ახალქალაქის რაიონი (გვერდი 1/3)
ალანძიის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
ალანძა, ტოლოში — VIII-IX საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, მდინარე ტაშლაყაშის მარჯვენა მხარეს (ასპინძის მუნიციპალიტეტი). სოფ. ტოლოშიდან 1,5 კმ. ალანძას ჩრდილოეთ კედელთან შემორჩენილი აქვს მოკლე, სწორკუთხა მინაშენის ნაშთი. ნავის ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლებზე სვეტისთავებით დაგვირგვინებული თითო პილასტრია, რომლებსაც ნალისებრი მოხაზულობის საბჯენი თაღი ეყრდნობოდა. კედლის საშენ მასალად გამოყენებულია ტლანქად გათლილი ბაზალტის ქვები. ფასადებისა და კარ-სარკმლების კუთხეები ნაგებია სუფთად გათლილი ქვიშაქვით. ფასადები სადაა, მხოლოდ სამხრეთ ფასადზეა ცალკეული შემამკობელი ელემენტები.
გავეთის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
გავეთი— ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, წმ. გიორგის სახელობის ერთნავიანი დარბაზული ეკლესია მესხეთში, ასპინძის მუნიციპალიტეტში. აგებულია XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე. საერთო მხატვრული კონცეფციით, ფასადების ხასიათით, კარ-სარკმელთა დეკორითა და ცალკეული მოტივებით საფარა-ზარზმის ხუროთმოძღვრულ წრეს მიეკუთვნება. გავეთის სამხრეთ ფასადზე აღსანიშნავია ქართული ხუროთმოძღვრებისათვის სრულიად უცხო ფორმა - მუზარადისებრი მოხაზულობის თაღები (ისლამური ელემენტი).
გიორგიწმინდის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
VIII-IX საუკუნეების ერთნავიანი ეკლესია სოფელ თმოგვის მახლობლად (ასპინძის მუნიციპალიტეტი), ნასოფლარ გიორგიწმინდაში. ეკლესია დგას ერთსაფეხურიან ცოკოლზე. გარედან კედლები შემოსილია კარგად გათლილი ქვის, თანაბარი ზომის კვადრებით; შიგნით ასეთივე წყობითაა ამოყვანილი კონსტრუქციულად მნიშვნელოვანი ნაწილები. დანარჩენი კედლები უხეშად გათლილი ქვითაა ნაგები. ეკლესიას აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდი აქვს. საკურთხევლის სარკმლის ორივე მხარეს თითო სწორკუთხა ნიშია. გრძივი კედლები ორ-ორი კედლის თაღითაა დანაწევრებული. შესასვლელი სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილშია, ამ მხრიდანვე ეკლესიას მთელ სიგრძეზე გასდევს სტოა. ეკლესიის სამხრეთ-აღმოსავლეთით, ფერდზე შემორჩენილია ქვასვეტის (სტელის) უხეშად თლილი ბაზისი. ეკლესიას 2006 წლის, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების თანახმად, მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია
ვანის ქვაბები
ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
გამოქვაბულების კომპლექსი, უდაბნო-მონასტერი, ქართული ხუროთმოძღვრებისა და კულტურის ძეგლი (VIII ს.) მდებარეობს ასპინძიდან 27 კმ-ში სოფ. თმოგვის სამხრეთ-დასავლეთით, ზღვის დონიდან 1386 მ. კლდეში ნაკვეთი სამონასტრო კომპლექსი 16 სართულს აერთიანებს.
ვარძიის კომპლექსი
ისტორიული ძეგლი (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
ვარძია “... საკვირველებას წარმოადგენს. მიუვალობით ის ალექსანდრეს კედელს და ხეიბერის კოშკს ედრება…”-ასე წერდა ვარძიის შესახებ სპარსეთის სეფევიდების დინასტიის მემატიანე, XVI საუკუნის ისტორიკოსი ჰასან ბეგ რუმლუ თავისი ნაწარმოების "ახსან-ათ-თავარიხის” (“უმშვენიერესი ისტორიათაგანი”) ფურცლებზე. დადგენილია, რომ ხეობა მტკვრის ორივე მხარეს მჭიდროდ იყო დასახლებული უკვე ენეოლითის ხანაში, არქეოლოგიური სამუშაოების დროს ტერასებზე და ბორცვებზე მიკვლეულია პირველყოფილი თემური საზოგადოების ენეოლით – ბრინჯაოს და გვიან – ბრინჯაოს ეპოქათა ძეგლები, მათ შორის ყორღანული სამარხები. ამ ტიპის ძეგლების შესწავლამ გამოავლინა თრიალეთის კულტურის გავრცელების არეები. “ქართლის ცხოვრებაში” პირდაპირი ცნობებია, რომ მონასტრის შენება მეფე გიორგი III დროს დაწყებულა და შემდგომ თამარის მეფობის დროს დასრულდა.
ზედა ვარძიის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (სამცხე-ჯავახეთი - ასპინძის რაიონი)
მიეკუთვნება ორნავიანი ეკლესიათა ტიპს. სამხრეთით აქვს ღია სტოა. დასავლეთი მინაშენი უფრო გვიანი ხანისაა. ნაგებია კარგად გათლილი მოწითალო-იასამნისფერი ტუფანდეზიტის კვადრებით. შიგნით მოპირკეთებულია დიდრონი თლილი ქვებით. ღრმა აფსიდით დაბოლოებული მთავარი ნავი მაღალი და ფართოა, ჩრდილოეთისა კი - დაბალი და ვიწრო. ისინი ერთმანეთიდან დაკავშირებული არიან ორ ბურჯზე დაყრდნობილი თაღებით. ეკლესია შელესილი ყოფილა, შეიმჩნევა მოხატულობის კვალი. ორივე ნავი ერთიანი, ორფერდა სახურავითაა გადახურული. ეკლესია გარედან უხვადაა მორთული ჩუქურთმებით. შესასვლელის თავზე სტილიზებული ასომთავრული წარწერაა.