ახალქალაქის რაიონი (გვერდი 1/2)
აბულის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ტბა ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, პატარა აბულის დასავლეთ ფერდობზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 2176 მეტრის სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობია 0,9 კმ², აუზის ფართობი — 8,3 კმ², სიღრმე — 1,4 მ. ტბის ქვაბული წაგრძელებულია ჩრდილოეთ-დასავლეთიდან სამხრეთ-აღმოსავლეთისაკენ. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულის ბოლოსაა, წყალმცირობა — ზაფხულის ბოლოს ან შემოდგომის დასაწყისში. მუდმივი შენაკადები არ აქვს, გაუმდინარეა, უმეტესი ნაწილი დაფარულია წყალმცენარეებით. ტბაში ტორფის საკმაოდ სქელი ფენაა. ზამთარში იყინება. ტბაში არ არის თევზი.
აბულის ციკლოპური ციხე
ციხე-კოშკი (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
მშრალად ნაგები აბულის ციკლოპური ციხე, სოფელ აბულის სიახლოვეს მდებარეობს. მის შესასვლელში, იქ, სადაც ძველი საურმე და სამანქანო გზა ერთდება, ზედაპირზევეა ქვაყუთის ტიპის საფლავები. გრანდიოზული და რთული გეგმარებისაა აბულის ციხე, რომელიც მცირე აბულის მთის სამხრეთ კალთაზე მდებარეობს, ზღვის დონიდან 1670 მ–ის სიმაღლეზე. აქ მთელი ქედი მორენებითაა დაფარული.
აზავრეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
აზავრეთი, სოფელი ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, თრიალეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ჩამოუდის მდინარე აზავრეთისხევი. ზღვის დონიდან 2100 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 21 კმ–ით. არის მოსაზრება, რომ სოფლის სახელის ეტიმოლოგია აზავერს („ხარია საკიდარი“ - საბა) უკავშირდება. თითქოს აზავრეთში გამოჰყავდათ აზავრები. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის შუა საუკუნეების დიდი ეკლესია, რომელიც რესტავრირებულ იქნა გასული საუკუნის 90-იან წლებში. ეკლესიის ერთ-ერთ შემორჩენილ ბარელიეფზე გამოსახულია წმინდა დანიელი ლომების ხაროში. შემორჩენილია ასევე ბოლნური ჯვარი.
ალასტანის ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
სოფლის ცენტრში დგას X-XI სს. დარბაზული ეკლესია. ეკლესიის აღმოსავლეთ კედელზე არის ორი წარწერა. ერთი იკითხება: „ესე მე ოძელმან დავდე ქვა“. მეორე წარწერის წაშლა უცდიათ საგულდაგულოდ, საღებავიც გადაუსვამთ ისე, რომ აღარ ირჩევა. სოფელში ქართული ეკლესიის უკანვე აშენებულია XIII-XIV საუკუნეების სომხური დიდი ეკლესია.
ბარალეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
სოფლის ცენტრში დგას მე-11 საუკუნის ქართული ეკლესია – ორნავიანი*შესწ. გ.ბაგრატიონის ბაზილიკა, რომლის აღმოსავლეთ კედელზე ასომთავრული წარწერაა: „[აღე]შენა ეკლესიაჲ ესე მათ ჟამთა შინა, ოდეს ლაშა მეფედ დაჯდა“. „ჯავახთუფლის“ მეფედ დაჯდომა განსაკუთრებით აღუნიშნავთ ბარალეთში. რადგანაც იმ დროისათვის (1213) საქართველოში ბაზილიკები აღარ შენდებოდა, სავარაუდოა, რომ ეს ცნობა უფრო ადრინდელი ეკლესიის აღდგენას ან შეკეთებას გულისხმობდეს. სოფლის აღმოსავლეთით, ნასოფლარ სირგვთან ახლოს, აღმართულია კარგად შენახული 6 მეტრის სიმაღლის სტელა.
ბურნაშეთის დარბაზული ეკლესია
ეკლესია (ქვემო ქართლი - ახალქალაქის რაიონი)
ბურნაშეთი - სოფელია ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილოეთ ნაწილში, მდინარე ჟირულის მარცხენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 1900 მ., ახალქალაქიდან დაშორებულია 22 კმ-ით. ბურნაშეთში ადამიანი ჯერ კიდევ წინაფეოდალურ ხანაში სახლობდა. სოფლის ძველი სახელი "ბურნაშენი" უნდა ყოფილიყო. სოფელში შემორჩენილია დარბაზული ტიპის დიდი ეკლესია, რომელსაც შეწყვილებულთაღებიანი კარიბჭე აქვს. თავისი სიდიდისა და სიმაგრის წყლობით ეკლესია შედარებით უკეთაა შემონახული. არქიტექტურულ-დეკორატიული ფორმებითა და აღმოსავლეთის ფასადის რელიეფების მიხედვით აშენებული უნდა იყოს არა უგვიანეს X ს-სა. დაცულია ორი წარწერა (X და XIII სს.). ერთი ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, მეორე - ინტერიერში, ჩრდილოეთის კედელზე. აღმოსავლეთის მხარეზე არსებული რელიეფი წმ.დანიელი ლომების ხაროში იკითხება შემდეგნაირად: "უფალო ვითარცა იხსენ დანიელ პირისაგან ლომაისა, იხსენ ამის წმიდასა ეკლესიის მაშენებელნი ხელთაგან ჯოჯხეთისა". სოფლის მატერიალური კულტურის ძეგლებიდან აღსანიშნავია აგრეთვე მოზრდილი ქვაჯვარი.
ვაჩიანის ტბა
ტბა (სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქის რაიონი)
ვაჩიანის ტბა — ტბა სამხრეთ საქართველოში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, სოფ. ვაჩიანთან. ზღვის დონიდან 1737 მ. ზედაპირის ფართობი 0,12 კმ2, უდიდესი სიღრმე 1 მ, საშუალო — 0,75 მ. საზრდოობს თოვლისა და წვიმის წყლით, აგრეთვე მდინარე მურჯახეთისწყლიდან გაყვანილი არხით, იყენებენ სარწყავად.