კატეგორია - წყალსაცავი (გვერდი 1/3)
ალგეთის წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - თეთრი წყაროს რაიონი)
ალგეთის წყალსაცავი — წყალსაცავი მდინარე ალგეთზე. მდებარეობს ქვემო ქართლის მხარის თეთრი წყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ტბისის სიახლოვეს, ქალაქ თბილისიდან 60 კმ-ში. 2012 წელს ალგეთის წყალსაცავზე ადგილობრივებმა შემთხვევით იპოვეს ადრეული შუა საუკუნეების დროინდელი ადამიანის თავის ქალა. სპეციალისტთა წინასწარი დასკვნით, ის ჩვენი წელთაღრიცხვის V-VI საუკუნეებით თარიღდება და 40 წლამდე მამაკაცს ეკუთვნის. წყალსაცავის ტერიტორიაზე არქეოლოგებმა სამარხებსა და ნამოსახლარებსაც მიაკვლიეს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ამ შუა საუკუნეებში აქ დასახლება იყო.
ბულაჩაურის წყალსაცავი
წყალსაცავი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
განთავსებულია მდ. არაგვის სანაპიროზე, 242 ჰექტარ ფართობზე. მისი დებიტი, საშუალოდ, 3000 ლ/წმ შეადგენს. აქედან 2000 ლ/წმ წყალი თვითდინებით მიეწოდება თბილისს, ხოლო 1000 ლ/წმ გადაიქაჩება საგურამოს წყალსადენის სამიჯნე კამერაში. წყლის ხარისხის კონტროლის მიზნით, ბულაჩაურში ფუნქციონირებს ქიმიური ლაბორატორია. წყალსადენი 1951 წელს გაიშვა ექსპლუატაციაში.
გალის წყალსაცავი
წყალსაცავი (აფხაზეთი - გალის რაიონი)
გალის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, მდინარე ერისწყალზე, სოფელ რეჩხთან. აშენდა 1969 წელს. წყალშემკრები აუზის ფართობი 166 ათ. კმ², სარკის ფართობი 8,2 კმ², წყლის საერთო მოცულობა 145 მლნ მ³, სასარგებლო მოცულობა 110 მლნ. მ³, საშუალო სიღრმე 17,7 მ, უდიდესი სიღრმე 42,3 მ. საზრდოობს ძირითადად მდინარე ერისწყლისა და მდინარე ენგურის ჩამონადენით, რომელიც წყალსაცავში ჩაედინება ენგურჰესის დაწნევითი დერივაციული გვირაბით. გალის წყალსაცავის ფსკერი დაფარულია ალუვიონის სქელი ფენით. ნაპირები ზედა ნაწილში დამრეცია, ქვედაში — ციცაბო. აღინიშნება მეწყრული პროცესები. სანაპირო შემოსილია ბუჩქნარითა და მეორეული ტყით.
გრემისხევის (ნარეკვავის) წყალსაცავი
წყალსაცავი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
გრემისხევის (ნარეკვავის) წყალსაცავი მდებარეობს დუშეთის რაიონში, სოფელ გრემისხევის მიმდებარედ. წყალსაცავს ავსებს მდინარე ნარეკვავი. წყალსაცავის საერთო ფარტობია 0,6 კმ/კვ. ამ წყალსაცავში ბინადრობს კარჩხანა, ხრამული, კობრი, საზანი.
დალის მთის წყალსაცავი
წყალსაცავი (კახეთი - დედოფლისწყაროს რაიონი)
მდებარეობს მდ. იორზე, დედოფლისწყაროდან სამხრეთით 30 კმ–ში დალის მთისა და ჭაჭუნას აღკვეთილის სიახლოვეს. წყლის საერთო მოცულობა 140,0 მლნ. მ³. წყალსაცავის სანაპიროსთან გაშენებულია სამონადირეო მეურნეობა „დალის მთა“. წყალსაცავში მოშენებულია თევზი: თეთრი ამური, ჭანარი, კობრი, სქელშუბლა, ხრამული, შამაია, ლოქო და სხვ. შესაძლებელია სამოყვარულო თევზაობა.
