კვავლოს კოშკები
მოკლე აღწერა: კვავლოს კოშკი — კოშკი მდებარეობს ახმეტის მუნიციპალიტეტში, თუშეთში, ნასოფლარ კვავლოს განაპირას, ჩრდილოეთით. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
დამატებითი ინფორმაცია: კოშკი ხუთსართულიანია, ზემოთკენ შევიწროვებული. ნაშენია ფიქლით. წყობა მშრალია. ძეგლი დაზიანებულია: ჩამოშლილია მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა, მთელ სიმაღლეზე დაბზარულია აღმოსავლეთ კედელი. კოშკში შესასვლელი I სართულზეა (5,8 X 5,8 მ) სამხრეთიდან. კარი თაღოვანია. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სათოფურია. სართული გადახურულია შეკრული კამარით, რომელშიც მოწყობილია მეორე სართულზე ასაძრომი ხვრელი. მეორე სართულის სამხრეთ კედლის შუაში განიერი და მაღალი სარკმელია გაჭრილი. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლების ჩრდილო კიდესთან თითო სათოფურია. ორი სათოფურია ჩრდილო კედლის დასავლეთ ნაწილში. მესამე სართულის სამხრეთ კედელში მცირე ზომის თაღოვანი სარკმელია, აღმოსავლეთ და ჩრდილო კედლებში – თითო სათოფური. კოშკის მეოთხე სართულის არქიტექტურული გადაწყვეტა მესამის ანალოგიურია. მეხუთე სართულის ოთხივე კედელში თითო შეისრულთაღოვანი მაღალი სარკმელია, რომელთა ქვედა ნახევარი, გარედან, ფიქლის კრონშტეინებზე დაყრდნობილი სწორკუთხა მაშიკულია მიდგმული. სართული გადახურულია შეკრული კამარით.
მეორე, მესამე და მეოთხე სართულების გადახურვა ხის კოჭებზე ყოფილა გამართული, შემორჩენილია კოჭების საყრდენი ბუდეები. გარედან კოშკს პირამიდისებრი საფეხუროვანი სახურავი ხურავს.
სიმაღლე ზღვის დონიდან: ≈ 2149 მ
საფეხმავლო ბილიკი
პუნქტის embed კოდი
პუნქტის მონიშვნა როგორც ნანახი
პუნქტის დამატება სურვილების სიაში