კატეგორია - ნაკრძალი (გვერდი 1/1)
ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი
ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 101.43 კვ.კმ, ტყით დაფარულია 40.32 კვ.კმ, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს. ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი და ძუძუმწოვარი, მათ შორის გარეული ღორი, მგელი, დათვი და ზოლებიანი აფთარი. ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.
სათაფლია
ნაკრძალი (იმერეთი - წყალტუბოს რაიონი)
სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფლების გუმბრას, ბანოჯასა და ხომულის ტერიტორიაზე, სათაფლიის მთაზე, ზღვის დონიდან 500 მ. დაარსდა 1935 წელს. ფართობი 330 ჰა. ნარკძალი კომპლექსური ხასიათისაა და შეიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ, ზოოლოგიურ და და ბოტანიკურ ძეგლებს. რელიეფი მთაგორიანია. ტერიტორიის 95% დაფარულია რელიქტური კოლხური ტიპის ტყით, რომელსაც ქმნის წიფელი, წაბლი, რცხილა, თელა, ბზა, ძელქვა, მურყანი, ცაცხვი, მუხა, პანტა, მაჟალო და სხვა. ქვეტყე ქმნის გაუვალ რაყას. ბევრია ლიანებიც. ძუძუმწოვრებიდან აქ გავრცელებულია ტურა, კვერნა, მაჩვი, მელა, კურდღელი, ციყვი. იშვიათად შემოდის შველი, ბევრია ფრინველი. ნაკრძალის ტერიტორია მდიდარია კარსტრული მღვიმეებით. აქვე აღმოჩენილია მტაცებელი და ბალახიჭამია დინოზავრების 200-მდე ნაკვალევი, რომლებიც მერგელოვან კირქვებზეა აღბეჭდილი. ნაკრძალში არის ბიოსპელეოლოგიური მუზეუმი.
სახოხბე
ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
სახოხბე ყოღოთოს ხეობაში მდებარეობს. ის ა/ო „ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების მეგობართა ასოციაციამ“ დააარსა კავკასიის ბუნების ფონდის (IUCN) დახმარებით და მისი მიზანია კოლხური ხოხბის გენოფონდის შექმნა ვოლიერულ პირობებში, ხოლო შემდგომ ეტაპზე მათი ბუნებაში გაშვება. ევროპაში გავრცელებულ ხოხობთა წინაპრად კოლხური ხოხობი ითვლება. ლეგენდის მიხედვით ხოხობი არგონავტებმა გაიყვანეს კოლხეთიდან და ამის შემდეგ გავრცელდა იგი მთელ ევროპაში. ბერძნებმა მას დაარქვეს "ფაზიანოსი" (ლათ. Phasianus colchicus; Phasis – მდ. რიონის ძვ. სახელწოდებიდან).
ჭაჭუნას აღკვეთილი
ნაკრძალი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
აღკვეთილი ტუგაის ტიპის ჭალის ტყის დასაცავად შეიქმნა და ის ჭალის ტყის გარდა ბედლენდებსაც მოიცავს. ეს ერთ-ერთია არც ისე ბევრი ადგილიდან საქართველოში, სადაც დურაჯის ნახვაა შესაძლებელი. ჭალის ტყე, წყალსაცავი და ბედლენდები ყველა პირობას ქმნის იმისათვის რომ აქ ფრინველთა დიდი მრავალფეროვნება არსებობდეს.