Category - Church (Page 7/39)
Church 1 of Jinvali Village Ruins
Church (Mtskheta-Mtianeti - Dusheti district)
დარბაზული ეკლესია (6X3.4 მ) ნაგები იყო სხვადასხვა ზომის რიყის ქვითა და ნატეხი ქვით. ძლიერ იყო დაზიანებული. შენობას სახურავის საფარი, ლავგარდანი და საფასადო წყობის ზედა ნაწილი ჩამოშლილი ჰქონდა. ხის ძელებით გადახურული შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ კიდეში იყო გაჭრილი. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე მდებარე სარკმლის ორივე მხარეს მოწყობილი იყო თითო პატარა სწორკუთხა ნიშა. სარკმლის ქვემოთ, კედელზე მიყრდნობილი იყო ოთხწახნაგა ტრაპეზი. ეკლესია განათებული იყო სამხრეთ და დასავლეთ კედლებში გაჭრილი თითო სწორკუთხა სარკმლით.
Church of St. Abo Tbileli / St. Abo of Tiflis Church
Church (Tbilisi - Tbilisi)
1996 წელს, 17 მარტს, ჯვრის თაყვანისცემის დიდი დღესასწაულზე მეტეხის კლდის ძირში, ახალი ხიდის მიმდებარედ იკურთხა წმიდა აბო თბილელის ტაძრის საძირკველი. წმ. აბო თბილელის მომავალი ტაძარი წარმოადგენს მცირე ზომის ორნავიანი ტიპის ბაზილიკას (დაახლ. 5x7). ორივე ნავის გადახურვა ცალფერდაა. ტაძარი კლდეს უერთდება და ბუნებრივად გადაიზრდება მასში. ტაძარი შენდება დიდი კვადრებით, კირის დუღაბით.
Danakhvisi St.George Church
Church (Shida Kartli - Gori district)
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.
Darkhi St.George's Comples
Church (Mtskheta-Mtianeti - Stefantsminda district)
დარყის წმ. გიორგის სალოცავი კომპლექსის აღმოსავლეთ ნაწილში დგას. შენობა გეგმით უსწორო ოთხკუთხედია (5,3X4,8 მ). მის სამხრეთ კედელზე აღმართულია სამი სარიტუალო სვეტი. აღმოსავლეთ სვეტი ყველაზე მაღალია. დანარჩენ ორზე გადებულია მოზრდილი ლოდი. სალოცავის აღმოსავლეთ კედელში ნიშია. ნიშის გარშემო ჩაშენებულია ე.წ. „წმინდა ქვები“, რომლებიც აქ სხვა ადგილიდანაა მოტანილი. აღმოსავლეთ კედელზე ძევს სხვა ეკლესიიდან მოტანილი, თაღების მწკრივით დამუშავებული ლავგარდნის ქვა, ნიშის თავზე - ფიქლისა და მთის ბროლის ქვები, ქვის ჯვარი.
