კახეთის რეგიონი (გვერდი 10/16)
მელაანის სამების ეკლესია
ეკლესია (კახეთი - გურჯაანის რაიონი)
მელაანის სამების ეკლესიის შესახებ ისტორიული ცნობები თითქმის არ მოიპოვება. ძეგლზე არაა არც დამათარიღებელი წარწერა. თუმცაღა, იგი იმდენად ახლოს დგას გურჯაანის ქვაშვეთის გადაწყვეტასთან, რომ ამავე პერიოდს – XVIII – XIX საუკუნეებს უნდა ეკუთვნოდეს.
მონასტერი „პატარა ქვაბები“
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მწარე ხევში არის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი - პატარა ქვაბები, რომელიც დავით გარეჯის გამოქვაბულ მონასტერთა კომპლექსს მიეკუთვნება. საინტერესოა ვახუშტი ბაგრატიონის სიტყვები: "არამედ ყოფილან მონასტერნი მრავალნი ვიდრე მწარე წყლამდე". ის მიუთითებს, რომ მწარე წყლის ხეობა, ფაქტობრივად, საზღვრავდა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საზღვრებს.
მწვერვალი ცივი
ხედი (კახეთი - თელავის რაიონი)
ცივი — მთა გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე (სიმაღლე — 1991 მეტრი). თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია მიო–პლიოცენური (ე.წ. ცივის წყება) ფხვიერი ნალექებით – კოგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. მისი ჩრდილო–დასავლეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ–დასავლეთი და ჩრდილო–აღმოსავლეთი – დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა – ფოთლოვანი ტყით.
ნახევარტბა
ტბა (კახეთი - ლაგოდეხის რაიონი)
ნახევარტბა, ბაშლეხელი — ტბა კახეთის კავკასიონის თხემზე, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2713 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,02 კმ², უდიდესი სიღრმე 12,8 მ, საშუალო სიღრმე 6,0 მ. ტბის ქვაბული მყინვარული წარმოშობისაა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. სამხრეთ ნაპირიდან გაედინება მდინარე შრომისხევი (ალაზნის სისტემა). წყალი სუფთაა და გამჭვირვალე.
ნეკრესის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ყვარლის რაიონი)
ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი ქართული ხუროთმოძღვრების რამდენიმე ძეგლს აერთიანებს, რომელთაგან IV საუკუნის II ნახევრის მცირე ზომის ბაზილიკა ერთ-ერთი უძველესია საქართველოში დღემდე მოღწეული ეკლესიათაგან. დიდი სამეკლესიიანი ბაზილიკა VII საუკუნის დასაწყისს განეკუთვნება. მონასტრის ტერიტორიაზე არის საცხოვრებელ და სამეურნეო შენობათა ნაშთები, მცირე სამლოცველოები და სხვა.
ნინოწმინდის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
საკურთეველში შემონახულია XVII საუკუნის ღვთისმშობლის ფრესკა მთავარანგელოზებთან ერთად და მოციქულთა ფრესკები. ეკლესიის კედკებზე შემორჩენილია ხუცური და ლათინური წარწერები.ტაძრის ეზო გარშემორტყმულია XVIII საუკუნის კოშკებიანი გალავნით. ეზოში XVI საუკუნის მაღალი სამრეკლოა. XVIII საუკუნეში ეპისკოპოსმა საბა ტუსიშვილმა სამრეკლოს მიაშენა ორსართულიანი საეპისკოპოსო სახლი, სადაც ამჟამად განვითარებულია საეპისკოპოსო რეზიდენცია და წმინდა ნინოს დედათა მონასტერი