ვარციხის წყალსაცავი
წყალსაცავი (იმერეთი - ქუთაისი)
ვარციხის წყალსაცავი — წყალსაცავი დასავლეთ საქართველოში, იმერეთის მხარის ბაღდათის, წყალტუბოს, თერჯოლისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში. ფართობი 5,1 კმ², წყლის მოცულობა 4,6 მლნ. მ³. მოწყობილია მდინარე რიონზე, ხანისწყლისა და ყვირილის შესართავებთან. აღმოსავლეთით ესაზღვრება აჯამეთის აღკვეთილი. წყალსაცავს ერთვის მდინარეები ყვირილა და ხანისწყალი. წყალსაცავი მნიშვნელოვნად განაპირობებს მდინარის ნაპირების ეროზიას. გამოიყენება ენერგეტიკული მიზნებისათვის.
ზონკარის წყალსაცავი
წყალსაცავი (შიდა ქართლი - ჯავის რაიონი)
ზონკარის წყალსაცავი — კომპლექსური დანიშნულების წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა შენაკადის — პატარა ლიახვის ხეობაში, ზღვის დონიდან 1209 მ სიმაღლეზე. წაგრძელებული ფორმისაა. წყლის ზედაპირის ფართობი 1,4 კმ², წყლის საერთო მოცულობა 40,0 მლნ. მ³, სასარგებლო მოცულობა 39,0 მლნ. მ³. კაშხლის სიმაღლეა 78 მ. სპეციალისტთა შეფასებით, თუ წყალსაცავზე აღიმართება ჰიდროელექტროსადგური შესაძლებელი იქნება გამომუშავდეს 8 მეგავატი ელექტროენერგია.[2] 2009 წელს თავიდან აიცილეს შესაძლო სტიქიური უბედურება, რომლის შედეგადაც დაიტბორებოდა ახლო მდებარე მრავალი სოფელი. იგი აბრკოლებს აგრეთვე კალმახის მიგრაციას პატარა ლიახვის სათავეებში. წყალსაცავი გამოყენებულია საირიგაციოდ და მელიორაციის მიზნით; აგრეთვე რეგიონისთვის როგორც სასმელი წყლის მომწოდებელი წყარო. სანაპიროსთან გაშენებულია სოფლები: ზემო ზონკარი, ქვემო ზონკარი და აწრისხევი.
თბილისის წყალსაცავი
წყალსაცავი (თბილისი - თბილისი)
თბილისის წყალსაცავი, „თბილისის ზღვა“, სამგორის წყალსაცავი, წყალსაცავი აღმოსავლეთ საქართველოში, ივრის ზეგანზე, ქ. თბილისის ჩრდილო–აღმოსავლეთით. შეიქმნა მლაშე ტბების — ავლაბრის, ილგუნიანისა და კუკიის ადგილას. ვრცელდება ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. ექსპლუატაციაშია 1953 წლიდან. ყინულსაფარი წყალსაცავზე არ ჩნდება, ცივ ზამთარში წარმოიქმნება ყინულნაპირისი და თოში. ხშირი ქარის გამო იცის ღელვა. წყლის მინერალიზაცია 300-500 მგ/ლ შეადგენს. თბილისის წყალსაცავი ოლიგოტროფული წყალსატევია. საზრდოობს მდინარე ივრის წყლით, რომელიც მასში სამგორის სარწყავი სისტემის ზემო მაგისტრალური არხით ჩადის. თბილისის წყალსაცავის წყალს იყენებენ სარწყავად, თბილისის წყალმომარაგებისათვის, თევზის სარეწად, წყლის სპორტისათვის. წყალსაცავიდან წყალი გადის სამგორის სარწყავი სისტემის ქვემო მაგისტრალური არხითა და ღრმაღელის მაგისტრალური არხით.
იაყუბლოს წყალსაცავი
წყალსაცავი (ქვემო ქართლი - დმანისის რაიონი)
იაკუბლოს წყალსაცავი ექსპლუატაციაში შევიდა 1978 წელს. წყალსაცავი მთისძირისა და პანტიანის წყალსაცავებთან ერთად ემსახურება ბოლნისის, დმანისის და მარნეულის მუნიციპალიტეტის ნაწილს, საერთო ჯამში 8 000 ჰექტარი მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფას.