კატეგორია - ციხე-კოშკი (გვერდი 1/12)
აბისის ციხე-დარბაზი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
აბისის ციხე – ისტორიული ციხესიმაგრე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ აბისის გარეუბანში, მდინარე დასავლეთის ფრონის მარჯვენა და ტკოცურასხევის მარცხენა ნაპირზე. ციხე-დარბაზი აგებულია XVIII საუკუნის 50-60-იან წლებში. აბისის ციხე-დარბაზი აგებულია XIII საუკუნის 50-60- იან წლებში ნასოფლარი გვიანდელ ფეოდალურ ხანით თარიღდება. ციხე-დარბაზის ეკლესია, მისი სამხრეთ კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად, აგებულია 1754 წელს აზნაურ ზაალ მახვილაძის დაკვეთით. ზაალ მახვილაძეს განუზრახავს მოთარეშე მტრების მიერ დარბეული ამ მიდამოების აღდგენა.
აბულის ციკლოპური ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული.
ავენისის კოშკი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ავენისის კოშკი გეგმით სწორკუთხაა (8,6X5,5 მ), ნაგებია სხვადასხვა ზომის რიყის და ნატეხი ქვის შერეული წყობით. ზემოთკენ ოდნავ ვიწროვდება. შემორჩენილია მხოლოდ ორი სართული. I სართულს აღმოსავლეთიდან აქვს სწორკუთხა შესასვლელი. კარი მოგვინებით ამოუქლავთ. სართულის ჩრდილო-დასავლეთ კუთხესთან, ორივე კედელში, თითო სწორკუთხა ნიშია. ჩრდილოეთ კედლის შუა ნაწილში განიერი, ნალისებრი თაღით გადახურული ბუხარი მთლიანად ამოუშენებიათ და კედელზე, გარედან მთელ სიგრძეზე, გეგმით სამკუთხა კონტრფორსი მიუშენებიათ.
ამილახვართა ციხე–დარბაზები
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
ნაგებობები თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით. ამილახორთა (იგივე ამილახვართა) ციხე-დარბაზებისა და მათთან დაკავშირებულ ისტორიულ მოვლენებს არაერთხელ იხსენიებენ XVIII საუკუნის ისტორიკოსები (სეხნია ჩხეიძე, ვახუშტი ბაგრატიონი, პაპუნა ორბელიანი და სხვ.). XVIII საუკუნეში ხელისუფლების გაძლიერებისა და ტერიტორიების შემატებასთან დაკავშირებით, ქართლის მსხვილ ფეოდალთა ამილახვართა რეზიდენციამ სხვილოდან ბარში, ქვემო ჭალაში გადმოინაცვლა. ამავე საუკუნეში აქ სასახლე და ციხე-დარბაზი მდგარა
ანანურის ანსამბლი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ანანურის ხუროთმოძღვრული ანსამბლი საქართველოს გვიანფეოდალური ხანის ერთ-ერთი საუკეთესო ძეგლია. ეს ტერიტორია (სოფელი) უძველესი დროიდან ყოფილა დასახლებული. თუმცა, ადრეული ნაგებობების კვალი არ შემორჩენილა. არაგვის საერისთავოს შექმნის შემდეგ იგი ამ საერისთავოში შედიოდა. აქ იყო არაგვის ერისთავთა მთავარი ციხე. მისი სტრატეგიული მნიშვნელობა საქართველოში ცენტრალური ხელისუფლების შესუსტების შემდეგ (XVII-XVIII სს) კიდევ უფრო გაიზარდა. იგი არაგვის ერისთავთა რეზიდენციას წარმოადგენდა. ამ პერიოდს განეკუთვნება ანანურის ციხის გამაგრება და აღდგენაც.
არმაზის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
არქიტექტურული ძეგლი მცხეთაში - დგას არმაზისხევის სათავესთან, ორ ხევს შორის აღმართულ ძნელად მისადგომ მაღალ კლდოვან მთაზე. თარიღდება XIII-XV სს. ციხე შედგება გალავნისა და კოშკისაგან, ნაგებია ნატეხი ქვით, ძლიერ დაზიანებულია. ციხეს შესასვლელი სამხრეთ - აღმოსავლეთით ჰქონია (შემორჩენილია კვალი). გალავანი გეგმით ტრაპეციის მაგვარია (26X27,5 მ), კოშკი გალავნის სამხრეთ ნაწილში დგას. იგი წიბოებმომრგვალებულ სამკუთხა პრიზმას წარმოადგენს (გვერდების სიგრ. 13,5 მ).
აწყურის ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
ბებრის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ციხე აგებულია ადრინდელ ფეოდალურ ხანაში. ბებრისციხე ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად მოხსენიებულია ლაშა გიორგის დროინდელ მემატიანესთან: “დემეტრე მეფე ბებრის ციხეს მიიცვალა და გელათს წაიყვანეს მისგანვე კურთხეულსა ახალსა მონასტერსა”. ეს მოხდა 1156 წელს. ვახუშტი ბაგრატიონი მას ბელტის ციხედ მოიხსენიებს.
ბერბუკის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერბუკის განაპირას, სამხრეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. კოშკი ცილინდრულია (დიამეტრი 7,7 მ), სამსართულიანია, ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. დაზიანებულია: დანგრეულია პირველი სართულის სამხრეთ კედელი, მეორე სართულის კედლების ზედა და მესამე სართულის კედლების უმეტესი ნაწილი. კოშკში შესასვლელი მეორე სართულზეა, ჩრდილოეთით. პირველი სართულის აღმოსავლეთ კედელში კვადრატული აგურის თაღოვანი ბუხარია, ჩრდილო-აღმოსავლეთით - ორი ორმაგი თახჩიანი სათოფური. სამხრეთ კედელში დატანებულია მეორე სართულზე ასასვლელი კიბე. სართული შელესილია. მეორე სართულის ჩრდილოეთ კედელში, კარის ორივე მხარეს, თითო ორმაგი თახჩიანი სათოფურია. ასეთივე სათოფურები სამხრეთ და აღმოსავლეთ კედლებშიცაა. სართული შელესილი ყოფილა. შენობას შემოვლებული აქვს თევზიფხურად ნაწყობი ბრტყელი ქვის სარტყელი.
ბერდიკის ციხე (ფოლადაურის ციხე)
ციხე-კოშკი (ქვემო ქართლი - ბოლნისის რაიონი)
ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში (თანამედროვე ბოლნისის მუნიციპალიტეტში), მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე. სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.