ქვემო ქართლის რეგიონი (გვერდი 4/12)
გუდარეხის მონასტერი
მონასტერი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
გუდარეხის მიდამოებში აღმოჩენილია ძეგლი — სამოსახლო, რომელიც შედგება 2 ნაწილისაგან: თლილი ქვით ნაგები ბურჯებიანი მაღალი ზღუდით შემოფარგლული სამონასტრო კომპლექსისაგან და ზღუდის ჩრდილოეთი და ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ნასოფლარისაგან. 1938—1939 გაითხარა (ხელმძღვანელი ლ. მუსხელიშვილი) სამონასტრო კომპლექსი. გამოვლინდა ნაგებობათა 2 ქრონოლოგიური ჯგუფი: სასახლე, სენაკები, მარანი, პილასტრებიანი ნაგებობა, საჯინიბო, ჩუქურთმიანი შენობის კომპლექსი (XII-XIII სს.) და მინაშენები პილასტრებიანი შენობის ჩრდილო-დასავლეთით და სხვა (XVI—XVII სს.). ორ ჯგუფად იყოფა განათხარი კერამიკაც. კერამიკის წარმოების ნაშთებისა და ნახევარფაბრიკატების აღმოჩენა გვიჩვენებს, რომ გუდარეხში საკუთარი კერამიკული წარმოება იყო. აღმოჩენილია 18 ქართული (გიორგი III-ის, თამარის, რუსუდანის, ლაშა გიორგის) და 1 მონღოლური მონეტა, რაც მიუთითებს გუდარეხის ინტენსიურ ცხოვრებაზე XIII საუკუნეში.
დაშბაშის კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (ქვემო ქართლი - წალკის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. ქციის (ხრამის) მიერ დაშბაშის ლავურ მაღლობზე, ვულკანოგენურ ქანებში ჩაჭრილ კალაპოტში გამომუშავებულ იშვიათი და ბიომრავლფეროვნებით გამორჩეულ კანიონისებურ ხეობას. კანიონის ირგვლივ არსებული ეკოსისტემები საკმაოდ ღარიბია მცენარეული საფარით, ხოლო კანიონში არსებულ ციცაბო ფერდობებზე შეფენილი მცენარეულობა, თვალწარმტაცი ჩანჩქერები, სრულიად განსხვავებულ მიკროლანდშაფტს ქმნის მისთვის დამახასიათებელი მიკრო კლიმატით, თავისებური ფაუნით და ა.შ.
დმანისის ნაქალაქარი
ნაქალაქარი/ნასოფლარი (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
დმანისის მუზეუმ-ნაკრძალში წარმოდგენილია: შუა საუკუნეების ნაქალაქარი, გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის არქეოლოგიური ფენები და დმანისის ადრეპალეოლითური ძეგლი. დმანისის არქეოლოგიური შესწავლა 1936 წლიდან დაიწყო (ხელმძღვანელები: ლ. მუსხელიშვილი და ვ. ჯაფარიძე) და დღემდე გრძელდება. დმანისის ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმ-ნაკრძალი 1983 წელს დაარსდა, ხოლო 2006 წლიდან ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაშია. წარმოდგენილია შუა საუკუნეების ნაქალაქარითა და 1,8 მილიონი წლით დათარიღებული გეოლოგიური ფენით.
ეკლესია დედა ღვთისა (მამუკაანთ საყდარი)
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
დედაღვთისა - ძველი ქართული ხუროთმოძღვრების განვითარებაში გარდამავალი ხანის მნიშვნელოვანი ძეგლი ,,დედაღვთისა” ანუ ,,მამუკაანთ საყდარი”, როგორც მას ადგილობრივნი უწოდებენ, თარიღდება VIII-IX საუკუნეებით. მდებარეობს წინწყაროსა და მაწევანს შორის,თეთრი წყაროდან 12 კმ-ზე. ,,დედაღვთისა” წარმოადგენს დარბაზული ტიპის ნაგებობას.
ეკლესია დრიანეთი
ეკლესია (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
დრანეთი - სოფელ ალექსეევკას ძველი სახელწოდება. მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარის თეთრიწყაროს რაიონში, მდინარე ასლანკის (ძველი ქართული სახელწოდება ტორნე) მარჯვენა მხარეს, ზღვის დონიდან 1180 მ სიმაღლეზე. ქალაქ თეთრიწყაროდან დაშორებულია 13 კმ-ით. დღევანდელ სოფელ ალექსეევკის სამხრეთ-დასავლეთით, დაახლოებით 1 კმ-ში, მდ.ასლანკის (შეერქვა XIX საუკუნეში ჩასახლებული რუსების მიერ), ანუ ტორნეს ხევის მარჯვენა ნაპირზე, მდებარეობს ნასოფლარი დრანეთი. აქვე მდებარეობს წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობის ტაძარი. მისი პირველი მეცნიერული პუბლიკაცია და ნასოფლარ დრანეთის იდენტიფიკაცია-ლოკალიზაცია ქვემო ქართლის ისტორიულ-არქეოლოგიურმა ექსპედიციამ (XX საუკუნის 40-50-იან წლები. ხელმძღვანელი ნ.ბერძენიშვილი) მოახდინა. 1701-1711 წლების აღწერაში ეს სოფელი მოხსენიებულია, როგორც „დრანეთი“, ხოლო 1721 წლისაში - „დრიანეთი“. ვახუშტის გეოგრაფიაშიც ეს სოფელი „დრანეთის“ სახელს ატარებს. ეკლესიის სახელობა დაკარგული იყო და სამეცნიერო ლიტერატურაში ის იწოდებოდა, როგორც დრანეთის, ან ალექსეევკა-დრანეთის ეკლესია. არქეოლოგიურ სამუშაოებისას გაირკვა, რომ ტაძარი წმინდა კვირიკესა და ივლიტას სახელობაზეა აგებული. ეკლესიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და სარესტავრაციო - საპროექტო სამუშაოები (ხელმძღვანელი: ნინო ნოზაძე).