მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 8/17)
ლომისას სალოცავი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ლომისა წინარექრისტიანული ღვთაება იყო მთიულეთში. სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს. მოგვიანებით, ეს კულტი მთვარის ღვთაებას დაუკავშირდა. ამას მოწმობს ის ფაქტი, რომ ხარის საკულტო გამოსახულებებს (რქებს) ხშირად ახალი მთვარის მოყვანილობა აქვს. ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი ღვთაება იყო.
მამკოდის კომპლექსი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
ეკლესიები აგებულია IX საუკუნეში. მონასტრის წინამძღვრის, მამა გრიგოლის ცნობით, 1924 წელს ღვთისმშობლის ტაძარი კომუნისტებს აუფეთქებიათ და მას შეუწყვეტია ფუნქციონირება. დედაღვთისას ეკლესიის რესტავრაცია დასრულდა 2006 წელს და მას შემდეგ აღსდგა მსახურება. უნდა აღინიშნოს, რომ წმ. გიორგის ეკლესიის რესტავრაცია ამჟამადაც მიმდინარეობს. თავიდან აქ მამათა მონასტერი მოქმედებდა, ხოლო შემდგომ დედათა მონასტერი.
მაჩხანის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
მაჩხანი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მცირე ზომის დარბაზული ეკლესია სოფ. წოდორეთის მახლობლად. წარწერების თანახმად, ეკლესია აშენებულია 853 წელს, არაბთა ბატონობის ხანაში. იგი ერთ-ერთი ადრინდელი და ზუსტად დათარიღებული ძეგლია თბილისის მიდამოებში. ნაგებია ფოროვანი ტუფით. ცალკეული ნაწილები — ლავგარდანი, სამხრეთ შესასვლელის წარწერიანი არქიტრავი, აღმოსავლეთ ფასადზე მოთავსებული წარწერიანი ფილა და კედლის ზედა ნაწილების მოპირკეთება უფრო მკვრივი, მოყვითალო ფერის ქვისაა, შიგნიდან კამარები და აფსიდის კონქი ამოყვანილია რიყის ქვით. ინტერიერში შემორჩენილია მოგვიანო ხანის (XI ს.) მოხატულობის კვალი. ეკლესიის მახლობლად ნასოფლარია.
მერეს ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
თავდაპირველად აქ იდგა მხოლოდ ზურგიანი კოშკი. XVII საუკუნის II ნახევარში ბარიდან ამოსულ ერთ–ერთ ფეოდალს, კოშკის თავდაცვისუნარიანობის მიზნით, მის ქვემოთ მდებარე ფერდობის ნაწილი მაღალი გალავნით შემოუზღუდავს და რამდენიმე ნაგებობა აუგია. მასვე ხელთ უგდია ვაშლობისა და ჭართლის ხეობა და ადგილობრივი მოსახლეობა საყმო გადასახადებით დაუბეგრავს. მთიულები ვერ შეგუებიან ციხეში გამაგრებული ფეოდალის თვითნებობას და იგი ხევსურთა დახმარებით ციხიდან განუდევნიათ. შემდგომში ციხე ემსახურებოდა არაქართველ მთიელ მოთარეშეთაგან ჭართლისა და ვაშლობის თემების დაცვას.
მზეწვერის წმ. გიორგის ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კომპლექსი სხვადასხვა დანიშნულებისა და ქრონოლოგიურად განსხვავებულ რამდენიმე ნაგებობას შეიცავს, რომლებიც მცირე ფართობზე მჭიდროდაა განლაგებული. კომპლექსის მთავარი ნაგებობაა – IX-X საუკუნეების წმინდა გიორგის ეკლესია; მისგან დასავლეთით (სამიოდე მეტრზე) ორი სწორკუთხა ნაგებობა დგას, ხოლო სამხრეთით 8 მ–ზე, ერთიმეორეზე მიშენებული სამი სხვადასხვა ზომის სადგომი. ამ მხარეს რელიეფი დაბლდება, რის გამოც სადგომების ჩრდილოეთი ნაწილი ფერდობშია შეჭრილი.
მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ჭადიჯვირს მთავარანგელოზთა ეკლესიის კომპლექსი. მდებარეობს სოფლის ცენტრში. შემოზღუდულია გალავნით. საკურთხევლის მარჯვენა ნაწილში გათხრილია მოქმები ჭა. გადმოცემის თანახმად, სოფლის სახელის წარმოშობა სწორედ ემ ეკლესიას და ჭას უკავშირდება. გადმოცემის თანახმად, სოფელს მტერი შემოსევია და მღვდელს, მტრისგან დასაცავად, ეკლესის საკურთხეველში (მარჯვენა ოთახში) არსებულ ჭაში ჯვარი დაუმალავს (ეს ჭა დღესაც არსებობ), ანუ "ჭაში-ჯვარი" ჩაუდია, აქედან წამოსულა სახელიც და მერე მჭადიჯვარად გადაქცეულა. მეორე ვერსიის თანახმად, მღვდელს ჯვარი ჭის ნაცვლად მჭადში დაუმალია.
მთავართას კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
მთავართას კომპლექსის ნაგებობები მძლავრი გალავნით შემოვლებულ თითქმის წრიულ ფართობზე ორ ჯგუფადაა განლაგებული. ერთ ჯგუფს შეადგენს ეზოს შუაში მდებარე წმინდა გიორგის ეკლესია და მასზე სამხრეთიდან და დასავლეთიდან მიშენებული რამდენიმე ნაგებობა. მეორე ჯგუფს კი – ეზოს ჩრდილო–დასავლეთ ნაწილში მდგარი ორსართულიანი საცხოვრებელი, რომელსაც აღმოსავლეთიდან ოროთახიანი ნაგებობა ეკვრის. ნაგებობები ძლიერ დაზიანებულია. მათი უმრავლესობა ნანგრევებადაა ქცეული და ხშირი მცენარეულობითაა დაფარული.