კახეთის რეგიონი (გვერდი 14/16)
ცხრაკარას მონასტერი
მონასტერი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ცხრაკარას მონასტრის მთავარი ნაგებობა ბაზილიკა, აშენებულია V საუკუნის შუა წლებში. იგი გეგმით სწორკუთხაა (10X8,7 მ), ნაგებია რიყის ქვითა და მცირე ზომის ნატეხი ქვით. კონსტრუქციულად საპასუხისმგებლო ნაწილები გამოყვანილია მოყვითალო ფერის შირიმით. სამხრეთი ნავი მთავარი ნავისაგან ყრუ კედლით იყო გამიჯნული და მას მხოლოდ ერთი შესასვლელით უკავშირდებოდა
ცხრაკარას სასახლის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
XVI საუკუნის ერთი სამეფო სასახლეთაგანია ლევან კახთა მეფის (1520 – 1574 წწ) სასახლე, ე.წ. ცხრაკარა. იგი მდებარეობს სოფლების ქვემო და ზემო ალვანებს შორის, ალაზნის ველის ზემოთ. იქვე მახლობლადაა იოანე ნათლისმცემლის ბაზილიკა, რომელშიაც ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძლიერ დაზიანებული პორტრეტებია გადარჩენილი. ბროსე გაკვრით იხსენებს ამ სასახლეს – „დიდი და ლამაზი დარბაზი, ფრიად მტკიცედ ნაშენი“ – და სანაღაროს უწოდებს მას. მოკლედ იხსენიება იგი დ. ალბანელის წერილშიაც, ხოლო ძეგლის აღწერა, გეგმა და განაკვეთები გამოაქვეყნა გ. ჩუბინაშვილმა.
ძველი გავაზი
ეკლესია (კახეთი - ყვარლის რაიონი)

გავაზი, ძველი გავაზი — ისტორიული სოფელი კახეთში. მდებარეობდა თანამედროვე ახალსოფლის (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ტერიტორიაზე, მდინარე ალაზნის მარცხენა შენაკადის ავანისხევის (გავაზისწყლის) ორივე ნაპირზე. გავაზის დაწინაურებას ადრინდელი შუა საუკუნეებიდანვე ხელი შეუწყო მისმა ხელსაყრელმა მდებარეობამ კავკასიონისა და ალაზნის ველის მიჯნაზე. VI საუკუნეში გავაზაში აიგო მნიშვნელოვანი არქიტექტურული ძეგლი — ძველი გავაზის სახელით ცნობილი ეკლესია. ქართული წერილობით წყაროებში გავაზი პირველად იხსენიება IX საუკუნეში, როდესაც ქორეპისკოპოსმა სამოელ დონაურმა იქ დაამარცხა არაბები. X საუკუნეში კვირიკე ქორეპისკოპოსისა და კონსტანტინე აფხაზთა მეფის ჰერეთში ლაშქრობის შედეგად გავაზი და არიში კონსტანტინეს ერგო წილად. გავაზში აღმოჩენილი 1025 წლით დათარიღებული სამშენებლო წარწერა გვამცნობს, რომ აქ საყურადღებო მშენებლობა მიმდინარეობდა. გავაზის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა XV-XVI საუკუნეებში. იგი კახეთის სამეფოს დედაქალაქ გრემიდან ირანისაკენ მიმავალ გზაზე მდებარეობდა. გამომწვარი თიხის ფილებით მოგებული, სამეთვალყურეო კოშკებით დაცული გზის თითო დღის სავალზე ქარვასლები იყო მოწყობილი. ერთ-ერთი ასეთი ქარვასლა გავაზშიც იდგა. შაჰ-აბასის მიერ კახეთის აოხრების შემდეგ გავაზის მნიშვნელობა დაკნინდა. ლეკიანობამ იგი გააპარტახა. XVIII საუკუნეში გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა. 1969-1972 წლებში არქეოლოგიური გათხრების შედეგად (ხელმძღვანელი ლ. ჭილაშვილი) გაირკვა, რომ გავაზის ტერიტორიაზე დასახლებული იყო ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში. გაითხარა IX-XVI საუკუნეების გავაზის ძირითადი უბნები: ბაზარი (თანამედროვე „ნაბაზრალი“), დარბაზოვანი (ციხის, ეკლესიისა და სასახლის კომპლექსები), სამება (ეკლესია, ქარვასლა, სახელოსნო უბანი) და აგრარული ზონა — „კოპალე“ (ქვის ყორეებით შემოზღუდული მამულები, სარწყავი სისტემა).
ძველი შუამთა
მონასტერი (კახეთი - თელავის რაიონი)
ქართული მართლმადიდებლური მონასტერი თელავის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს ტყეში, თელავიდან 7 კმ-ზე. სამონასტრო კომპლექსში შედის: V საუკუნის ბაზილიკა, ქრისტიანული არქიტექტურის ერთ-ერთი საყურადღებო ნიმუში საქართველოში; VII საუკუნის გუმბათოვანი ეკლესია, მცხეთის ჯვრის ტიპისა, თუმცა უფრო პატარა (შემცირებულია აფსიდებისა და ბემების სიღრმე, გუმბათის ყელის მნიშვნელობა გაზრდილია, ტრომპების კონსტრუქცია ნათლად არის გამოვლენილი).
წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი
სახლმუზეუმი (კახეთი - თელავის რაიონი)

