შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 9/20)
კარბის წმ. სამების ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კარბსა და მის შემოგარენში შემორჩენილი არქიტექტურული ძეგლები ძირითადად XVI-XVIII საუკუნეებს განეკუთვნება, მათ შორის არის წმინდა სამების ეკლესიაც. სამწუხაროდ ამ ძეგლებზე მწირი ინფორმაცია არსებობს, მიუხედავად იმისა, რომ თავად კარბი წერილობით წყაროებში XI საუკუნიდან ჩანს. კარბის წმ. სამების ეკლესიის აგების სავარაუდო პერიოდად გვიანი შუა საუკუნები, კერძოდ კი, XVI-XVII საუკუნეები სახელდება, თუმცა შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ კარბის ეკლესია უფრო ადრეულ საუკუნეებს განეკუთვნება.
კატაულას წმ. გიორგის ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
საქართველოს საპატრიარქოს თანხმობითა და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს ნებართვით ძეგლის ტერიტორიაზე არქეოლოგიური სამუშაოები აწარმოა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის არქეოლოგის ინსტიტუტის კლასიკური და შუასაუკუნეების სექტორის უფროსმა მეცნიერ თანამშრომელმა რეზო ხვისტანმა. გათხრებმა გამოავლინა სამშენებლო (ბრტყელი, გვერდებაკეცილი, წითლად მოხატული და მოუხატავი კრამიტი) და სამზარეულო (მოუჭიქავი და მოჭიქული ჭურჭელი) კერამიკის, აგრეთვე მინის ჭურჭლის მრავალრიცხოვანი ფრაგმენტები, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ ეკლესია აშენების დროიდან უწყვეტად ფუნქციონირებდა გვიან შუასაუკუნეებამდე (XVII-XVIII სს.).
კლიკის ჯვრის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კლიკის ჯვრის ეკლესია არის სამეკლესიიანი ბაზილიკა (10,5X10 მ), ნაგები ნატეხი ქვით, კონსტრუქციის ნაწილები (ტრომპები, პილასტრები, კონქი, თაღები, კარისა და სარკმლის წირთხლები და შუა ეკლესიის გარე კუთხეები) - შირიმის ქვის კარგად დამუშავებული კვადრებით. ნაგებობა დაზიანებულია: არ არის შემორჩენილი შუა ეკლესიის გადახურვა და კედლების ზედა ნაწილი, საბჯენი თაღები, ჩრდილოეთისა და სამხრეთ ეკლესიის კედლები შემორჩენილია 1-2 მეტრის სიმაღლეზე. ნაგებობა შედგება შუა ეკლესიისა და მის სამხრეთით და ჩრდილოეთით, მთელ სიგრძეზე მოგვიანებით მიშენებული ორი უფრო დაბალი ეკლესიისაგან.
კულბითის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესიას არა აქვს დამათარიღებელი წარწერა. მის იატაკში ორი საფლავია- ლუარსაბ და დიმიტრი ჩერქეზიშვილებისა. ისინი, როგორც ეტყობა ძმები იყვნენ ორივე იორამის ძედ მოიხსენიება, მათი დედა კი ამილარბარ-სახლთუხუცესის ასულად. თოთხმეტი წლის ლუარსაბის საფლავის ქორონიკონი (უპბ) 1794 წელს იძლევა, დიმიტრისა - 1818 წელს. ამ ცნობების მიხედვით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ ეკლესია აშენდა 1794 წლამდე. სხვა წერილობითი მასალა არ მოგვეპოვება.
ლავრისხევის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ლავრისხევის ეკლესია თარიღდება X საუკუნის პირველი ნახევრით. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვანი თავისუფალი ჯვრის ტიპის ნაგებობაა (9,5X9 მ). ნაგებია საშუალო ზომის მოყავისფრო-მოყვითალო ნატეხი ქვიშაქვით. გამოყენებულია ბაზალტი და ტუფიც. XIX საუკუნეში ეკლესია შიგნიდან და გარედან შელესეს და მოხატეს, დააგეს ხის იატაკი, დადგეს კანკელი და გადახურეს თუნუქით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს – ჩრდილოეთი მკლავის ჩრდილოეთ კედელში და დასავლეთ მკლავის სამხრეთ კედელში (XIX საუკუნეშია გაჭრილი).
