მცხეთა-მთიანეთის რეგიონი (გვერდი 7/17)
ზენუბნის სამება
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
ზენუბანი საისტორიო წყაროებში XIV საუკუნის მიწურულიდან იხსენიება, როგორც საკათალიკოსო სოფელი. შედიოდა ერწო-თიანეთის საეპისკოპოსოში. ზენუბანზე გადიოდა შიდასამიმოსვლო გზები, ერთი დიდგორისაკენ მიემართებოდა, მეორე - ნიჩბის-კავთურის გამყოფ ქედე გადიოდა. სოფელს არაერთხელ შემოსევიან მთის უცხო ტომები. XVIII საუკუნის I ნახევარში სოფლის შემოგარენში მოხდა დიდი შეტაკება ოსებსა და მთიულებს შორის. მოსახლეობა ამ ადგილს „სისხლის ტბას“ უწოდებს.
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
მუზეუმი ფუნქციონირებს 1951 წლიდან. პროფილი – ისტორიული. ექსპონატების რაოდენობა – 3957. მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა. მისამართი: 2500, თიანეთი, რუსთაველის ქ. 17, ტელ: (+995 348) 291247
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.
კალოუბნის წმ. გიორგის ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
კალოუბნის ეკლესია დარბაზულია (4,51X2,72 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. დასავლეთით მასზე მიდგმულია კოშკისებრი ორსართულიანი ნაგებობა, რომლის ცილინდრული კამარით გადახურული პირველი სართული ეკლესიის კარიბჭის როლს ასრულებს. მინაშენს სამხრეთიდან აქვს შესასვლელი. პირველი სართულის ჩრდილოეთ ნაწილში მეორე საეთულზე (სამრეკლოზე) ასასვლელი სწორკუთხა ხვრელობია.
კარსანის წმინდა ნინოს ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - მცხეთის რაიონი)
წმ. ნინოს ეკლესია დგას მთა ქართლის განაპირას, ჩრდილოეთით. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანით. ეკლესიას პირვანდელი სახე შეცვლილი აქვს. ეკლესია დარბაზულია (7,75 X 7,45 მ). ნაგებია დიდი ზომის ქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აფსიდი ნახევარელიეფური ფორმისაა. აფსიდში სამი ნიშია, ერთი - ჩრდილოეთით, ორი - სამხრეთით. აღმოსავლეთ კედელში ერთი სარკმელია (გადაკეთებულია), ხოლო სამხრეთისაში - ორი. დარბაზი კამარითაა გადახურული. ეკლესიის კედლები შიგნიდან შელესილია (შელესილობა გვიანდელია). ეკლესიის ცოკოლი ნაგებია ნატეხი ქვით, ლავგარდანი - სწორკუთხა ფილებით.
კვირიკეს მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - დუშეთის რაიონი)
კვირიკეს კომპლექსის მთავარი ნაგებობა - სამეკლესიანი ბაზილიკა IX-X სს-ით თარიღდება. მისი ამჟამინდელი სახე მრავალგზის გადაკეთების შედეგად არის ჩამოყალიბებული. დღესდღეობით, ახლო–მახლო მცხოვრები მოსახლეობა ამ ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულს აღნიშნავს.