შიდა ქართლის რეგიონი (გვერდი 5/20)
დვანის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - ქარელის რაიონი)
სოფელ დვანის ტერიტორია უძველესი ხანიდან ყოფილა დასახლებული. იგი ცნობილია ბრინჯაოს ხანის არქეოლოგიური აღმოჩენებით. ძვ. წ. VIII-VII საუკუნეების არქეოლოგიური მასალით (ნეკროპოლი) აქ სკვითებისა და კიმერიელთა შემოჭრის ფაქტი დასტურდება. მოსახლეობა წინათ მაღლობზე ყოფილა, მაგრამ უწყლობის გამოდმოსახლებულან დაბლობზე. ფეოდალური საქართველოს ერთიანობის ხანაში დვანი ქართლის საერისთავთერისთავოში შედიოდა, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, XVI საუკუნიდან – ქსნის საერისთავოში.
დიდი წერეთის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია. (12,5X7,5 მ), გარე კედლები ნაგებია თლილი ქვით, შიგა – ნატეხი ქვით, კონსტრუქციული ნაწილები - თლილი შირიმით. ნაგებობა დაზიანებულია: ჩანგრეულია სახურავი. გარედან არქიტრავით გადახურული, შიგნიდან ტიმპანიანი შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდში ერთი სარკმელია, სამხრეთის კედელში – ორი. აფსიდის სარკმლის ორივე მხარეს თითო პატარა ნიშია; ცენტრში დგას სწორკუთხა ვიწრო სატრაპეზო ქვა. კედლები moxatuli ყოფილა. (ჩანს საღებავის კვალი).
დიდი წერეთის კოშკი
ციხე-კოშკი (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
კოშკი ცილინდრულია, (შიდა დიამეტრი 3,5 მ. კედლის სისქე 1,4 მ), ზევით ოდნავ ვიწროვდება, ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია ოთხი სართული და მეხუთე სართულის (თუ ბანის) კედლების მცირე ფრაგმენტები. ჩანგრეულია სართულშუა ხის გადახურვები. შესასვლელი სამხრეთით, მეორე სართულზეა, მიწიდან ოთხიოდე მეტრზე. კარი სწორკუთხაა. ამ სართულს აქვს ერთი სარკმელი და ხის აივანი. კოშკის პირველი სართული ნანგრევებით არის სავსე. მესამე სართულზე, სამხრეთით და ჩრდილო – აღმოსავლეთით თითო პატარა სარკმელია. მეოთხე სართულს ერთმანეთისაგან თანაბრად დაშორებული ოთხი სარკმელი აქვს (ერთი სანახევროდ დანგრეულია).
დიდი ატენის ნათლისმცემლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ნათლისმცემლის ეკლესია თარიღდება განვითარებული ფეოდალური ხანის გარდამავალი პერიოდით. ეკლესია დარბაზულია (7,3X4 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია დასავლეთიდან მოგვიანებით მიშენებული მცირე სამლოცველო (შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილო და დასავლეთ კედლები) და ინტერიერში კედლის მოხატულობა. მცირე კედელიღაა გადარჩენილი ჩრდილოეთიდან მინაშენისაგან. ეკლესიის თაღოვანი შესასვლელები სამხრეთით (ნახევრად ამოქოლილია) და დასავლეთითაა. ნახევრადწრიულ აფსიდში მოგვიანებით გაჭრილი ვიწრო თაღოვანი შესასვლელი (ამოქოლილია) ეკლესიას ჩრდილოეთ მინაშენთან აკავშირებდა.
დიდი ატენის ღვთისმშობლის მცირეგუმბათოვანი ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი ატენის მცირეგუმბათოვანი ეკლესიის დასავლეთ ფასადის კარის ტიმპანზე ამოკვეთილია რელიეფური კომპოზიცია და ასომთავრული წარწერა: “ქრისტე ადიდე ორსავე ცხოვრებასა აქა ხორციელებრ და წინაშე შენსა სულიელებრ რატ ერისთავი ძე იგი ლიპარიტ ერისთავისაი რომელმან აღაშენა ესე სახლი ღმრთისაი და ბჭეი ცათაი წმიდაი ეკლესიაი, სალოცველად სულისა მათისა”. საფიქრებელია, რომ რატი ერისთავმა X საუკუნეში განაახლა “სახლი ღმრთისაი” და თავისი თავი აღმშენებლად გამოაცხადა. Aამავე საუკუნეში გუმბათის ყელი მოუპირკეთებიათ მომწვანო ტუფით და ზედ წარწერაც ამოუკვეთიათ.
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
დიდი გარდატენის ღვთისმშობლის ეკლესია თარიღდება განვითარებულ ფეოდალურ ხანით. ეკლესია დარბაზულია (8,2X4,7მ) ნაგებია თლილი ქვიშაქვის კვადრებით. შემორჩენილი აქვს ქვის ფორფინების ფრაგმენტები. შიგნიდან თაღოვანი, გარედან არქიტრავით გადახურული შესასვლელი სამხრეთითაა. აფსიდის თაღოვანი სარკმლის ორივე მხარეს თახჩებია, ჩრდილოეთ კედელში ერთი ფართო ოთხკუთხა ნიშია. დარბაზი გადახურულია ნახევარწრიული კამარით, რასაც შეკეთების კვალი ეტყობა. საკურთხევლის წინ დგას XIX საუკუნის კანკელი, რაზეც შემორჩენილია ზეთის საღებავებით შესრულებული მოხატულობის ფრაგმენტები (წარწერებიანი).
დიდი მეჯვრისხევის კვირაცხოვლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
ეკლესია დარბაზულია (5X3,2 მ), ნაგებია რიყის ქვით, კონსტრუქციული ნაწილები შირიმისაა. ძლიერ დაზიანებულია. შესასვლელი სამხრეთის კედელშია (მისი ზედა ნაწილი ჩამონგრეულია). ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე ერთი სარკმელია, რომლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. საკურთხეველი დარბაზისაგან გამოყოფილია პილასტრებზე დაყრდნობილი სატრიუმფო თაღით. საბჯენი თაღი კრონშტეინებს ეყრდნობა. ჩრდილოეთ კედლის ცენტრში სწორკუთხა ნიშია. დასავლეთ ფასადის ფრონტონში მთლიანი შირიმის ქვისგან გამოკვეთილი ჯვარია.
დიდი მეჯვრისხევის ღვთისმშობლის ეკლესია
ეკლესია (შიდა ქართლი - გორის რაიონი)
eklesia (8,2X8 მ) ჯვარ – გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია რიყის ქვით. ძლიერ დაზიანებულია: შემორჩენილია მხოლოდ საკურთხევლის სარკმელი, ჩრდილოეთ და სამხრეთ კედლების აღმოსავლეთ ნაწილი, აფსიდის კონქს აკლია ზედა ნაწილი, მთლიანადაა დანგრეული ეკლესიის დასავლეთ მხარე. აღმოსავლეთ მკლავში ნახევარწრიული აფსიდია, მის წინ - მოკლე ბემა. აფსიდის კონქის ქუსლი ნაწყობია თლილი ქვის ერთი რიგით. დანარჩენი მკლავები სწორკუთხა უნდა ყოფილიყო.