Derchi St.Ioane's Church
Church (Imereti - Tskhaltubo district)
ეკლესია იმერეთში, მდებარეობს სოფელ დერჩის ცენტრში. სავარაუდოდ აგებულია XIV საუკუნეში. ეკლესიის ცენტრალური სივრცე აღმოსავლეთით ღრმა, ნალისებური მოხაზულობის აფსიდით სრულდება. ეს ნავი გვერდითი მინაშენებისაკენ თითო ფართო თაღით არის გახსნილი; განათებულია საკურთხევლის სამი და დასავლეთის კედელში არსებული ერთი სარკმლით. ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავებში თითო სარკმელია გაჭრილი. ძირითადი სივრცე, ისევე როგორც მინაშენებისა გადახურულია კამარით. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს დასავლეთისა და სამხრეთის მხრიდან. დასავლეთის სათავსო –– ნარტექსი სამივე ნავთან კარით არის დაკავშირებული. ორსაფეხურიან ცოკოლზე დამყარებული ნაგებობა გარედან მოპირკეთებულია მოყვითალო –– მომწვანო ქვიშაქვის სხვადასხვა ზომის თლილი კვადრებით და დაგვირგვინებულია თარო – კარნიზით. ფასადები მოურთავია. დღეს მხოლოდ დასავლეთის სარკმელის ზედანს შემორჩა ცხოველების რელიეფური გამოსახულებები. შიგნით ეკლესიის კედლებს მთლიანად ფარავდა მოხატულობა. იგი დღეისათვის ნაწილობრივ განადგურებულია.გადარჩენილი სცენების ფერადოვანი გამა ჩამქრალია. მხატვრობა რამდენიმე რეგისტრად ნაწილდება. ცენტრალური აფსიდის კონქში ორ მთავარანგელოზს შორის, წარმოდგენილია ფეხზე მდგომი ღვთისმშობელი ყრმით ხელში. მის ქვემოთ :"ზიარების" ტრადიციული კომპოზიციაა. საკურთხევლის ქვედა რეგისტრში მხატვარს გამოუსახავს "მსხვერპლის თაყვანისცემა". ძირითადი ნავის კამარაში ცენტრალური გამოსახულების – ჯვრის აქეთ–იქეთ ამაღლების სცენის ორი ვარიანტია განაწილებული. ამ რეგისტრის ქვემოთ მოცემულია შვიდი ძირითადი სადღესწაულო სცენა: ხარება, შობა, მირქმა, ნათლისღება, "ლაზარეს აღდგინება", "იერუსალიმად შესვლა", და ჯვარცმა. მათ შორის თავისუფალ ადგილებს წმინდანთა გამოსახულებები იკავებენ. სამხრეთ კედლის ქვედა ნაწილში მოცემულია სცენა ეკლესიის წმინდანის იოანე ნათლისმცემლის ცხოვრებიდან. საკურთხევლის წინ დადგმული კანკელის თაღედი მედალიონებით არის შემკული. ზედა მწკრივში მახარობელთა სიმბოლოებია მოცემული. ქვევით, წმინდანთა ნახევარფიგურული გამოსახულებებია.ეს რიგი უწყვეტად გადადიოდა ჩრდილოეთ მინაშენის კანკელზე,რომელიც დღეისათვის დაზიანებულია. ამ მინაშენის კონქში "ვედრებაა" წარმოდგენილი,ქვეშ კი ოთხი საეკლესიო მამა. ჩრდილოეთ კედელს ქტიტორთა რიგი მიყვებოდა, რომელთაგან დღეს მხოლოდ სამი ფიგურაღაა შემორჩენილი. შუაში ახალგაზრდა მამაკაცი, აქეთ-იქეთ კი მანდილოსნები. საერო პირის კიდევ ერთი ფიგურაა დასავლეთის მინაშენის პილასტრზეც. წარწერა არც ერთს არ შემორჩენია. ეკლესიის მოხატულობიდან დახვეწილი ნახატითა და მჟღერი კოლორიტით გამოირჩევა ამავე მინაშენის კედლებზე გამოსახული "განკითხვის დღის" ვრცელი კომპოზიცია. სამხრეთ მინაშენის კონქში წარმოდგენილია "საყდარი განმზადებული",ხოლო კედლებზე სხვა სცენებთან ერთად დახატულია ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი. დერჩის ნათლისმცემლის მხატვრობა XVII საუკუნით თარიღდება ცენტრალური საკურთხევლის ზედა რეგისტრებს შორის მოთავსებული ვრცელი ორსტრიქონიანი წარწერაც ამავე პერიოდს ეკუთვნის. ძლიერი დაზიანების გამო ტექსტი სრულად არ იკითხება. ქტიტორთა სახელები არ შემორჩენილა. დაცული ფრაგმენტებიდან საინტერესო ცნობას ვიგებთ: ეკლესიის მომხატველებს მისი რომელიღაც ნაწილი სამარხად გამოუყენებიათ. აქვე იკითხება:"... და შევამკეთ ჯვრითა, ხატითა, წიგნებითა..." დერჩის ნათლისმცემლის ეკლესია შუა საუკუნეების ქართული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლია.[