ქუთაისი (გვერდი 1/1)
ბაგრატის ტაძარი
ეკლესია (იმერეთი - ქუთაისი)
ბაგრატის ტაძარი აგებულია X-XI საუკუნეების მიჯნაზე, ბაგრატ III-ის (975-1014) მეფობაში. ჩრდილოეთ კედლის წარწერის თანახმად, ”ქ. ოდეს განმტკიცნა იატაკი, ქორონიკონი იყო 223” (1003წ.). იგი ქვეყნის ერთიანობისა და ძლიერების სიმბოლოა. მატიანე ქართლისაი მოგვითხრობს, რომ მისი კურთხევის ზეიმისთვის მეფემ ’’შემოიკრიბნა მახლობელნი ყოველნი ხელმწიფენი, კათალიკოსნი, მღვდელმოძღვარნი და ყოველთა მონასტერთა წინამძღვარნი და ყოველნი დიდებულნი ზემონი და ქვემონი მამულისა სამეფოსა მისსა მყოფნი და სხუათა ყოველნი სახელმწიფონი”.
გელათის სამონასტრო კომპლექსი
მონასტერი (იმერეთი - ქუთაისი)
ცნობას გელათში სამონასტრო კომპლექსის შექმნისა და იქ ტაძრის აგების შესახებ ვხვდებით დავით აღმაშენებლის ანდერძში: `დარჩა მონასტერი სამარხავი ჩემი და საძვალე შვილთა ჩემთა უსრულად და წამყვა მისთვსაც ტკივილი სამარადისო, აწ შვლმან ჩემმან დიმიტრი სრულ ჰყოს ყოვლითურთ~. სხვა წყაროებიდან კი ვიგებთ, რომ დავითმა 1106 წელს წამოიწყო მშენებლობა. ეს კარგად აქვს გადმოცემული დავით აღმაშენებლის ისტორიკოსსაც. იგი წერს: `მოიგონა აღშენება მონასტრისადა დაამტკიცა რომელიცა გამოირჩია მადლმან საღმრთომან ადგილსა ტოვლად შუენიერსა და ყოვლითურთ უნაკლულოსა, რომელსა შინა ვითარცა მეორე ცა გარდაართხა ტაძარი ყოვლად წმიდისა და უფროსად კურთხეულისა დედისა ღმრთისა~
ვარციხის წყალსაცავი
წყალსაცავი (იმერეთი - ქუთაისი)
ვარციხის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ფართობი 5,1 კმ², წყლის მოცულობა 4,6 მლნ. მ³. მოწყობილია მდინარე რიონზე, ხანისწყლისა და ყვირილის შესართავებთან. აღმოსავლეთით ესაზღვრება აჯამეთის აღკვეთილი. წყალსაცავს ერთვის მდინარეები ყვირილა და ხანისწყალი. წყალსაცავი მნიშვნელოვნად განაპირობებს მდინარის ნაპირების ეროზიას. გამოიყენება ენერგეტიკული მიზნებისათვის.
იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ქუთაისი)
ქვედა ცარცულ კირქვებში გამომუშავებული მცირე ზომის სტალაქტიტებით, სტალაგნატებით და სტალაგმიტებით გამორჩეული თაღის ფორმის შესასვლელიანი 40 მ-ის სიგრძის მღვიმეა, რომელიც მდ. წყალწითელას ხეობის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს. 10 მ–ის გავლის შემდეგ მღვიმის სიგანე მცირდება 2,5 მ–დე, ბოლო ნაწილში ჭერი 0,5 მ–მდე დაბლდება. მღვიმე ბოლოში ლამიანი ჩამონაშლითაა გადაკეტილი. მღვიმე მრავალი ტროგლობიონტი ცხოველითაა დასახლებული. აქ მოპოვებული ცხოველთა ძვლები და კაჟის იარაღები ცხადყოფს , რომ მღვიმე პალეოლითის ხანის ადამიანის სადგომს წარმოადგენდა.
