კახეთის რეგიონი (გვერდი 4/16)
დიკლოს ციხე-სახლი
ციხე-კოშკი (კახეთი - ახმეტის რაიონი)
დიკლო ყურადღებას იქცევს თავისი არქიტექტურით, ორნამენტებიანი სახლებით. აქ ხშირი კლოდოვანი ფიჭვნარია, სადაც ბინადრობენ დედამიწის უიშვიათესი ცხოველები ჯიხვი და ნიამორი. სოფელ დიკლოსთან ახლოს მდებარეობს დიკლოს ციხე-სიმაგრე, რომელსაც თუშეთის ისტორიაში თავისი ადგილი უჭირავს. ადგილობრივები თაობიდან თაობას გადასცემენ დიკლოს გმირულ ამბავს 16 გმირ მებრძოლზე, რომლებმაც დიდი ხნით დაიცვეს სოფელი. დიკლოს შუაგულში სალოცავი დგას, სადაც როგორც წესი, ქალის შესვლა არ შეიძლება. სოფელთან ახლოს გოგირდის მინერალური წყლებია, რომელსაც ხშირად სტუმრობენ ტურისტები. აქვე ახლოსაა სასაზღვრო გამშვები პუნქტიც, სწორედ აქედან იწყება რუსეთთან ნეიტრალური ტერიტორია.
დოდოსრქა
მონასტერი (კახეთი - საგარეჯოს რაიონი)
დოდოს რქა — მონასტერი, ფეოდალური სენიორია, ძველ საქართველოში; ქართული ხუროთმოძრვრების მნიშვნელოვანი ძეგლი დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსში. VI საუკუნის I ნახევარში დააარსა დავით გარეჯელის ერთ-ერთმა მოწაფემ დოდომ. დოდო, ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების ცნობით, დავით გარეჯელის უახლოესი მოწაფე და თანამშრომელი, კახეთის მკვიდრი, გვარად ანდრონიკაშვილი იყო, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ გარეჯელ მამებს შეუერთდა.
ელია თეზბიტელის მონასტერი
მონასტერი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
წმ. ელიას ტაძარი 2006 წელს აშენდა ძველი ტაძრის ნაშთებზე. არქეოლოგიური გათხრები აქ ეკლესიის არსებობას ჯერ კიდევ VI საუკუნეში ადასტურებს. ალექსანდრე დიუმას (მამა), რომელმაც აქ 1859 წელს იმოგზაურა, მოსახლეობისგან ერთი საინტერესო ლეგენდა ჩაუწერია, რომლის მიხედვითაც, აქ წმინდა ელიასთვის ყორანს მოქონდა საჭმელი და სწორედ ამ ადგილიდან ამაღლდა ზეცას, მას შემდეგ, რაც თავისი მოსასხამი მის მოწაფეს, ელისეს დაუტოვა. ელიაობა ქიზიყელების ერთ-ერთი საყვარელი დღესასწაულია, ის 2 აგვისტოს აღინიშნება და მთის კალთებზე უამრავი ადამიანი იყრის თავს.
ერელაანთ საყდარი
ეკლესია (კახეთი - ახმეტის რაიონი)
ერელაანთ საყდარი — V-VI საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. ახმეტიდან 4 კმ, თიანეთის გზატკეცილის მარჯვენა მხარეს. აგებულია რიყის ქვით, შირიმით, ფასადები - კირქვის ფილებით. გეგმით მარტივ, ჯვრის ფორმის ეკლესიას სამხრეთი და ჩრდილოეთი მკვლავების აღმოსავლეთ კედლებში 2 დამატებითი აფსიდა აქვს, გუმბათქვეშა კვადრატი გუმბათის წრეზე ტრომპების მეშვეობით გადადის. გუმბათის ყელი 8-წახნაგაა, აქვს 4 სარკმელი, შესასვლელი ერთია, სამხრეთიდან დეკორი მარტივია. ეკლესია შიგნიდან შელესილი და მოხატული ყოფილა, ჩამოქცეული გუმბათი და დასავლეთი მკლავის კამარა ამჟამად აღდგენილია.
ვანთა, სასახლის ნაშთები
სხვადასხვა (კახეთი - თელავის რაიონი)
ვანთა - სოფელი თელავის რაიონში, (აკურის სოფსაბჭო), გომბორის ქედის ჩრდილო-აღმოსავლეთით კალთის ძირას, მდინარე ვანთისხევის ნაპირზე, ზღვის დონიდან 600მ., თელავიდან 13 კმ, წინანდლიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) 4 კმ.... ვანთა წყაროებში პირველად XIV საუკუნიდან იხსენიება, თუმცა უკვე ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აქ დიდი დასახლება ყოფილა. სოფლის მახლობლად მაღალ გორკაზე გაშენებული იყო VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი. შემორჩენილია ფეოდალის დიდი სასახლის ნანგრევები, დარბაზული ეკლესია, იქვე ახლოს აბანოსა და სხვადასხვა დანიშნულების გვიანდელ ნაგებობათა ნაშთია. რიყის ქვით ნაგები ორსართულიანი სასახლის ყოველ სართულზე თითო - თითო დიდი და პატარა დარბაზი ყოფილა. ვიწრო პატარა სარკმლებიანი პირველი სართული დამხმარე და სამეურნეო დანიშნულებას ასრულებდა (შემორჩენილია დიდი ბუხარი). მეორე სართული საცხოვრებელი იყო. ნათდებოდა ნალისებრთაღებიანი, მაღალი და ფართო სარკმლებით. ასასვლელად შენობას გარედან მიშენებული ჰქონდა ფართო კიბე, სართულშუა გადახურვა ხის კოჭებს ეყრდნობოდა. ვანის სასახლე ადრინდელი ფეოდალური ხანის საერო ხუროთმოძღვრების მნიშვნელოვანი ძეგლია.