კატეგორია - ეკლესია (გვერდი 7/39)
გალისხევის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გალისხევის ეკლესია დარბაზულია (7,5X5,15 მ), ნაგებია ფიქალი ქვით. არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აღმოსავლეთ და დასავლეთ კედლებში თითო სარკმელია. დარბაზის სწორკუთხა აფსიდი კუთხეებში მომრგვალებულია. შენობას კამაროვანი გადახურვა აქვს. ეკლესიის გარშემო შემორჩენილია გალავნის ნაგებობები.
განთიადის ბაზილიკა
ეკლესია (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
განთიადის ტაძარი — VI საუკუნის სამაფსიდიანი ბაზილიკა, რომელიც მდებარეობს დაბა განთიადში (გაგრის მუნიციპალიტეტი). აშენებულია 543 წელს [საჭიროებს წყაროს მითითებას], მაგრამ არაერთხელ იყო გადაკეთებული VIII—X საუკუნეებში. 1576 წელს ნაწილობრივ დაინგრა ოსმალეთის შემოსევებისაგან. არის აფხაზეთისა და სრულიად საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქრისტიანული ტაძარი. ჩვენამდე მხოლოდ ბაზილიკის ნანგრევები შემორჩა.
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის წმ. ნინოს ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,65X5,6მ), ნაგებია ქვიშაქვის კვადრებით. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ნაწილობრივ ჩანგრეულია კამარა და ქონქი, ჩამოცვენილია კედლების საპირე წყობა, ინტერიერში აქა - იქ შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: სამხრეთის კედლის დასავლეთ ნაწილში და ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილში. ორივე შესასვლელი სწორკუთხაა, გარედან გადახურულია არქიტრავით
გარდატენის მწვანე საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის მწვანე საყდარი ფერიცვალების სახელობისაა. იგი დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, მოპირკეთებულია ნატეხი მომწვანო ფერის ტუფის ქვით. შენობა ძლიერ დაზიანებულია: მთლიანად დანგრეულია გადახურვა და დასავლეთის კედელი, ნაწილობრივ სამხრეთისა. ნახევარწრიული აფსიდის ორივე მხარეს მცირე ზომის სათავსებია. დარბაზის გრძივი კედლების ორ წყვილ პილასტრაზე გადადიოდა სამ - სამი დეკორატიული თაღი.
გარდატენის ჯებირის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გარდატენის ჯებირის ეკლესია თარიღდება გვიანდელ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (7,5X5,6), ნაგებია ნატეხი ქვიშაქვით. წყობა ირეგულარულია. ნაგებობა ძლიერ დაზიანებულია: ჩანგრეულია კამარა, ქონქი და აღმოსავლეთის კედლის დიდი ნაწილი, სანახევროდ ჩანგრეულია ჩრდილოეთის კედელიც
გიგოს საყდარი
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
ეკლესია ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ყინწვისში. მდებარეობს სოფელში, მდ. ძამის ხეობაში, მაღლობზე. თარიღდება XVII საუკუნით. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით, სარკმლისა და შესასვლელის წირთხლები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთიდანაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე სარკმელია, რომლის ჩრდილოეთით მცირე ნიშია. მეორე სარკმელი დასავლეთითაა, შესასვლელი თავზე. დარბაზის გრძივი კედლები და ცილინდრული კამარა დანაწევრებულია წყვილი პილასტრითა და საბჯენი თაღებით.
გიორგიწმინდის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია სოფელ თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორ-ორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფერდზე შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85X5,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.