სამცხე-ჯავახეთის რეგიონი (გვერდი 5/10)
ლიკანის მონასტერი
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ლიკანი — შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში. შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერი შემოძღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, კერძოდ, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.
მადათაფის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
მადათაფა — ტბა ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2108 მ. სარკის ფართობი 8,78 კმ², აუზის ფართობი 136 კმ², უდიდესი სიღრმე 1,7 მ, წყლის მოცულობა 9,7 მლნ მ³. ქვაბული წარმოქმნილია ლავის ნაკადით ხეობის გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დონე მაღალია გაზაფხულზე, დაბალია ზამთარში. ტბიდან გაედინება მდინარე მადათაფა. აქვს მიწისქვეშა განადენიც, რის გამოც დონე მკვეთრად ირყევა. წყლის ტემპერატურა ზაფხულში 17-18°C, ზამთრობით თითქმის ფსკერამდე იყინება. წყალი სუსტად მინერალიზებულია. ტბას მცირე სამეურნეო მნიშვნელობა აქვს. ტბაში თევზი არ არის. ზაფხულობით მრავლადაა წყლის ფრინველი. ტბიდან სათავეს იღებს მდინარე ბუღდაშენი, რომელიც ქ. ნინოწმინდის შესასვლელთან მდინარე ფარავანს უერთდება. ტბის ირგვლივ გაშენებულია სოფლები: ეფრემოვკა, ჟდანოვაკანი და სამება.
მწვანე მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი – აშენებულია IX ს. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო ორსართულიანი სამრეკლო. XVI საუკუნეში მტრის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.
ნეძვის სამეკლესიიანი ბაზილიკა
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ნეძვის სამეკლესიიან ბაზილიკაშიცა და ბორჯომის ხეობის სხვა ძეგლებშიც, რომლებიც IX-X საუკუნის პირველი ნახევრითაა დათარიღებული, ხოლო ჩითახევის მონასტრის ეკლესიის (IX ს.) დასავლეთი გარშემოსავლელი სამხრეთისაგან მასიურ ბურჯზე გადაყვანილი თაღებით იყო გამოყოფილი; არის შემთხვევები ამ მონაკვეთის კედლით გამოყოფისაც (გუჯრისხევი, სანარია, საკირე...). ჩვენი ეკლესიის თავისებურება ისაა, რომ ყველა სხვა ძეგლისაგან განსხვავებით აქ არ არის გაჭრილი შესასვლელი დასავლეთიდან. სხვა მხრივ კი, ყველა მათგანივით გარშემოსავლელთა ნაწილების მეტნაკლები გამიჯვნა უპირისპირდება კლასიკური ხანის ერთიან დინებაში შერწყმულ გარშემოსავლელებს (ზეგანის ყვალაწმინდა, ამიდასტური, ნეკრესის სამეკლესიიანი ბაზილიკა).
ორლოვკის ტბა (ახმაზის ტბა)
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ნინოწმინდის რაიონი)
ორლოვკის ტბა (ახმაზის ტბა) — ტბა სამხრეთ საქართველოში, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ჯავახეთის ზეგანზე, სოფელ ორლოვკის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით, ზღვის დონიდან 2035 მ სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 0,22 კმ², აუზის ფართობი 1,2 კმ². მაქსიმალური სიღრმე 2,6 მ, საშუალო სიღრმე 1,71 მ, წყლის მოცულობა 0,37 მლნ. მ³.
ოქროს ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ადიგენის რაიონი)
ოქროს ცახე ჯაყელთა ერთ-ერთი უმთავრესი სიმაგრეთაგანი იყო და იგი სხვა ციხეებთან ერთად დამცველ სიმაგრეთა მთელ სისტემას ქმნიდა ათაბაგთა სამფლობელოს შუაგულის გარშემო. ციხის აშენების ზუსტი თარიღი უცნობია. სავარაუდოდ იგი აგებულია XIII საუკუნის დასასრულს ან XIV საუკუნის დასაწყისში და მის შესახებ ადრინდელი წერილობითი ცნობებიც არ მოგვეპოვება. XV-XVI საუკუნეებში კი, თურქების მომძლავრების დროს, იგი დიდ როლს თამაშობდა მესხთა თავდაცვის საქმეში.