის მღვიმეს კარგად ეტყობა ნაკადების ეროზიული ზემოქმედების კვალი.
გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
გოჭკადილის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (სამეგრელო-ზემო სვანეთი - მარტვილის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდინარე აბაშის მიერ აბდათის კირქვული ქანებით აგებულ ანტიკლინში, კანიონისებურად გაჭრილ ხეობას. კანიონის სიგრძე 2400 მ-ია, ჩაჭრის სიღრმე 20-30 მ, ხოლო სიგანე 5-10 მ. კანიონში ორ ადგილას არის შენახული კირქვის ბუნებრივი ხიდები, რაც იმის მანიშნებელია, რომ აქ ოდესღაც კარსტული მღვიმე ჩამოიშალა. გარდა ამისა, კანიონის შუა წელში წარმოიშობა 12-15 მ სიმაღლის ვარდნის მცირე ჩანჩქერები. ერთი მონაკვეთი გამოირჩევა განსაკუთრებული სილამაზით. ეს არის ოფუცხოლე, რომელიც ცნობილია “დადიანების საბანაოს” სახელით. აქ ჩასასვლეად ბილიკი კირქვის დიდი კვადრებისგან აშენებული კიბეს ჩაუყვება. გადმოცემის თანახმად, სწორედ ამ კიბით დადიოდნენ გიორგი მთაწმინდელი და დავით აღმაშენებელი. მიმდებარე კირქვოვან კლდეებზე განვითარებულია კოლხური ტყისთვის დამახასიათებელი ფლორა, თავისი უნიკალური წარმომადგენლებით, აქ გვხვდება: დათვის თხილი, კოლხური ბზა, უთხოვარი და სხვა. მრავლადაა სხვადასხვა სახეობის ხავსი, გვიმრანაირები.
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
მდ. ოსუნელას მიერ ბარემულ კირქვებში გამომუშავებული მღვიმეა, სადაც მრავლადაა ჭერიდან და კედლებიდან მორღვეული ლოდნარი, თიხის ნაფენები და სხვა. მღვიმის შესასვლელთან არსებულ ნაპრალში ჟონავს კინკილეს ნაკადული, სადაც ჩნდება დროებითი ტბა.