ახალგორის რაიონი (გვერდი 1/2)
არჩილის მონასტერი
მონასტერი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი VIII საუკუნის ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია ქართლის ერისმთავრის არჩილ სტეფანოზის ძის (719–745 წწ.) საფლავად. მოგვიანებით, როგორც ჩანს, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო–აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთ კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთი კედლის ხაზზე მდებარეობს და სამხრეთ–დასავლეთი კუთხით თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილო–აღმოსვლეთ კუთხეს ებჯინება. XVII-XVIII საუკუნეებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო მეორე ეკლესიის –სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი
ბოდოჯის სასახლის ნანგრევები
ისტორიული ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
თიანეთის ჩრდილოეთით შემაღლებულ ადგილზე შემორჩენილია XI ს-ის ხუროთმოძღვრული ძეგლის - ბოდოჯის სასახლის ნანგრევები. ბოდოჯის სასახლე ეკოთვნოდა კახეთის მეფე კვირიკე III-ს. საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლის დროს ბაგრატ IV–მ დაატყვევა კახეთ-ჰერეთის ერისთავები, გადავიდა თიანეთში და გადაწვა ბოდოჯის დარბაზი. ამჟამად შემორჩენილია კოშკისა და ეკლესიის ნანგრევები.
ბოჭორმას ციხე
ციხე-კოშკი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
ბოჭორმის ციხე მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში უჯარმის შემდეგ, იგი აგრეთვე კახეთის პოლიტიკური ცენტრიც იყო. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი – ბოჭორმა. ცნობილი არაა ციხის აგების თარიღი. პირველად ციხე იხსენიება X საუკუნის დასაწყისში.
დულუზაურების კვირიას ეკლესია
ეკლესია (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
კვირიას ეკლესია დარბაზულია (9,3X5,1 მ), დგას კომპლექსის ჩრდილო-აღმოსავლეთ მონაკვეთში. ნაგებია სხვადასხვა ზომისა და ფორმის შირიმის ქვით. წყობის უმეტესი ნაწილი მოზრდილი ზომის, სუფთად დამუშავებული სწორკუთხა ქვებითაა ამოყვანილი. ქვების ნაწილი წვრილია (შემთხვევითი ფორმისა), რის გამოც ფასადებზე წყობის რიგების სწორხაზოვნება ნაწილობრივაა დაცული. ძლიერ დაზიანებულია: ჩამოშლილია სახურავის საფარი, განივი ფასადების ზედა ნაწილები და ლავგარდანი, ჩამოცვენილია საპირე წყობის ნაწილი. ძეგლს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან, 1,5 მ სიმაღლეზე, მიწა აქვს მიყრილი.
თიანეთის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი
მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
მუზეუმი ფუნქციონირებს 1951 წლიდან. პროფილი – ისტორიული. ექსპონატების რაოდენობა – 3957. მუზეუმში დაცულია თიანეთის რაიონისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არქეოლოგიური ექსპედიციებისა და შემთხვევითი აღმოჩენების შედეგად მოპოვებული მასალები ადრე ბრინჯაოს ხანიდან გვიან შუასაუკუნეებამდე, ეთნოგრაფიული ყოფის ამსახველი მასალები, საეკლესიო დანიშნულების ნივთები, ოთხთავის ხელნაწერი და ნაბეჭდი გამოცემები, ქსოვილების ნიმუშები (აღმ. საქართველოს მთიანეთის XIX ს-ის ფარდაგები, ხევსურული ხალხური სამოსელი და აქსესუარები), შუა საუკუნეების კერამიკული ჭურჭელი და სხვა. მისამართი: 2500, თიანეთი, რუსთაველის ქ. 17, ტელ: (+995 348) 291247
თრუსოს ტრავერტინების ბუნების ძეგლი
ბუნების ძეგლი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
თრუსოს ხეობაში - კავკასიონის ჩრდილო ფერდობის ერთ-ერთ გასწვრივ ტექტონიკურ-ეროზიულ ქვაბულში - ბევრგანა არის წყაროების მიერ დალექილი კიროვანი ტრავერტინების დანაგროვები. ისინი მეტწილად დაკავშირებულია კარბონატულ წყებასთან. ტრავერტინების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და თვალწარმტაცი ადგილსამყოფელი კასრისხევის ვიწრობის ზემოთაა, თერგის მარჯვენა ნაპირზე. აქ ბლომადაა ინტენსიური განვითარების პროცესში მყოფი, წყლის მიერ მოდელირებული ტრავერტინული „მინდვრები“. გამჭირვალე წყალი თხელ ფენად ეფინება ამ თვალისმომჭრელ თეთრ ზედაპირს და აჩენს უამრავ მოკამკამე პატარა გუბეს.
პოეტ მირზა გელოვანის სახლ-მუზეუმი
მუზეუმი (მცხეთა-მთიანეთი - თიანეთის რაიონი)
მემორიალური მუზეუმი დაფუძნდა 1983 წელს. ექსპონატთა რაოდენობა: 1584. მუზეუმში დაცულია ცნობილი ქართველი პოეტის მირზა გელოვანის (1917-1944 წწ.) ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან დაკავშირებული მემორიალური ნივთები, მე-19 და მე-20 საუკუნის დასაწყისის ეთნოგრაფიული ხასიათის მასალები, პოეტის კრებულების სხვადასხვა პერიოდის გამოცემები, ფოტო, დოკუმენტური მასალები და სხვ. მისამართი: თიანეთი, ვაჟა-ფშაველას ქ.35, ტელ: (+995 348) 291197, +995 599 425321