Region of Imereti (Page 2/5)
Gabzaruli (Cracked) Lake Natural Monument
Natural Monument (Imereti - Tskhaltubo district)
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში, შახტი ფართო ნაპრალის სახით ფოთლოვანი ტყით დაფარულ ფერდობზე იხსნება. ჩრდილოეთისკენ გაწოლილი ნაპრალის სიგრძე 60 მ აღწევს, სიგანე 2-25 მ-ია. ნაპრალის ფსკერზე, ზედაპირიდან 25 მ სიღრმეზე 45 მ სიღრმის სიფონური ტბა მდებარეობს. ნაპრალური სიფონი მღვიმური სისტემის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. სიფონური ტბის დონე მდ. ყუმის გამოსასვლელების დონეს ემთხვევა.
Gelati Monastery Complex
Monastery (Imereti - Kutaisi)
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~
Ghliana Cavern Natural Monument
Natural Monument (Imereti - Tskhaltubo district)
ქვედაცარცულ კირქვებში გამომუშავებულ მღვიმეს ორი შესასვლელი გააჩნია; პირველი - საიდანაც ძირითადი მიწისქვეშა ნაკადი გამოდის, სიმაღლით 3.5-4 მ, ხოლო სიგანე 7 მ-ია; მარცხენა განშტოება მთავარი შესავლელიდან 35-40 მ-ის დაშორებით ციცაბო საფეხურებით ზედაპირზე ამოდის. აქედან 60 მეტრში ფსკერი 50 მ სიგრძის სიფონურ ტბას უკავია, რომლის სიგანე 3-4 მ, ხოლო ჭერის სიმაღლე 2,5 მ აღწევს. პირველ სიფონს 200 მ სიგრძის წყლიანი და უნაპირო დერეფანი აგრძელებს; აქ წყლის სიღრმე 0,5-2 მ-ია. წყლიან დერეფანს კვლავ სიფონური გალერეა მოსდევს, რომლის სიგრძე 30 მ, ხოლო სიგანე 1-2 მ-ია. იგი კვლავ 150 მ-იან გალერეაში გადადის, რომლის ჭერი თითქმის მთელ სიგრძეზე ნაღვენთი ფორმებითაა დაფარული. ეს წყლიანი გალერეა მღვიმის ბოლომდე კვლავ რამდენიმე სიფონურ გასასვლელს ივითარებს, ხოლო ბოლოში 20-30 მ სიგრძეზე ჭერის დადაბლების გამო გადაადგილება ძალზე გაძნელებულია. ღლიანას მიწისქვეშა დინების დებეტია 50-55 ლ/წმ (წყალმცირობისას), ეს ნაკადი მღვიმიდან გამოსვლის შემდეგ, მდ. ყუმის ვოკლუზურ წყაროებს უერთდება. მღვიმის მშრალ დერეფნებში ღამურების მრავალრიცხოვანი კოლონია ბინადრობს.
Iazoni Cavern Natural Monument
Natural Monument (Imereti - Kutaisi)
ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს , რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.
Imereti King's Palace (Okros Chardakhi)
Church (Imereti - Kutaisi)
ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია ქუთაისში რიონის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის დგას. თავდაპირველი რეზიდენციის შესახებ ცნობები მხოლოდ მოგზაურთა თხზულებებმა შემოინახა. იტალიელი მოგზაურის ამბროჯიო კონტარინის ცნობით, XV საუკუნის II ნახევარში აქ იმერეთის მეფის, ბაგრატ II-ის სასახლე იდგა. XVII საუკუნეში რუს ელჩებს, ტოლოჩანოვსა და იევლევს, სამეფო კომპექსი დახვდათ. კომპლექსის ზოგი ნაგებობა, მათი ცნობით, მეფე გიორგი III-ის (1605-1638) აშენებული და მეფე ალექსანდრე III-ის (1639-1660) შეკეთებული იყო. რეზიდენციას რამდენიმე ძირითადი ნაგებობა ჰქონდა: წმ. გიორგის კარის ეკლესია, დიდი სახლი, მცირე სახლი და სასადილო პალატი. ეზოს შუაში, დიდი ჭადრების ქვეშ, რომელთაგან ერთი დღემდეა შემორჩენილი, იდგა ჩარდახი - მაგიდა ოთხ სვეტზე დაყრდნობილი სახლინებლით. გალავნის კედელში ჩართული იყო სამრეკლო და მეფის სალაროსა და სასახლის მცველებისათვის განკუთვნილი კოშკი. სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში, ლევან II დადიანის თავდასხმების დროს, და 1770-იანი წლებისთვის უკვე მიტოვებული იყო. იგი ნაწილობრივ მეფე სოლომონ II-მ აღადგინა. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. 1810 წლიდან ოქროს ჩარდახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. 1830 წელს სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს მიაკუთვნეს, შემდეგ თუმანიშვილებმა და აკოფაშვიოლება იყიდეს. 1851 წლიდან ოქროს ჩარდახი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორის საცხოვრებლად განაწესეს. 1891 წლიდან შენობა სასწავლო უწყებამ შეიძინა გიმნაზიის თანამშრომლების ეკლესიად. რეზიდენციის ნაგებობათაგან დღეს შემორჩენილია მხოლოდ ერთი — ე.წ. მცირე სახლი. წაგრძელებული მართკუთხა გეგმის ორსართულიანი შენობის კედლები ნატეხი და რიყის ქვითაა ამოყვანილი, წყალდიდობისგან დასაცავად გამიზნული პირველი სართული ყველა მხრიდან თაღებით არის გახსნილი (თაღები ოთხ რიგად განლაგებულ 12 ბურჯს ეყრდნობა). მეორე სართულის დიდი დარბაზის კედლებს XVI-XVII სს-ში ბატალური სცენები ამკობდა. ნაგებობა XIX საუკუნეში გადაკეთდა, ხოლო საბოლოო სახე 1960-იან წლებში მიიღო.