იმერეთის მეფეთა სასახლე ოქროს ჩარდახი
ეკლესია (იმერეთი - ქუთაისი)
ოქროს ჩარდახი — იმერეთის მეფეთა რეზიდენცია ქუთაისში რიონის მარჯვენა სანაპიროზე, დღევანდელი რუსთაველისა და თეთრ ხიდებს შორის დგას. სამეფო რეზიდენცია არაერთხელ დაზიანდა XVII ს-ში, ლევან II დადიანის თავდასხმების დროს, და 1770-იანი წლებისთვის უკვე მიტოვებული იყო. იგი ნაწილობრივ მეფე სოლომონ II-მ აღადგინა. XIX საუკუნეში რეზიდენციის ნაგებობათაგან მცირე სახლი, კარის ეკლესია და სამრეკლო იყო გადარჩენილი. 1810 წლიდან ოქროს ჩარდახი რუსეთის ხაზინის საკუთრება გახდა. 1830 წელს სამეგრელოს მთავარს, ლევან დადიანს მიაკუთვნეს, შემდეგ თუმანიშვილებმა და აკოფაშვიოლება იყიდეს. 1851 წლიდან ოქროს ჩარდახი ქუთაისის გიმნაზიის ინსპექტორის საცხოვრებლად განაწესეს. 1891 წლიდან შენობა სასწავლო უწყებამ შეიძინა გიმნაზიის თანამშრომლების ეკლესიად.
წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ქუთაისი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს ულამაზეს კოლხური ტყით დაფარულ, განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეულ მდ. წყალწითელას კანიონისებურ ხეობას. ლეგენდის თანახმად წყალწითელას სახელი ხრესილის ომის დროს დაერქვა, რადგან სისხლისაგან წყალი წითლად შეიღება. სინამდვილეში როცა მდინარე დიდდება, ის წითელი მიწის ქანებს რეცხავს, რომლებიც ოკრიბაში ამ მდინარის გასწვრივ თითქმის ყველგანაა და წყალი წითელ ფერს იღებს.ხეობაში ხმელეთსა და წყალქვეშ მრავალი მინერალური წყარო მდინარეს სძენს საოცარ სამკურნალო თვისებებს. მდინარეშ მრავლადაა კალმახი, წვერა, ჭანარი, მურწა, ქაშაპი, ტობი, შამაია და სხვა, მდინარის ნაპირებზე კი წავი და ნუტრია ბინადრობს. ზამთარში შესაძლებელია წყალმცურავი ფრინველების ნახვა, ძუძუმწოვრებიდან კი ტურა, მელა და მაჩვი გვხვდება. ხეობას განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ისტორიული კულტურის ძეგლები: გელათის სამონასტრო კომპლექსი და წმინდა მოწამეების დავითისა და კონსტანტინეს სახელობის მონასტერი.
ჯაჭვის ხიდი
ხიდი (იმერეთი - ქუთაისი)
ჯაჭვის ხიდი უძველესია ქუთაისის ხიდებს შორის. აქ არის აღმოჩენილი V საუკუნის ხიდის ნაშთი. დღევანდელი ხიდის ძირითადი საყრდენები 1770-იანი წლებისაა, მათზე თავდაპირველად ხის ხიდი ააგეს, რომელიც არქიელის ხიდად იწოდებოდა. 1850-იან წლებში ჯაჭვებზე დაკიდებული ხის ფერმის აგების შემდეგ ხიდს დღევანდელი სახელი შეერქვა. 1869 წელს ფურგონების გადასვლისას ხიდი ჩაწყდა, იგი 1884-85 წლებში ქალაქის ხარჯით აღადგინეს. ინგლისში, გარნერის მიერ დამზადებული ლითონის ფერმა ინჟ. გ. ზალსკიმ დაამონტაჟა (ახალი ხიდი სამეფო ხიდადაც იწოდებოდა). ახლანდელი ხიდი 1995 წელსაა აღდგენილი.