ლარგვისის კომპლექსი
მონასტერი (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
ლარგვისის მონასტერი XIV-XV საუკუნეებში მნიშვნელოვან კულტურულ და საგანმანათლებლო კერას წარმოადგენდა. ლარგვისის მონასტერში ხდებოდა ხელნაწერების გადაწერა, თარგმნა, წიგნების მოხატვა. მონასტერში არსებობდა მდიდარი ბიბლიოთეკა, აქ მოღვაწეობდნენ ცნობილი კალიგრაფები და გადამწერები, მამაშვილი ავგაროზ და გრიგოლ ბანადაისძეები. XV საუკუნის დასაწყისში გრიგოლ ბანდაისძემ დაწერა ,,ძეგლი ერისთვთა”- ქსნის ერისთავთა საგვარეულო მატიანე. ლარგვისის მონასტერი იყო ერთგვარი სახიზარიც, მატიანე გვატყობინებს, რომ 1723 წელს სვეტიცხოვლის სამკაული ლარგვის იყო გახიზნული.
ლომისა
ეკლესია (შიდა ქართლი - ახალგორის რაიონი)
უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი მდინარეების ქსნისა და არგვის წყალგამყოფი ქედის უღელტეხილზე (დუშეთის მუნიციპალიტეტი). განეკუთვნება IX-X საუკუნეებს. სახელწოდება, ტრადიციის თანახმად, ლომახარს უკავშირებენ. ვარაუდით თავდაპირველად ლომისა მთვარის საკულტო ტაძარი ყოფილა. ქრისტიანული ეკლესია აუგიათ წარმართული ტაძრის ადგილზე. ლომისა იყო მთიულეთისა და ქსნის ხეობის მოსახლეობის უპირველესი სალოცავი. აქვე წყდებოდა ბევრი ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო საკითხი. ნაგებობა გეგმით მარტივი სამეკლესიიანი ბაზილიკაა (14,5X7,8მ). ნაგებია ნატეხი ქვით. გადამხური კამარა პილასტრებზე ამოყვანილ საბჯენ თაღს ეყრდნობა. გრძივ კედლებში დაყოლებულია ნიშები. ტაძრის ირგვლივ შემორჩენილია სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა ნაშთი. ეკლესიის სამხრეთით დგას ნატეხი ქვით ნაგები, გვიანდელი შუა საუკუნეების ორსართულიანი სამრეკლო. ამჟამად მისგან მხოლოდ ჩრდილოეთ ნახევარია შემორჩენილი (I სართულის ორივე ბურჯი და II სართულის განაპირა ბურჯების ნაწილი). II სართულზე ბურჯები შედარებით ვიწროა, რომელთა შორის თითო მსგავსი ბურჯი იყო მოთავსებული. სამრეკლოს I სართული გადახურული იყო დაბალი კამარით. II სართულის გადახურვის ფორმა არ დგინდება.
მამა პიროსის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
როგორც ცნობილია, VI საუკნის შუა წლებში საქართველოში ჩამოვიდნენ „ასურელი მამები“ – იოანე ზედაზნელი და მისი მოწაფეები. იოანემ ისინი დამოძღვრა და წარავლინა „რომელნიმე მათგანი კახეტად, და რომელნიმე კუხეთად კერძო, და რომელნიმე ზენა კერძო სოფლით და ერთი ვინმე გარეშეთად, და სხუანი გარემო ქალაქსა ამას ჩუენსა სამეუფოსა ხოლო იგინი წარვიდეს და დაემკვიდრეს რომელნიმე ჭალაკთა და რომლენიმე მთათა, ქუაბთა და ხურელთა ქვეყანისათა.“
მარჯანიძეების სახლი-დარბაზი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
არქიტექტურული ძეგლი დგას სოფლის ძველ უბანში, ღვთისმშობლის ეკლესიის მახლობლად. აგებულია XVIII -XIX სს. ნაშენია რიყის ქვით. დარბაზს სამხრეთით აქვს ფასადი. დანარჩენი კედლები მიწაშია ჩამჯდარი. საცხოვრებელი ოთახი გეგმით კვადრატულია (6,2X6 მ), იგი აღმოსავლეთ კედელში გაჭრილი კარით უკავშირდება სათონეს (3,85X3,8 მ),ხოლო სათონის სამხრეთ კედელში გაჭრილია ბოსელში (3,5X5,5 მ) გასასვლელი კარი. საცხოვრებელ ოთახში შესასვლელი სამხრეთიდანაა. შესასვლელის წინ პატარა დერეფანია.