შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 4/20)
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
გომარეთის წმ. გიორგის ეკლესიიდან შემორჩენილია სამხრეთ - აღმოსავლეთისა და ჩრდილო - დასავლეთის კუთხეები. ეკლესია დარბაზულია (10,85X5,25 მ), ნაგებია ნატეხი და რიყის ქვით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა, სარკმელი - აღმოსავლეთით, საკურთხეველში. შენობის კამაროვანი გადახურვა აგურისაა. ეკლესიის გარშემო გალავნისა და შენობების ნანგრევებია.
გორის ამილახვრების სახლი
სახლმუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ამილახვრების სახლი სახეშეცვლილია: აივანი შემინულია, დაქუცმაცებულია ტიხრებით; აღარ არსებობს სადარბაზოს შესასვლელზე მიდგმული ლითონის პორტიკი, აგრეთვე ფასადის მარცხენა მხარეს ადრე არსებული ფართო შეისრული თაღი, რომელშიც ლითონის ორნამენტირებული ალაყაფის კარი ეკიდა.
გორის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი
მუზეუმი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დაარსდა 1935 წელს. დაცულია 48 ათასზე მეტი ექსპონანტი: მიწათმოქმედების, მესაქონლეობის, ლითონწარმოების, კედლის მხატვრობის, მცირე ფორმის ქანდაკების, ჰერალდიკისა და სახალხო ზეიმების ამსახველი მასალა, ვერცხლის კოლხური დიდრაქმა, დრაქმები, თამარისა და დავით ნარინის მონეტები, გორის განძი (XV ს), ანტიკური ქვეყნების მონეტები, ეპიგრაფიკული ძეგლები ქართულ და არაბულ ენებზე.
გორის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
1920 წელს მიწისძვრამ შენობა დააზიანა. ინტერიერი მოხატეს XIX საუკუნის II ნახევარში. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა.1950 წელს ინტერიერის კედლები შეათეთრეს, რამაც დაფარა მხატვრობა. 1990-იან წლებში ნაგებობა გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას. 2003 წელს, ტაძარში ჩატარდა სამუშაოები, ჩამოიფხიკა ფრესკები, მოინგრა ინტერიერის რამდენიმე დეტალი, რის შედეგადაც, განადგურდა გორის ეკლესიის ღვთისმშობლის ცნობილი კათოლიკური ფრესკაც.
გორის ციხე
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
მე-XVII საუკუნეში როსტომ მეფემ გორში მცხოვრებ ერთ-ერთ მისიონერს ქრისტეფორე კასტელს დაახატვინა გორის ციხის ნახატი. კასტელის ნახატი პირველია ჩვენამდე მოღწეულ საქართველოს ციხეთა ამსახველ ნახატებს შორის. ამ ნახატიდან ირკვევა, რომ დღეს არსებული ციხის მეტი ნაწილი სწორედ როსტომის დროს არის აგებული. კასტელის ნახატის მიხედვით გორის ციხეზე ოთხი დროშა ფრიალებს. ციხის ფერდობზე დახატულია ბანაკი, შუბებით შეიარაღებული ცხენოსნები და სხვა. იქვე ნაჩვენებია ერთ და ორსართულიანი სახლებიც.
გორიჯვრის წმინდა გიორგის სახელობის მონასტერი
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ქალაქ გორის პირისპირ, თრიალეთის მთებსა და მტკვრის სანაპიროზე, ამოზიდულია გორიჯვრის მთა, რომელზეც მდებარეობს ძველისძველი ტაძარი გორიჯვარი. IV საუკუნის დასაწყისში მთის წვერზე აღიმართა ჯვარი, მას შემდეგ იწოდება იგი გორიჯვრად. ტაძარი წმინდა გიორგის სახელს ატარებს. როგორც გასული საუკუნის ისტორიული მასალებიდან ირკვევა, გორიჯვარზე ორი ეკლესია მდგარა, რომელთაგან ერთი VIII-IX ს.-ის ნაგებობა იყო. ეს დადასტურდა 1988 წ. ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად. გორიჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე, ისტორიკოს ვახუშტის გადმოცემით, დაკრძალულია წმინდა გიორგის თავი. მეორე ეკლესია გვიანი ხანის ნაგებობას წარმოადგენდა. 1920 წლის მიწისძვრამ სულ დაანგრია გორიჯვარიც და მისი შემოგარენიც. 1978-1988 წლებში აღდგა გორიჯვრის ტაძარი. ტაძრის მოხატულობა შეასრულა მხატვარმა ნოდარ აბრამიშვილმა. ეკლესია აკურთხა საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. გორიჯვრის მიდამოებში არის სამკურნალო წყალი, რომელიც ძველი დროიდან არის ცნობილი.
