კატეგორია - ტბა (გვერდი 4/13)
ერწოს ტბა
ტბა (შიდა ქართლი - ჯავის რაიონი)
ერწოს ტბა — კარსტული ტბა ჯავის მუნიციპალიტეტში, მდინარე ყვირილის აუზში, ცხინვალ–ონის გზაზე, ცხინვალიდან 36 კილომეტრის დაშორებით, ზღვის დონიდან 1710 მ-ზე. ზედაპირის ფართობი 0,31 კმ². უდიდესი სიღრმე 19 მ, საშუალო სიღრმე 2,1 მ. უკავია 4 კარსტული ძაბრი. საზრდოობს წვიმისა და თოვლის წყლით. უდიდესი დონე მაის-ივნისშია, უმცირესი — აგვისტო-სექტემბერში. ზამთარში იყინება. ტბაში თევზი არ იცის.
ვაჩიანის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ვაჩიანის ტბა — ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვაჩიანთან. ზღვის დონიდან 1737 მ. ზედაპირის ფართობი 0,12 კმ2, უდიდესი სიღრმე 1 მ, საშუალო — 0,75 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, აგრეთვე მდინარე მურჯახეთისწყლიდან გაყვანილი არხით, იყენებენ სარწყავად.
ილიას ტბა
ტბა (კახეთი - ყვარლის რაიონი)
ილიას ტბა – რომელსაც სახელი დიდი ქართველი მწერალისა და საზოგადო მოღვაწის – ილია ჭავჭავაძის საპატივცემლოდ დაარქვეს, ორი წლის წინ გაკეთდა, მდინარე დურუჯის ხეობაში, ყვარელის რაიონში. ხელოვნური ტბა მდებარეობს ქინძმარაულის უნიკალურ მიკროზონაში. ტბას ცალი მხრიდან გარს ერტყმიან ფოთლოვანი ტყეებით დაფარული გორები, ხოლო მეორე მხარეს გაშენებულია დასასვენებელი პარკი, კაფეები, რესტორნები, ტყეში კი შენდება ახალი სასტუმრო. ტბა მოეწყო სახელმწიფო ხარჯებით, ყვარელის რაიონში დასასვენებელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, და იგი ადგილობრივების საყვარელ დასასვენებენ ადგილად იქცა.
იმნათის ტბა
ტბა (გურია - ოზურგეთის რაიონი)
იმნათის ტბა — ტბა გურიის დაბლობზე, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 0,6 მ, სარკის ფართობი 0,06 კმ2, აუზის ფართობი 0,48 კმ2, უდიდესი სიღრმე 2 მ. წყალი მტკნარია, საზრდოობს წვიმის წყლით. ტბაში იცის ლოქო, წვერა, ქორჭილა და სხვა თევზი. ტბასთან ახლოს მდებარეობს იმნათის ტორფის საბადო.
ინკითი
ტბა (აფხაზეთი - გაგრის რაიონი)
ინკითი — რელიქტური ტბა ბიჭვინთის კონცხზე, აფხაზეთში, გაგრის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ზღვის დონიდან 1 მ, სარკის ფართობი 0,4 კმ², უდიდესი სიღრმე 3,2 მ, წყლის მოცულობა 810 ათ. მ³. ადრე ტბიდან ნაკადული გაედინებოდა, წყალი მტკნარი იყო. ამჟამად ტბის დონის ხელოვნურად დაწევის გამო, ტბაში ზღვის წყალმა იწყო შეჟონვა და წყლის მარილიანობა 5 გრ/ლ-მდე გაიზარდა. ინკითში 10 სახეობის თევზია. თევზის რეწვა პერიოდულია.