ახალქალაქის რაიონი (გვერდი 1/2)
აწყურის ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ფეოდალური ციხესიმაგრე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ აწყურთან, ბორჯომიდან 30 კილომეტრში. მატიანეში პირველად იხსენიება XI საუკუნის შუა წლებში. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში ციხე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხეს რუს-ქართველთა გაერთიანებული ლაშქარი შემოეწყო, მაგრამ მისი აღება ვერ მოხერხდა. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, განთავისუფლებულ იქნა ოსმალთა ბატონობისაგან.
ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
მუზეუმი განთავსებულია რუსეთის საიმპერატორო ოჯახის – რომანოვების კანცელარიის ყოფილ შენობაში. ფსევდოგოთური სტილის ნაგებობა გერმანელმა არქიტექტორმა ვ.შვეიერმა 1890 წელს ააგო. მუზეუმში თქვენ ნახავთ: ბრინჯაოს ხანის უნიკალურ სამკაულსა და იარაღს, ნუმიზმატიკურ კოლექციას (ძვ.წ V–ახ.წ. XX სს.), რომანოვების პირად ნივთებს და სხვ. სამუშაო საათები: ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 10:00-17:00 სთ. მისამართი: ბორჯომი, წმ. ნინოს ქ. N5.
ბორჯომის პარკი
პარკი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
მარადმწვანე ხეობაში ჩაფლული მინერალური წყლების პარკი წელიწადის ყოველ დროს საოცრად მიმზიდველია. პარკს 30 ჰექტარზე მეტი ფართობი უკავია. აქ დამსვენებელს შეუძლია ეზიაროს ბუნების სილამაზეს, მოაწყოს ლაშქრობები, პიკნიკები, გაერთოს სხვადასხვა ატრაქციონებზე, ისიამოვნოს აუზით და გაატაროს დრო სურვილისამებრ.
კახისის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
კახისის ტბა — ტბა თრიალეთის ქედის დასავლეთ კალთაზე, მდინარეების ჭობისხევისა და დვირულის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფ შტოქედზე, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. ზღვის დონიდან 1752 მ. ფართობი 0,05 კმ², უდიდესი სიღრმე 10 მ. ტბის ქვაბული წარმოქმნილია სუფოზიის შედეგად. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა სადინარით. ტბის მიდამოებში ნაძვნარია.
ლიკანის მონასტერი
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ლიკანი — შუა საუკუნეთა სამონასტრო კომპლექსი ბორჯომიდან 7 კმ-ზე, მდინარე ახოებისწყლის ხეობაში. შემორჩენილია ღვთისმშობლის ეკლესიის ნანგრევები. ეკლესიის მთავარი ნაწილია აფსიდით დასრულებული ნავი. მოგვიანებით, XVI საუკუნეში, ეკლესიას მიადგეს სამრეკლო, რომელიც თითქმის მთლიანად ფარავს დასავლეთ კედელს. სამრეკლოს მასიურკედლებიანი ქვედა სართული, რომელიც დაუმუშავებელი დიდი ლოდებით არის ნაგები და კუბის ფორმა აქვს, ეკლესიაში შესასვლელს წარმოადგენს. ბარიერი შემოძღუდულ მე-2 სართულს გარედან ლილვებიანი პროფილი გასდევს. ასავლელად მიშენებულია ქვაყორის კიბე. სამრეკლოს ზედა ნაწილი კი, კერძოდ, თლილი ქვის სვეტები, რომლებსაც სახურავი ეყრდნობოდა, მონგრეულია.
მწვანე მონასტერი
მონასტერი (სამცხე-ჯავახეთი - ბორჯომის რაიონი)
ჩითახევის წმინდა გიორგის მამათა მონასტერი – აშენებულია IX ს. წმ. გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების, ქრისტეფორესა და თევდორეს მიერ. სამონასტრო კომპლექსში შედის ბაზილიკის ტიპის ეკლესია და მოგვიანო ორსართულიანი სამრეკლო. XVI საუკუნეში მტრის შემოსევების დროს მონასტერი დაურბევიათ, ბერები უწამებიათ და დაუხოცავთ. XX საუკუნეში რესტავრაცია ჩაუტარდა, 2002 წელს კი მამათა მონასტერი აღდგა.