ახმეტის რაიონი (გვერდი 1/2)
ალექსანდრე ჭავჭავაძისეული პარკი, მასში განთავსებული შენობა-ნაგებობები.
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
საქართველოში არსებულ სახლ-მუზეუმებს შორის წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ღირებულია მემორიალური მასალის სიუხვით. ისინი დამთვალიერებელს აახლოებს პოეტის ცხოვრებასთან, ამცნობს მის გემოვნება-შეხედულებებს, ხასიათს, ესთეტიკურ მიდრეკილებას, უჩვენებს პოეტი-მხედრის მიერ განვლილ საბრძოლო გზას. მუზეუმი მოგვითხრობს არა მხოლოდ ჭავჭავაძეების შესანიშნავი ოჯახის ისტორიაზე, არამედ ასახავს ეპოქის სულს.
ახალი შუამთა (ხახულის ღვთისმშობლი სახელობის დედათა მონასტერი)
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ახალი შუამთის მონასტრის ერთ-ერთი უმთავრესი სალოცავი ხახულის ღვთისმშობლის ხატია; იგი დაბრძანებული ყოფილა ტაძრის კანკელის წინ, მარჯვენა მხარეს. ოდიგიტრიის ტიპის ჩვილედი ღვთისმშობლის ფერწერული სახე ოქროთი და ძვირფასი ქვებითაა მოჭედილი (იაგუნდი, ფირუზი, ალმასები და მარგალიტები). ხატს ზურგზე 44 წმიდა ნაწილი აქვს. დღეს ეს ხატი თბილისში, საქართველოს ხელოვნების სახლმწიფო მუზეუმის საგანძურშია დაცული.
ვანთა, სასახლის ნაშთები
სხვადასხვა (კახეთი - თელავის რაიონი)
ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.
თელავის ბატონის ციხე
ეკლესია (კახეთი - თელავის რაიონი)
ბატონის ციხე, გვიანდელი ფეოდალური ხანის საქართველოს საერო ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლი ქ. თელავში, კახეთის მეფეთა რეზიდენცია XVII-XVIII საუკუნეებში. კომპლექსში შედის ციხის ზღუდე ორი ალაყაფის კარით, მეფეთა სასახლე, აგებული XVII საუკუნის 60-იან წლებში, კარის ორი ეკლესია, აბანო, გვირაბი. ზღუდის შიგნით მოთავსებული იყო სახელმწიფო დაწესებულებათა შენობები, უფლისწულთა სასახლე და სემინარია (შემორჩენილია მისი ნაშთი). XIX საუკუნის II ნახევარში დაზიანებული კომპლექსი შეაკეთეს და ახალი შენობებიც დაუმატეს (სასულიერო სასწავლებელი, ე. წ. "ხაზინა", სატუსაღო, სამრეკლო და სხვა).
იყალთოს მონასტერი
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. მონასტრის ტერიტორიაზე მოთავსებულია სამების, ღვთაების და ყველაწმინდის ეკლესიები გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია.
კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (კახეთი - თელავის რაიონი)
კონდოლის ნათლისმცემლის ეკლესია — დარბაზული ტიპის სამნავიანი ბაზილიკა. მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფ. კონდოლში. პირველად შესწავლილი იყო 1922 წლის 12 ნოემბერს, ხოლო აზომვითი სამუშაოები შესრულდა 1933 წლის 25 დეკემბერს. ეკლესია გარემონტდა XIX საუკუნეში. ეკლესია თავისი ფორმებით ვიწროა, სიგრძეში კი გრძელი. გაცილებით ვიწროა გვერდითა ნავები, რომელთაგან აღმოსავლეთი სარკმლები მრუდეთაა გაჭრილი. აღნიშნული შესაძლებელია გამოწვეული ყოფილიყო ძეგლის გადაკებისას გამოწვეული ცვლილებით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს, სამხრეთიდან და დასავლეთიდან. მიუხედავად იმისა რომ ეკლესია სიგრძეში საკმაოდ გრძელია მასში მხოლოდ ორი წყვილი სვეტია. თავისი ფორმებით კონდოლის ეკლესია წააგავს ხაშმისა და ხირსის ეკლესიებს.
მწვერვალი ცივი
ხედი (კახეთი - თელავის რაიონი)
ცივი — მთა გომბორის ქედის შუა მონაკვეთზე, მდინარეების კისისხევისა და თურდოს (ალაზნის მარჯვენა შენაკადები) ზემოდინებათა წყალგამყოფზე (სიმაღლე — 1991 მეტრი). თელავის და საგარეჯოს მუნიციპალიტეტების საზღვარზე. აგებულია მიო–პლიოცენური (ე.წ. ცივის წყება) ფხვიერი ნალექებით – კოგლომერატებით, ქვიშებითა და თიხებით. მისი ჩრდილო–დასავლეთი და სამხრეთ–აღმოსავლეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთ–დასავლეთი და ჩრდილო–აღმოსავლეთი – დამრეცი. ზედა ნაწილი შემოსილია სუბალპური ბალახეულით, ქვედა – ფოთლოვანი ტყით.
ძველი შუამთა
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი).
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)
ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.