იმერეთის რეგიონი (გვერდი 3/5)
მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
მელოურის მღვიმე თავისი მასშტაბებით საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. ჩასასვლელი 8-10 მეტრის სიღრმის ჩაქცევითი ძაბრის ფსკერზე იხსნება და გიგანტური კირქვის ნაზვავ ლოდებში 15 მ სიღრმემდე ეშვება, დასაწყისში მღვიმეში გადაადგილება შედარებით რთულია, მაგრამ იმის გამო რომ მღვიმე გამოირჩევა ნაპრალთა ხშირი ქსელით მათი გადაკვეთის ადგილებში ვრცელი დარბაზებია წარმოდგენილი (100X40X30მ). დარბაზების ბოლოს რამდენიმე კილომეტრის სიგრძეზე წრმოქმნილია კანიონისებური ხეობა, სადაც გაედინება მუდმივი ნაკადი. აღნიშნული ნაკადი კანიონში გადაადგილებისას გზადაგზა ჩქერებსა და ჩანჩქერებს, ხოლო ბოლო მონაკვეთში სიფონურ ტბას აჩენს. მღვიმის წინა მონაკვეთისათვის დამახასიათებელია ქიმიური ნალექები: სტალაქტიტები და დიდი ზომის სტალაგმიტები. მღვიმეში ბინადრობენ ღამურები, ობობები და ხოჭოები. მღვიმეს გააჩნია მრავალი უცნობი დერეფანი და განშტოება რომელთა შესწავლა დამატებით კვლევის საგანს წარმოადგენს. მელოურის მღვიმე არცთუ რთული გასავლელია, მღვიმის მონახულება შეუძლია ზრდასრულ, ჯანმრთელ ნებისმიერ ადამიანს, აუცილებლად გამოცდილი გამყოლის თანხლებით. მღვიმის დასათვალიერებლად საჭიროა 8-9 საათი. საჭირო აღჭურვილობა: ჩაფხუტი განათებით, მაღალყელიანი, სქელძირიანი, წყალგაუმტარი ფეხსაცმელი.
მოწამეთას მონასტერი
მონასტერი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
მოწამეთას ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები.
ნაგარევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
კარსტული ძაბრის ფსკერიდან სპირალურად ჩადის ქვევით და შემდეგ 140 მ სიგრძის ვიწრო, ნაკადოვანი გვირაბის ფორმას იღებს. გამომუშავებულია ცარცულ კირქვებში. მღვიმე შედგება ვიწრო დერეფნებისა და პატარა დარბაზებისაგან. წინა ნაწილი ორსართულიანია. გვხვდება ტერასების ფრაგმენტები. ქიმიური და მექანიკური ნალექები სუსტად არის წარმოდგენილი. განშტოებების შეერთების ადგილზე პატარა ნაკადული ისახება. წვიმების დროს მთლიანად წყლით ივსება. მღვიმე ადვილი გასასვლელია. ზოგიერთი ადგილას საჭიროა ხოხვით ძვრომა.
ნავენახევის მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - თერჯოლის რაიონი)
განსხვავებული და ლამაზი ფორმის სტალაგმიტებით, სტალაგნატებითა და სტალაქტიტებით გამორჩეული 250 მეტრის სიგრძის ორსართულიანი და 4 დარბაზიანი მღვიმეა. ი მღვიმე შესასვლელიდან 30-ე მეტრზე ორად იყოფა. მეორე სართული პატარა საფეხურებით დაკავშირებულია დარბაზთან. მღვიმეს გასასვლელი არა აქვს, ამოკეტილია სტალაგნატით, რომლის სისქე 7 მეტრია.
ნუნისის ღვთისმშობლის ეკლესია
მონასტერი (იმერეთი - ხარაგაულის რაიონი)
ნუნისის ღვთისმშობლის ტაძარი — IX- X სს. ეკლესია ნუნისში. ტაძარი მრავალჯერ დანგრეულა და განახლებულა. უკანასკნელად ტაძარი დაანგრია და დაწვა ომარ-ხანმა 1785 წელს, გვიან შემოდგომაზე, ვახანის ციხის აღების შემდეგ. IX ს. 60-იან წლებამდე დანგრეული ტაძრის აღდგენაზე არავის უფიქრია. ტაძარი განახლებულია XI-XIII საუკუნეებში, შემდგომ კიდევ მრავალგზის და ბოლოს 1895 წელს.
ოკაცეს (კინჩხას) ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ხონის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს მდ. საწისქვილოს ხეობაში, ასხის კირქვული მასივის აღმოსავლეთ ქარაფიდან, სამ საფეხურად გადმომავალ ჩანჩქერების კასკადს. ზედა ორი საფეხური მდ. საწისქვილოს მარჯვენა შენაკადზეა წარმოქნილი, პირველის სიმაღლე დაახლოებით 25 მ-ია ხოლო მეორე ჩანჩქერის სიმაღლე 70 მ-მდე აღწევს. ნაკადის მდ. საწისქვილოსთან შეერთების შემდეგ 20 მეტრში წარომიქმნეაბა კასკადის მესამე დაახლოებით 35 მ სიმაღლის საფეხური.
ოკაცეს კანიონის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ხონის რაიონი)
ბუნების ძეგლი წარმოადგენს რთულ, პალეოგრაფიულ, გეოლოგიურ და განსაკუთრებული გეომორფოლოგიური აგებულებით გამორჩეულ კომპლექს, რომლის შემადგენლობაში შედის ნეოტექტონიკური სტრუქტურები, ტბიური ნალექები, თვალწარმტაცი კლიუზ-კანიონი. მდ. საწისქვილოს მიერ ზედაცარცულ კირქვებში გამომუშავებული ოკაცეს კანიონის სიღრმე 35-50 მ-ია, სიგანე საშუალოდ 4 მ, ზოგიერთ ადგილას კანიონის კედლები თითქმის უერთდება ერთმანეთს და ბუნებრივ ქვახიდებს წარმოქმნის, ერთ-ერთი მათგანია „ბოგა”, საიდანაც კანიონის ფსკერის დანახვაა შესაძლებელი.
პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
ბარემული ასაკის სქელშრეებრივ კირქვებში გამომუშავებული მღვიმე, ულამაზესი ნაღვენთი ფორმებით გამოირჩევა, აქ ნახავთ განსაკუთრებული ფორმის სტალაქტიტებს, სტალაგმიტებს, სტალაგნატებს, ჰელიქტიტებს, გაქვავებულ ჩანჩქერებსა და ჩამოკიდებულ ქვის ფარდებს. მღვიმის ფართობია 46,6 ჰა. „პრომეთეს მღვიმე“ სხვა მღვიმეებისგან განსხვავებით განიერი კორიდორებით ხასიათდება. მაქსიმალური სიგანე 25-30 მ-ია, ჭერის სიმაღლე 20-25 მ, ზოგიერთი დარბაზის სიგრძე 80-100 მ-ს აღწევს. აქ 17 სხვადასხვა ზომის დარბაზია. მღვიმეში არსებული ბილიკის სიგრძე 1,420 მეტრია, ხოლო ჯამური სიგრძე 20,000 მეტრს შეადგენს. მღვიმეს აქვს ორი გასასვლელი: ერთი ბოლოვდება მდინარით, რომელზეც ნავით გასეირნებაა შესაძლებელი, მეორე გასასვლელი კი საფეხმავლოა და მღვიმის დარბაზიდან გარეთ გამოვყავართ.