ქუთაისი (გვერდი 1/1)
მოწამეთას მონასტერი
მონასტერი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
მოწამეთას ტაძარში, საკურთხევლის მარცხენა მხარეს, დასვენებულია სამშობლოსა და სარწმუნოებისთვის თავდადებული წმინდანების - დავითისა და კონსტანტინეს უხრწნელი ნეშტი. მათი ხსენების დღეს, 15 ოქტომბერს, მონასტერში ყოველწლიურად იმართება სახალხო დღესასწაული მოწამეთობა (ორწიფობა). ტრადიცია ცნობილია XVIII საუკუნიდან.
მუხურას ჩანჩქერის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
60-70 მ სიმაღლის სამსაფეხურიანი ჩანჩქერი გადმოედინება აღმოსავლეთ ექსპოზიციის ფერდობზე მდებარე მღვიმიდან. მღვიმეში ერთი პატარა და ერთი დიდი ტბაა. ჩანჩქერის ნაპირები დაფარულია შერეული ფართოფოთლოვანი ტყით. აქ მრავალი ენდემური ცხოველი ბინადრობს, კერძოდ: კავკასიური თხუნელა, რადეს, ვოლნუხინის და კავკასიური წყლის ბიგები.
ტყიბულის წყალსაცავი
წყალსაცავი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
ტყიბულის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, ოკრიბის ქვაბულში. ტყიბულის მუნიციპალიტეტში. წყალსაცავი შექმნილია მიწაყრილის კაშხლით, რომლითაც დაგუბებულია მდინარე ტყიბულა იქ, სადაც ის ქვაბულის ფსკერზე, ე. წ. „წყალდასავალთან“ კარსტულ შახტში იკარგებოდა. წყალსაცავს აქვს პატარა უბეები, მის შუა და დასავლეთ ნაწილში კუნძულებია.
ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (იმერეთი - ტყიბულის რაიონი)
ოკრიბა-არგვეთის ქედში,უროგენულ კირქვებში გამომუშავებულ ცუცხვათის მღვიმოვანს, ადგილობრივები „მაღარას“ უწოდებენ. მღვიმე შედგება 13 სართულისგან. ქვევიდან პირველი სართული ადამიანისთვის გაუვალი ვიწრო ხვრელია, რომელშიც გაედინება მუდმივი ნაკადი - მდ. შაბათაღელე. მღვიმის ქვემოთ მდინარეს ჭიშურა ეწოდება. მეორე სართული (მთავარი ტალანი) ატარებს უზარმაზარი ბუნებრივი გვირაბის ხასიათს (სიგრძე - 200 მ, სიგანე - 10-30 მ, სიმაღლე 10-28 მ). მასში წყალი მხოლოდ შაბათაღელის წყალდიდობის დროს გაედინება. ტალანის განშტოებებში არის წყაროები, პატარა ტბა, კალციტის ნაწვეთი ფორმები. ჭერთან შენახულია ადამიანის მიერ დამაგრებული ძელები - ძველი საკულტო ნაგებობის ნაშთი. მეოთხე სართულიდან დაწყებული და უფრო ზევით მღვიმეები უწყლოა. მათში ნაპოვნია არქეოლოგიური ძეგლები შუა პალეოლითიდან (მუსტიეს ეპოქიდან) ბრინჯაოს ხანამდე და ისტორიულ ეპოქამდე, ცხოველთა ორმოცამდე სახეობის ძვლები. განსაკუთრებით ყურადღებას იპყრობს: 1. ბრინჯაოს მღვიმე (V სართული), რომლის ნაფენთა საერთო სიმძლავრე 12-13 მეტრს აღწევს; მათში აღბეჭდილია უკანასკნელი 140 000 წლის განმავლობაში მომხდარი კლიმატური ცვლილებები; 2. ზედა მღვიმე (XI სართული), სადაც აღმოჩენილი იქნა პირველყოფილი საკულტო საგნები: საგანგებოდ დალაგებული მღვიმური დათვის თავის ქალები, ბარძაყის ძვლები და კბილები, მსხვერპლად შეწირული სხვა ცხოველთა ძვლები; 3. ქარაფში გახსნილი სამი მღვიმე (მოაჯირიანი, ღამურებისა და დათვის - VII-IX სართულები), რომლებიც ატარებენ ფეოდალიზმის ხანაში სიმაგრეებად გამოყენების ნიშნებს - შენახულია ქვითკირის კედლები, გამოჭრილი საფეხურები, ქვევრების ნატეხები. აქვე ღამურების დიდი კოლონიაა. თავისი სიძველითა და სართულების რაოდენობით ცუცხვათის მღვიმოვანი ერთ-ერთი პირველია მსოფლიოში.