ალექსანდრე ჭავჭავაძის სიცოცხლეში წინანდლის სასახლე იყო კულტურული კერა სადაც იკრიბებოდნენ ქართველი, რუსი პოეტები და ინტელიგენციის საუკეთესო წარმომადრენლები. აქ იკრიბებოდნენ 1832 წლის შეთქმულებიც რომელთა შორის ალექსანდრე ჭავჭავაძეც იყო, იგი გადაასახლეს და 1837 წელს გაათავისუფლეს. წინანდლის პარკს ნაგებობათა და სანერგის ჩათვლით 12 ჰექტარი უჭირავს მერქანიანი ნარგავების 400 სახეობიდან 150-ზე მეტი ეგზოტიკურია.
წმ. ნიკოლოზის ეკლესია (კარის - ორბელიანის)
ეკლესია (კახეთი - ბოლნისის რაიონი)

ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესია – დარბაზული ეკლესია ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ტანძიაში, მდებარეობს სულხან-საბა ორბელიანის ლიტერატურული მუზეუმის ეზოში და წარმოადგენს ორბელიანების კარის ეკლესიას. აგებულია 1683 წელს სულხან-საბა ორბელიანის მამის ვახტანგის მიერ, რომელიც იყო ვახტანგ V შაჰნავაზის მდივანბეგი ანუ მოსამართლეთუხუცესი.[1] ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: დასავლეთით (მოქმედი) და სამხრეთით (გაუქმებული). აღმოსავლეთის ფასადზე, სარკმლის თავზე და დასავლეთის ფასადზე კარებს ზემოთ თითო დიდი რელიეფური ჯვარია გამოსახული. ორი სარკმელია სამხრეთის კედელშიც.
წმ. შიოს ეკლესია (არტოზანის)
ეკლესია (კახეთი - თელავის რაიონი)

წმ.შიოს სახელობის მონასტერი, რომელიც დღეს მოსახლეობაში შიოს მარნის სახელითაა ცნობილი, მდებარეობს მდ.თურდოს მარცხენა მხარეს, შემაღლებულ ადგილას, ახლანდელი სოფ.რუისპირსა და იყალთოს შორის. ისტორიულ და უკვე გამქრალ სოფელ არტოზანში (მღვდელი მიხეილ ხელიძე სწორედ ასე მოიხსენიებს მას ჟურნალ ”ივერია“-ს 1888 წ. N90-ში). მონასტრის ნაგებობათაგან ამჟამად მხოლოდ წმ.შიოს სახელობის ეკლესიაა შემორჩენილი. სხვა ნაგებობები თითქმის საძირკვლის დონეზეა დანგრეული. წმ.შიოს სახელობის ეკლესია აგურით ნაშენი დარბაზული ტიპის ნაგებობაა, რომელსაც აღმოსავლეთით განზიდული, ხუთწახნაგა აბსიდა აქვს. ტაძარში შესასვლელი სამხრეთიდან და დასავლეთიდანაა.