კატეგორია - ხიდი (გვერდი 1/2)
ბესლეთის ხიდი
ხიდი (აფხაზეთი - გულრიფშის რაიონი)
ბესლეთის ხიდი (ასევე თამარის ხიდი) – XII საუკუნის ქართული კულტურის მატერიალური ძეგლი სოხუმთან, მდ. ბესლეთზე. ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა. ხიდის გარდიგარდმო დღემდე შემორჩენილია ქართული ასომთავრული წარწერები.
დანდალოს ხიდი
ხიდი (აჭარა - ქედის რაიონი)
შუა საუკუნეების თაღოვანი ხიდი მდ. აჭარისწყალზე. დანდალოს ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია. მდინარეზე გადასული მალის სიგრძეა 20 მ, სიგანე – 3.3 მ, სიმაღლე თაღის ზედამდე – 14 მ. ნაგებია ადგილობრივი კირქვითა და კირის დუღაბით. ორივე ბურჯი დადგმულია კლდეზე, რაც მას ძირის გამორეცხვისაგან იცავს. ხიდი მოქმედია. დანდალოს ძველი ხიდი ქართული სახიდე-სამშენებლო ხელოვნების უნიკალური ძეგლია.
პომპეუსის ხიდი
ხიდი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მცხეთის ძველი ("პომპეუსის") ხიდი მდებარეობს მცხეთის შესასვლელთან, მტკვრის კუნძულოვან ზონაში. ამჟამად იგი დაფარულია მდინარის მიერ და მისი მცირე ნაწილი მხოლოდ წყლის დონის დაწევის დროს ჩნდება. სამეცნიერო ლიტერატურასა და ადგილობრივ მოსახლეობაში მტკვარზე გადებული ძველი ხიდი, რომელიც ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის აშენების (1927წ.) შემდეგ თითქმის ყოველთვის დაფარულია წყლით, უფრო ხშირად მოიხსენიება, როგორც "პომპეუსის ხიდი", თუმცა კი ხიდი პომპეუსამდეც არსებობდა და რომაელ სარდალს მის აშენებაში არანაირი წვლილი არ მიუძღვის. ამ ხიდს უნდა ემუშავა ელინისტური ხანიდან მაინც (ძვ.წ. IV-IIIსს.), როდესაც ვაჭრობამ საერთაშორისო ხასიათი მიიღო.
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი
ხიდი (ქვემო ქართლი - მარნეულის რაიონი)
წითელი ხიდი, გატეხილი ხიდი - მდინარე ხრამის ნაპირზე, თბილისის სამხრეთ-აღმოსავლეთით, საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვარზე მდებარეობს. ხიდი ქართული ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია. აშენებულია ქართლის მეფის, როსტომის მიერ XVII საუკუნის შუა წლებში. ხიდი დღიდან აშენებისა არასოდეს არ დანგრეულა და არც ჩატეხილა, თუმცა მას მაინც შერჩა "გატეხილი ხიდის" სახელი. ამის მიზეზი არის დღეს არსებული ხიდიდან იქვე 95 მეტრის მოშორებით მდინარე ხრამის ორივე ნაპირზე მდებარე ძველი, უფრო ადრინდელი ხიდის ნაშთები, რომლისაგან საყრდენი ბურჯებიღაა შემორჩენილი.