ახალგორის რაიონი (გვერდი 1/3)
აბანოს მინერალური ტბის ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ზედაიურული კარბონატული ქანებიდან დედამიწის ზედაპირზე ნახშირორჟანგიანი აღმავალი წყაროს მიერ წარმოქმნილი პატარა ტბაა, რომელიც ხმაურით „დუღს“ ნახშირორჟანგა გაზის ბუშტებისაგან. წყაროს დებეტია 2,5 მლნ ლიტრი დღე-ღამეში. ტბის ფართობი 0,04 ჰა-ია. აირის გამოყოფა უქარო ამინდში ჰაერის ქვედა ფენებში ნახშირორჟანგის დაგროვებას იწვევს. პატარა ცხოველები ტბასთან მიახლოვებისას იგუდებიან და ამიტომ აქ შეიძლება შეგხვდეთ დაღუპული თაგვების, ხვლიკების, ბაყაყების და ჩიტების გვამები.
არშის ციხე
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
არშის ციხე აგებულია XVI-XVII საუკუნეებში. ხევის ბინადარნი მტრის შემოსევების დროს აქ აფარებდნენ თავს. ციხეს სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა, დიდ მანძილზე უწევდა კონტროლს თერგისა და სნოს ხეობას. `ციხე არშისა, თვინიერ კაცთა ხელთაგან ქმნილი, მაღალს კლდესა ზედა, მოზღუდვილ კლდითავე და შეუვალი კაცთა~, - წერდა ვახუშტი ბაგრატიონი. აქ ინახებოდა ისტორიული რკინის კლიტე, რომლითაც ციხის კარს კეტავდნენ. ლეგენდის თანახმად კლიტე ქართველთა ლაშქრის მიერ განჯის აღების შემდეგ, ვინმე არშელს ღურმა ბაზალს წამოუღია.
არჩვების ტბა
ტბა (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
არჩვების ტბა — ტბა ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ყელის ვულკანურ ზეგანზე. ზღვის დონიდან 3078 მ. ზედაპირის ფართობი 0,13 კმ², უდიდესი სიღრმე 5,5 მ აუზის ფართობი 4,9 კმ². წარმოქმნილია მყინვარული ცირკის ლავებით გადაკეტვის შედეგად. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით. უმაღლესი დონე — ივნისში, დაბალი — ზამთარში. გაედინება ჩრდილო-დასავლეთი მხარეს მიწისქვეშა გზით კარბონატულ ქანებში. იყინება დიდი ხნით. თევზი არ იცის.
ბეთლემის კომპლექსი
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
ქართველების წინაპრების მაღალი სულიერების დადასტურებაა მყინვარწვერის კალთაზე მდებარე მეუდაბნოე განდეგილ მამათა სამოღვაწეო ქვაბულები, რომელთა სახელწოდებები: ნაბერალი, ბერების აბანო, ბეთლემი - დღემდე შემორჩა. ბეთლემის შესახებ გადმოცემა წმინდა ილია მართალმა თავის ერთ-ერთ პოემას „განდეგილს“ დაუდო საფუძვლად. არსებობს უწყება, რომ ბეთლემის გამოქვაბულში მოსეს კარავი და მაცხოვრის აკვანი ინახებოდა. იქ წმიდა და ღმერთშემოსილი მამები VI საუკუნიდან აღასრულებდნენ ბერულ ღვაწლს. ბეთლემი მსოფლიოში არსებულ მართლმადიდებელ ტაძართა შორის ზღვის დონიდან ყველაზე მაღალ ადგილას, 4100 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი – გალავნით შემოზღუდული ქართული ხუროთმოძღვრული კომპლექსი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2200 მ. კომპლექსში შედის სამების გუმბათოვანი ტაძარი (XIV ს–ის 30-იანი წლები), სამრეკლო (XIV ს–ის II ნახევარი) და საბჭეო (XV ს). მის სახელწოდებაში ტერმინ „გერგეტის“ მოხსენიებას კი განაპირობებს ის ადგილმდებარეობა, სადაც ტაძარია აღმართული. ადრიდანვე სოფელი გერგეტი მდინარე თერგის მარცხენა მხარეს იყო გაშენებული, ხოლო მარჯვენა მხარეს ისტორიული ხევის ადმინისტრაციული ცენტრი - სტეფანწმინდა. ტაძარი კი მარცხენა მხარეს, ნასოფლარ გერგეტის ტერიტორიაზეა აგებული. XX საუკუნის ბოლო მესამედში, კერძოდ 1966 წელს სოფელი გერგეტი ყაზბეგს შეუერთდა, მაგრამ ეკლესიის ძველი სახელწოდება უცვლელი დარჩა და მას ჩვეულების თანახმად კვლავ გერგეტის სამებას უწოდებენ.
გველეთის ჩანჩქერი
ჩანჩქერი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გველეთი — სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს დარიალის ხეობაში, მდინარე დევდარაკის (თერგის მარცხენა შენაკადი) მარჯვენა მხარეს. ზღვის დონიდან 1560 მეტრი, სტეფანწმინდიდან 9 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 1 კაცი. სოფელში შემორჩენილია ფეოდალური ხანის ციხე, რომელსაც იხსენიებენ ჟამთააღმწერელი (XIV საუკუნე) და „ძეგლი ერისთავთას“ ავტორი (XIV საუკუნე). მონღოლების წინააღმდეგ აჯანყებულმა მეფე დავით VIII-მ 1301 წელს თავი გველეთის ციხეს შეაფარა.
გუდაური
კურორტი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
გუდაური — სამთო-სათხილამურო კურორტი სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში, კავკასიის სამხრეთ ფერდობებზე, თბილისიდან 120 კმ-ში, ზღვის დონიდან 2196 მ სიმაღლეზე. სათხილამურო სეზონი დეკემბრიდან აპრილამდე გრძელდება. კურორტის პოპულარობა ახლომდებარე საქართველოს სამხედრო გზამ განაპირობა.
დარიალის კომპლექსი
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
დარიალის ვიწრო გასავალი დერეფანი ისტორიაში უძველესი დროიდან იყო ცნობილი, აქ ჩრდილოეთის გზა გადიოდა, დღეს საქართველოს სამხედრო გზად წოდებული. ამ გზას განსაკუთრებული პოლიტიკურ-სტრატეგიული მნიშვნელობა ჰქონდა ძველი საქართველოს (იბერიის) სამეფოსათვის, რომლის სატახტო ქალაქი-მცხეთაც არაგვ-მტკვრის გზაჯვარედინზე მდებარეობდა და არაგვის ეს ვიწრო და ძნელი გზა დარიალის კარებით იყო ჩაკეტილი.
დარიალის ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - სტეფანწმინდის რაიონი)
დარიალის კომპლექსი მდებარეობს ყაზბეგის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ისტორიულ ხევში, დაბა სტეფანწმინდის ჩრდილოეთით 20 კმ–ში, მდინარე თერგის მარცხენა ნაპირზე, საქართველოს სამხედრო გზის ბოლო მონაკვეთთან, კლდოვან მთაზე. მას თამარის ციხესაც უწოდებენ, ციხის უკანა მხარეს კლდეზე თამარ მეფის სახეცაა გამოკვეთილი. ნანგრევებში სხვადასხვა დროის (ძვ.წ. II - ახ.წ. XVIII ს) სამშენებლო ფენები გაირჩევა. ისინი ძირითადად ანტიკური და ადრინდელი ფეოდალური ხანისაა. დარიალის ციხე კეტავდა ხეობაში ჩრდილოეთიდან მომავალ სავაჭრო-სტრატეგიულ გზას.