გრაკლიანი გორა
არქეოლოგიური ძეგლი (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
არქეოლოგიური ძეგლი საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფ. იგოეთისა და სამთავისის ტერიტორიაზე, მდ. ლეხურას მარჯვენა ნაპირზე წამომართულ გორაზე, უშუალოდ თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილთან. აღმოჩნდა 2008 წელს გზატკეცილის გაფართოებასთან დაკავშირებით ჩატარებული გადარჩენითი არქეოლოგიური გათხრების დროს. არქეოლოგიური ძეგლი წარმოადგენს მრავალფენოვან ნამოსახლარს და სამაროვანს. აღმოჩენილი მასალა მიეკუთვნება სხვადასხვა პერიოდს პალეოლითიდან ძვ.წ. II-I საუკუნეებამდე, როდესაც გრაკლიან გორაზე ადამიანის აქტივობა უნდა დასრულებულიყო.
გუდალეთის ტაძრის კომპლექსი
ეკლესია (შიდა ქართლი - კასპის რაიონი)
გუდალეთში ტაძრის აგების შესახებ ქართულ მატიანეებს არავითარი ცნობა არ შემოუნახავთ. მხოლოდ ორიოდ ისტორიულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომ XIV საუკუნეში სოფელი სვეტიცხოვლის კუთვნილება ყოფილა; XVIII საუკუნეში ეს ადგილები სახასო იყო. ცნობილია რომ გიორგი სააკაძის შთამომავალნი – თარხნიშვილები – კავთისხევის მოურავები იყვნენ და გუდალეთიც მათ საბატონოში შედიოდა.
დანახვისის წმიდა გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დანახვისის წმინდა გიორგის ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შიგნიდან თაღოვან, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. ნალისებრი აფსიდის ღერძზე შიგნიდან თაღოვანი და გარედან ოთხკუთხა სარკმელია, რომლის ორივე მხარეს თითო ოთხკუთხა ნიშია.ერთი ოთხკუთხა სარკმელი სამხრეთ კედლის ზედა ნაწილშიცაა. ეკლესიას სამხრეთით მთელ სიგრძეზე ეკვრის მინაშენი, რომლის დასავლეთ ნაწილში შემორჩენილია კამაროვანი გადახურვის კვალი. მინაშენის შესასვლელი (შემორჩენილია მხოლოდ ქვედა ნაწილები) სამხრეთითაა, ეკლესიის შესასვლელის პირდაპირ. ეკლესიას სამხრეთით და აღმოსავლეთით მცირე ზომის ხელოვნური ბაქანი აქვს. დასავლეთ ფასადზე, კედლის გასამაგრებლად, მიშენებულია ოვალური კონტფორსი. ამჟამად ეკლესია გადახურულია კრამიტით და მისი კედლები უხეშად შელესილია.
დედოფლის მინდორის კომპლექსი
არქეოლოგიური ძეგლი (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
დედოფლის მინდორი, არქეოლოგიურ - არქიტექტურული ძეგლი (ბრეთის რ-ონი), რომელიც მდებარეობს მდინარე ფრონესთან, სოფელ არადეთიდან დასავლეთით 3 კმ-ის დაშორებაზე, თარიღდება ძველი წელთაღრიცხვის I საუკუნით. 1972-76 წლებში დედოფლის მინდორზე და არადეთის ორგორაზე (1979 წლიდან) ჩაატარეს არქეოლოგიური გათხრები საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის და ქხი ინსტიტუტის ექსპედიციებმა (ხელმძღვ. ი. გაგოშიძე). მოპოვებული არქეოლოგიური მასალა ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.