Katskhi Column Monastery Complex
Monastery (Imereti - Tchiatura district)
კაცხის სვეტი — კირქვის სვეტისებრი დენუდაციური „მოწმე“ — შთენილი კლდე ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში, მდინარეების კაცხურისა (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) და ღვითორის (ბუჯის მარცხენა შენაკადი) წყალგამყოფზე. სვეტის სიმაღლე 40 მეტრია. ზოგიერთი მკვლევარი მიიჩნევს, რომ კაცხის სვეტი თავდაპირველად მონოფიზიტ განდეგილთა სამყოფელს წარმოადგენდა, თუმცა ეს მოსაზრება საყოველთაოდ არაა გაზიარებული, სათანადო არგუმენტაციის არქონის გამო. სვეტის ზედა ბაქანზე დგას ორი მცირე ზომის ეკლესია
Katskhi's Cylindrical form Church
Monastery (Imereti - Tchiatura district)
კაცხის მონასტერს უდიდესი ისტორია აქვს. ასეთი შესანიშნავი ტაძრის აშენება ამ ადგილზე გვაფიქრებინებს, რომ კაცხი თავის დროზე სამხედრო-სტრატეგიული და საეკლესიო ცენტრი უნდა ყოფილიყო. ის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ფეოდალურ სახლთა საგვარეულო ეკლესია და საძვალე იყო. ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე. ძირითადი ნაწილის შენება დაწყებულა მას შემდეგ, რაც ბაგრატ III-ის მიერ კლდეკარიდან განდევნილი რატი ბაღვაში „დაჯდა მამულსა თუისსა არგვეთასა“ ე.ი. 899 წლის შემდეგ, X საუკუნის მიწურულს, ხოლო დამთავრებულა ბაგრატის მეფობის ბოლოს – 1010 – 1014 წელს. ეს დასტურდება ტაძრის სამხრეთ-დასავლეთი შესასვლელის ტიმპანიის წარწერითაც: „წმინდაო სამებაო, ადიდე შენს მიერ დამყარებული ბაგრატ აფხაზთა და ქართუელთა მეფე, ტაოსა და რანთა, კახთა და ყოვლის აღმოსავლეთის დიდი კურაპალატი“.
Khomula Cavern Natural Monument
Natural Monument (Imereti - Tskhaltubo district)
ბუნების ძეგლი გამომუშავებულია ქვედაცარცულ კირქვებში. მღვიმე იწყება წამოხურული კარნიზით. შესასვლელის წინ (ზედაპირზე) ჩაქცევით წარმოშობილი ტბაა, რომლის სიღრმე5 მეტრია, გარშემოწერილობა კი 30 მ. ტბა მიწისქვეშა დინებით წყალტუბოს წყალსაცავს უერთდება. 4 მეტრიანი საფეხურით მღვიმე ორ ნაწილად იყოფა. წინა ნაწილი ვრცელია, ფსკერზე - კარსტული ძაბრებით. მეორე ნაწილი ვიწრო ხვრელია, გადაადგილება მხოლოდ ფორთხვით არის შესაძლებელი. მღვიმე მშრალია. შეიმჩნევა დროებით ღვართა ნაკვალევი. გვირაბის ბოლოში პატარა ტბაა.